“საქართველოს კეთილდღეობისთვის დღეს ჰაერივით საჭიროა ერთიანობა და სიმტკიცე, შემწყნარებლობა და მიმტევებლობა, ნებისმიერ პარტიულზე მაღლა ეროვნული ინტერესების დაყენება.”

საინტერესო და მნიშვნელოვან დოკუმენტს ვიხსენებთ “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში.” ესაა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიმართვა სრულიად საქართველოს. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ უკვე არჩეულია ზვიად გამსახურდია, 1990 წლის ნოემბერია. უზენაესმა საბჭომ ყველას( საქართველოს მოსახლეობას, ეთნიკურ უმცირესობებს, პოლიტიკურ ძალებს) ერთიანობისკენ, მიმტევებლობისკენ, წარსულზე ამაღლებისკენ მოუწოდა.

2

“ერისა და პიროვნების სრული თავისუფლების დამკვიდრება ყოველი ჩვენგანის სანუკვარი მიზანია. მაგრამ აღნიშნული მიზნის მიღწევა შეუძლებელია ეროვნული თანხმობის, ურთიერთთანადგომისა და ურთიერთპატივისცემის გარეშე.

საქართველოს კეთილდღეობისთვის დღეს ჰაერივით საჭიროა ერთიანობა და სიმტკიცე, შემწყნარებლობა და მიმტევებლობა, ნებისმიერ პარტიულზე მაღლა ეროვნული ინტერესების დაყენება.

ჩვენ, პარლამენტში არჩეული სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, საჯაროდ ვაცხადებთ, რომ განუხრელად ვიხელმძღვანელებთ საერთოეროვნული და არა ლოკალურ – პარტიული მოტივებით. ამგვარივე მოწოდებით მივმართავთ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას.

ამჟამად, დამოუკიდებლობის გზაზე მდგომ საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს შუღლისა და ურთიერთდაპირისპირების რამდენადმე სერიოზული მიზეზი. საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაციის შეუქცევადი პროცესი სრულად უზრუნველყოფს პიროვნების უფლებათა ხელშეუხებლობას, ყველა სოციალური ფენის ინტერესთა დაცვას და ეროვნულ უმცირესობათა ყოველმხრივ განავითარებას.

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია ნათელყოფს, რომ ჩვენში არასდროს შელახულა ამა თუ იმ ეროვნების ინტერესები. ამჟამადაც გარანტირებულია მათი შეუვალობის ყველა პირობა, მათ შორის ავტონომიურ უფლებათა აღიარება და პატივისცემა.

თანამემამულენო!

საქართველოს უზენაეს საბჭო მიმართავს ყველას, ვისაც გულწრფელად აფიქრებს სამშობლოს ბედი, დადგეს ეროვნული შერიგების პოზიციაზე. მხოლოდ მტკიცე თანხმობა და ერთიანობა იხსნის საქართველოს, მიგვიყვანს ჭეშარიტ დამოუკიდებლობამდე. ძმათა შორის შუღლის ჩამოგდება ახალი ღალატის ტოლფასია. ერთიანი საქართველო უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის უპირველესი საზრუნავი. ამ ერთიანობის მისაღწევად წმინდა ილია მართალმა თავის დროზე ნათელმხილველის კეთილგონიერებით მოგვიწოდა:

„მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი

ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს.“

დაე, ჩვენც, ახლანდელ ქართველობას, გვიღვიოდეს სურვილი წარსულზე ამაღლებისა, თვისტომის სიყვარულისა და უფლის ერთგულებისა.

ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარევლი.”

1990