საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ( ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით) გარდამავალი პერიოდი გამოაცხადა. ეს 1990 წლის ნოემბერში მოხდა.

უზენაესმა საბჭომ მიიღო  კანონი “საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ.” ამ პერიოდში უნდა ჩაყროდა საფუძველი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, ეს უნდა ყოფილიყო ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი უდიდესი ისტორიული აქტისთვის.

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში”  ვაქვეყნებთ არასრულ ტექსტს, რომელიც გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ჩაიწერა. უზენაეს საბჭოს უკვე მიღებული ჰქონდა კანონი საქართველოს სსრ-ს სახელწოდების შეცვლის შესახებ და საქართველოს უკვე  საქართველოს რესპუბლიკა ეწოდებოდა.  მიღებული იყო კანონები საქართველოს სახელმწიფო ჰიმნისა და სახელმწიფო დროშის შესახებ. საქართველო საბჭოთა სიმბოლოებს ემშვიდობებოდა. უზენაესი საბჭო თანხნდებოდა, რომ ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე საქართველოს არსებული კონსტიტუცია ( საბჭოთა კონსტიტუცია) სათანადო ცვლილებებითა და დამატებებით იმოქმედებდა გარდამავალი პერიოდის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც საქართველოს რესპუბლიკის დროებითი ძირითადი კანონი.

resp

 

garda

 

„შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ კონსტიტუციაში ( ძირითად კანონში) შემდეგი ცვლილებები:

  1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს,  19-ე საუკუნის დასაწყისში დაკარგულ იქნა უცხო ძალის ჩარევის შედეგად,

ქართველი ხალხი არასდროს შეგუებია სახელმწიფოებრიობის დაკარგვას.

1917 წლის თებერვალში დაემხო რუსეთის იმპერია, რამაც ქართველ ხალხს შესაძლებლობა მისცა 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდეგინა საუკუნეზე მეტი ხნის წინ რუსეთის თვითმპყრობელობის მიერ გაუქმებული სახელმწიფოებრიობა.

ქართველმა ერმა თავისი პოლიტიკური ნება განახორციელა 1919 წლის 12 მარტს, როდესაც დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე ქვეყნისა და ისტორიის წინაშე ცნო და დაადასტურა ადრე მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, შემდეგ კი 1921 წლის 21  თებერვალს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.

1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.

საბჭოთა კავშირის შემადენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით ( განსაკუთრებით 1924, 1936-38, 1949-51, 1956 წლებში), რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ამ მოვლენამ თავისებურად ახალ ეტაპზე აიყვანა საქართველოს ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობა. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა. ამით დაიწყო ახალი ხანა, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის  აღდგენით.

ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე საქართველოს არსებული კონსტიტუცია სათანადო ცვლილებებითა და დამატებებით იმოქმედებს გარდამავალი პერიოდის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც საქართველოს რესპუბლიკის დროებითი ძირითადი კანონი.

kon

68 ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

საქართველოს რესპუბლიკა არის სუვერენული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრე სახელმწიფო. იგი ძალადობით არის შეყვანილი სსრ კავშირის შემადგენლობაში. ამ რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკა მხოლოდ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში იძულებულია უზრუნველყოს სსრ კავშირისათვის მისი სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების სახით უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია სსრ კავშირის კონსტიტუციის 73-ე მუხლით, გარდა ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.

ზემოთ აღნიშნულ ფარგლებს გარეთ საქართველოს  რესპუბლიკა დამოუკიდებლად  ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას თავის ტერიტორიაზე…

მუხლი 28

საქართველოს რესუბლიკა საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის პრინციებითა და საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით

საქართველოს რესპუბლიკაში ომის პროპაგანდა აკრძალულია.

ეს კანონი ძალაშია მიღებისთანავე”

საქართველოს რესპუბლიკის უზენასი საბჭოს თავმჯდოამრე ზვიად გამსახურდია