“მკვეთრად გაუარესდა ხორცისა დ რძის პროდუქტებით, ბოსტნეულით, ხილითა და კარტოფილით, სურსათის სხვა სახეობებით მოსახლეობის უზრუნველყოფა. მოშლილია სამრეწველო საქონლის ბაზარიც, შეუჩერებლად იზრდება ფასები, მატულობს ინფლაციის ტემპი… გაკოტრების პირასაა მისული სამრეწველო და სამშენებლო, ეკონომიკის სხვა დარგების საწარმოთა და ორგანიზაციათა მნიშვნელოვანი ნაწილი..” – ეს სიტყვები 1990 წლის ზამთრისპირს თქვა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ თენგიზ სიგუამ – უზენაესი საბჭოს წინაშე გამოსვლისას. მისი ამ გამოსვლის  ტექსტს გთავაზობთ “დამოუკიდებლობის გაკვეთილვბში” და შეგახსნებეთ, რომ უზენაესი საბჭოს არჩევნებში “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” გამარჯვების შემდეგ, მთავრობის მეთაურობა, სწორედ, თენგიზ სიგუას დაეკისრა. ( მანამდე სიგუა იყო ცენტრალური საარჩევმო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და  წარმოადგენდა “სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებას”)

გაიხსენეთ, როგორ იწყებოდა ჩვენი დამოუკიდებლობა, რა უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს გვიტოვებდა წარმავალი საბჭოთა კავშირი. გაეცანით მინისტრთა საბჭოს ახლადდამტკიცებული თავმჯდომარის თენგიზ სიგუას გამოსვლას უზენაესი საბჭოს წინაშე. იმ მომენტში მისი, როგროც მთავრობის მეთაურის, დაპირება ასე ჟღერდა: “ამ ბლოკს ( იგულისხმება მრგვალი მაგიდა -თავისუფალი საქართველო) აქვს აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის ვრცელი პლატფორმა, რომლის ხორცშესხმა რესპუბლიკის ახალი მთავრობის უპირველესი სისხლხორცეული ამოცანაა.”

tengo

“მკვეთრად გამოიკვეთა წარმოების შეკვეცისა და შრომის ნაყოფიერების დაქვეითების საშიში ტენდენცია. შარშან მნიშვნელოვნად დაეცა სამრეწველო და სასოფლო – სამეურნეო პროდუქციის, ეროვნული შემოსავლის წარმოების დონე. ოფიციალური სტატისტიკით, წლეულს ეს კრიზისული მოვლენა კიდევ უფრო გაღრმავდება. წლევნადელ 9 თვეში შარშანდელთან შედარებით ეროვნული შემოსავლის წარმოება თითქმის 5 პროცენტით და სამრეწველო – 6 პროცენტით შემცირდა. ხოლო საზოგადოებრივი შრომის ნაყოფიერება 3 პროცენტით დაეცა.

აშკარად დაეტყო რეგრესი მეცხოველეობას, სადაც გრძელდება საქონლის და ფრინველის სულადობის შემცირება, მკვეთრად გაუარესდა ხორცისა დ რძის პროდუქტებით, ბოსტნეულით, ხილითა და კარტოფილით, სურსათის სხვა სახეობებით მოსახლეობის უზრუნველყოფა. მოშლილია სამრეწველო საქონლის ბაზარიც, შეუჩერებლად იზრდება ფასები, მატულობს ინფლაციის ტემპი. არსებული შეფასებით მოსახლეობის ხელთ არსებული ფულადი რესურსები, თითქმის, 3-4 ჯერ აღემატება რესპუბლიკის წლევანდელ სახელმწიფო ბიუჯეტს, 1.5 ჯერ და მეტად – წლიურ ეროვნულ შემოსავალს. გაკოტრების პირასაა მისული სამრეწველო და სამშენებლო, ეკონომიკის სხვა დარგების საწარმოთა და ორგანიზაციათა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა ვადაგადაცილებულმა დავალიანებამ 3,2 მილიარდ მანეთს მიაღწია და შარშანდელ შესაბამის მაჩვენებლს მკვეთრად გადააჭარბა.

siguaეს პროცესი იმდენად  საზოგადოებრივ -პოლიტიკური ვითარების დაძაბულობის შედეგი კი არ არის, რამდენადაც დღემდე არსებული საბჭოთა ეკონომიკური სისტემის შინაგანი უუნარონისა..ჩვენს სიძნელეებს მარტო ათწლეულობით მიზანდასახული მეურნეობის სტრუქტურის დეფორმირება როდი განაპირობებს; განუზომელია დანაკარგები, რომლებიც მსოფლიოს ბაზრისგან მოწყვეტამ მოგვაყენა საკუთარი სანედლეულო რესურსების – მანგანუმისა და ფერადი ლითონების, საკურორტო – ტურისტული მეურნეობისთვის უნიკალური პირობების საბჭოთა კავშირის შიგნით არაეფექტურად გამოყენების გამო. იგივე შეიძლება ითქვას შავი ზღვის ათვისების, ნაოსნობის რესპუბლიკის ინტერესების შეუსაბამოდ  განვითარების შესახებ.

ცხადია, რომ, სანამ საქართველოს ეკონომიკა ამ სტრუქტურებიდან თავის დაღწევას ვერ შეძლებს, რუსეთისა და სხვა რესპუბლიკების ჩავარდნები, რასაც ამჟამად აქვს ადგილი, საქართველოს ეკონომიკას წინსვლის საშუალებას არ მისცემს. როცა ამ ამოცანას გადავჭრით, მაშინ ჩვენს პოლიტიკურ მიღწევებს საიმედო და მყარი ეკონომიკური ფუნდამენტი ექნება.

საქართველის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა უმრავლესობას, პოლიტიკური პარტიების და ორგანიზაციების ბლოკის „მრგვალი მაგიდა  – თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები შეადგენენ. ამ ბლოკს აქვს აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის ვრცელი პლატფორმა, რომლის ხორცშესხმა რესპუბლიკის ახალი მთავრობის უპირველესი სისხლხორცეული ამოცანაა.

ამასთან უნდა ითქვას, რომ საქართველოში უკანასკნელი წლების მანძილზე  აშკარად შეიმჩნეოდა ეკონომიკური აზროვნების აღორძინება, ვფირობ კონკრეტული ეკონომიკური ამოცანების გადასაწყვეტად  ბევრი რამის გამოყენებას  შევძლებთ სხვა პარტიების პროგრამებიდან…

ამასთან, მხედველობაში გვაქვს, რომ საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის არსი იმით კი არ გამოიხატება  თუ როგორი შემოტანა – გატანის სალდო გვაქვს რუსეთთან და სხვა სახელმწიფოებთან, არამედ უფრო მეტად იმით, თუ რამდენად შეგვიძლია შევცვალოთ მათთან ჩამოყალიბებული სამეურნეო კავშირები.. ეკონომიკური თუ პოლიტიკური, გნებავთ მორალური ხასიათის ფაქტორებთან დაკავშიებით.

დღესღეობით ჩვენი კონომიკა მეტად კრიზისულ ვითარებაშია, საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გასავლის ნაწილის მოთხოვნილება, შემოსავლების დღევანდელი წყაროებით სანახევროდაც კი არ კმაყოფილდება და დეფიციტი 4 მილიარდ მანეთს აჭარბებს.

ამგვარი ვითარება მნიშვნელოვანწილად იმიტომ შეიქმნა, რომ სსრ კავშირის მთავრობამ ეკონომიკურ სიძნელეთა უმეტესი ნაწილის რესპუბლიკებისთვის გადაკისრება მოისურვა. მარცვლეულის, მეცხოველეობის პროდუქტების შესასყიდი ფასების გადიდებასთან ერთად ფასთა სხვაობის დაფარვა საკავშირო ბიუჯეტის ნაცვლად რესპუბლიკებზე იქნა გადატანილი, ასევე გაიზარდა ხარჯები პენსიების მომატებასთან დაკავშირებით და ა.შ

ამგვარი და სხვა ღონისძიებებით კიდევ უფრო გაძლიერდა  დამოუკიდებლობისკენ მსწრაფი რესპუბლიკების სიძნელეები.

ასეთ ვითარებაში, საქართველოს ახალ მთავრობას პერსპექტიული და სტრატეგიული ეკონომიკური პლატფორმის ხორცშესხმისთვის მზადების პარალელურად მოუწევს საგანგებო ზომების გატარება – გარდამავალ პერიოდში ეკონომიკის უწყვეტი ფუნქციონირებისთვის,  მისი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების მიზნით, რაც  გულისხმობს მოსახლეობის სასურსათო და სახალხო მეურნეობის რესურსებით, პირველ რიგში სათბობითა და ენერგეტიკით უზრუნველყოფას.  ცენტრალიზებული განაწილების მინიმუმამდე შეზღუდვისა და პირდაპირ კავშირებზე გადასვლის პერიოდში, როცა ინფლაციის სწრაფი ტემპის პირობებში საბჭოთა ფული დღითი დღე უფასურდება, ხოლო რესპუბლიკის სავალუტო ხარჯები მეტად უმნიშვნელოა, ძალზედ რთული ამოცანაა.

მაგრამ ეს იმას არ  ნიშნავს, რომ ჩვენი საქმე ხელიდან წასულია და ცენტრს შეუძლია შიმშილით და სიცივით  გვაიძულოს უკან დავიხიოთ ჩვენი მიზნებისგან. საქმე ის გახლავთ, რომ , როგორც ჩვენ ვართ მიბმული რუსეთის ეკონომიკაზე, ისე რუსეთის ეკონომიკაც არის ჩვენზე დამოკიდებული. თუ იგი უარს გვეტყვის ენერგეტიკული და სანედლეულო რესურსების მოწოდებაზე, თვითონაც იძულებული იქნება ეძებოს თავისი გადამუმაშავებელი მრეწველობის, არცთუ ისე  მაღალხარისხოვანი პროდუქციის გასაღების ბაზარი და გამოძებნოს სავალუტი რესურსები ჩვენი ღვინის, ჩაის, ხილ-ბოსტნეულის, ციტრუსის, კონსერვენისა და სხვათა  ნაცვლად, ამ პროდუქციის სხვაგან შეძენისთვის. ამიტომ ჩვენცა და ისინიც  იძულებულნი ვართ შევინარჩუნოთ არსებული სამეურენეო კავშირები, თუმცა საჭიროა ამ კავშირების ალტერნატივები მოვძებნოთ და რაც შეიძლება სწრაფად.

ამგვარად, 1991 წლისთვის ჩვენ ცენტრთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე უნდა წავიდეთ. არ არის გამორიცხული, რომ ამ თანამშრომლობას ქონდეს ერთიანი გეგმის ან რაც უფრო სასურველია, სამეურნეო შეთანხმების სახე.

თენგიზ სიგუა.1990