ტეგები

,


საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ( თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია) 1990 წლის 22 ნოემბერს განცხადებით მიმართა  საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს და  აუწყა, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკა უარს ამბობდა კრემლის შეთავაზებაზე – განეხილა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება და შეერთებოდა მას. „დამოუკიდებლობის გაკვეთილებში“ გაეცანით უზენაესი საბჭოს ამ განცხადებას.

“უარს ამბობს რა ნებსმიერ ხელშეკრულებაში მონაწილეობაზე, რომელიც ითვალისწინებს „საკავშირო ორგანოსადმი“ დაქვემდებარების მინიმალურ ვერტიკალურ სტრუქტურასაც კი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მზად არის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის თანასწორუფლებიანი ურთიერთობების  საფუძველზე, რაც ასეთი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილდღეობამდე მიგვიყვანს.”

kavsh

“იმსჯელა, რა „ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების კონცეფციაზე,“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს საჭიროდ მიაჩნია განაცხადოს შემდეგი:

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 14 ნოემბერს ერთხმად მიიღო კანონი გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ. კანონი ადასტურებს, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახით აღდგენილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, 1921 წლის თებერვალ-მარტში, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის გზით იქნა წართმეული.

გამომდინარე ჩამოყალიბებული პოლიტიკური,  ეკონომიკური და სამართლებრივი სტრუქტურებიდან, საქართველოს რესპუბლიკა ფაქტობრივად რჩება სსრ კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ აღნიშნული სტრუქტურების რეორგანიზაციის გზით ესწრაფვის  სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

ამ პირობებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო შესაძლებლად არ თვლის ხელი მოაწეროს ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას და ამით თავის თავზე აიღოს რაიმე ვალდებულება.

მხოლოდ  როცა მოიპოვებს ნამდვილ დამოუკიდებლობას, მხოლოდ როცა გახდება სახელმწიფო ცხოვრების პოლიტიკურ და სხვა სფეროებში ჭეშმარიტად თავისი ბედის ბატონ-პატრონი და საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ქართველმა ხალხმა შეიძლება აღჭურვოს რწმუნებით –  ხელი მოაწეროს რაიმე ხელშეკრულებას  ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, რომელიც დაადგენს სახელმწიფოთა კავშირის ამა თუ იმ ფორმას.

ასეთი მიდგომა არ ნიშნავს  უარის თქმას ეკონომიკურ, მეცნიერულ-ტექნიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში ამა თუ იმ ქვეყანასთან თანამშრომლობის ნებისმიერ ფორმაზე, რომელთა უმრავლესობასთანაც საქართველოს კავშირი აქვს საუკუნეების განმავლობაში და დღესაც ნაყოფიერად თანამშრომლობს. ცხადია, რომ ახალ პოლიტიკურ პირობებში ეს თანამშრომლობა უნდა ეყრდნობოდეს თვისებრივად ახალ სამართლებრივ ბაზისს, რომელიც ითვალისწინებს სრულ თანასწორუფლებიანობასა და ურთიერთსარგებლიანობას.

უარს ამბობს რა ნებსმიერ ხელშეკრულებაში მონაწილეობაზე, რომელიც ითვალისწინებს „საკავშირო ორგანოსადმი“ დაქვემდებარების მინიმალურ ვერტიკალურ სტრუქტურასაც კი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მზად არის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის თანასწორუფლებიანი ურთიერთობების  საფუძველზე, რაც ასეთი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილდღეობამდე მიგვიყვანს.

ყოველივე ზემოთქმული საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს საფუძველს აძლევს ამ ეტაპზე უარი თქვას ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების კონცეფციის დეტალურად განხილვაზე, რამდენადაც მისი ნებისმიერი ფორმა მიუღებელია საქართველოს რესპუბლიკისათვის, რომელიც ჯერ მხოლოდ სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევის გზაზე გარდამავალი პერიოდის დასაწყისში იმყოფება.

ეს განცხადება მოწონებული და  მიღებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 22 ნოემბრის სხდომაზე.”

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია