ტეგები

, ,


გადავშალოთ საქართველოს ახლო წარსულის მივიწყებული და ძალიან საინტერესო კიდევ ერთი ფურცელი, ეს 1990 წლის ნოემბერში მოხდა.

საქართველოს ახლადარჩეულმა უზენაესმა საბჭომ (თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია) ევროპის სახელმწიფოების ლიდერებს მიმართა: “1921 წელს განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის შედეგად ოკუპირებულმა და ფაქტობრივად ანექსირებულმა საქართველომ, პირველად 70 წლის მანძილზე, დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნების საფუძველზე მოიპოვა შესაძლებლობა აერჩია ის გზა, რომელმაც იგი ევროპის ხალხების ოჯახში უნდა დააბრუნოს. ეს იქნება რთული, წინააღმდეგობებით აღვსილი გზა..”

ეს იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიმართვა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილე ქვეყნების მთავრობათა მეთაურების პარიზის კონფერენციისადმი.”დამოუკიდებლობის გაკვეთილები” გთავაზობთ ამ ძალიან საინტერესო მიმართვის სრულ ტექსტს.

hel

 

სიმბოლურია, რომ პროგრესული ძალები და ცალკეული ადამიანები, რომლებიც საკუთარი კეთილდღეობის, ხშირად თავისუფლების დაკარგვის, სიცოცხლის ფასადაც კი იღვწოდნენ თავიანთ ქვეყნებში ჰელსინკის იდეებისა და პრინციპების დამკვიდრებისა და განხორციელებისათვის, დღე უკვე ოპოზიციას აღარ წარმოადგენენ, უფრო მეტიც – თავისი ხალხის თავისუფლად  გამოხატული ნების შესაბამისად, უზენაეს  ხელისუფლებას განასახიერებენ და საერთაშორისო აღიარებით სარგებლობენ.

1921 წელს განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის შედეგად ოკუპირებულმა და ფაქტობრივად ანექსირებულმა საქართველომ, პირველად 70 წლის მანძილზე, დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნების საფუძველზე მოიპოვა შესაძლებლობა აერჩია ის გზა, რომელმაც იგი ევროპის ხალხების ოჯახში უნდა დააბრუნოს. ეს იქნება რთული, წინააღმდეგობებით აღვსილი გზა და საქართველოს უზენაეს საბჭოს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ რესპუბლიკის ლტოლვა სრული დამოუკიდებლობისკენ არ უნდა იქცეს ევროპაში სტაბილურობის დარღვევის ფაქტორად, უფრო მეტიც,  საქართველომ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს რეგიონალურ დონეზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და თანამშრომლობის განვითარებაში, რაც საბოლოო ჯამში ევროპული ინტეგრაციის პროცესებს წაადგება.

დიდია პასუხისმგებლობა, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ხალხების მომავლის გადაწყვეტისთვის ეკისრებათ პარიზის კონფერენციის  მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს. პარიზში მიღებული ყოველი გადაწყვეტილება მიმდინარე ცვლილებების  რეალურად აღქმის სულისკვეთებით უნდა იყოს აღსავსე, ვინაიდან დადგა ის დღე, როდესაც იზრდება ჰელსინკის პროცესში მონაწილეობის პრეტენდენტთა რიცხვი. სწორედ ამ დროს წამოიწია  წინა პლანზე კონსენსუსის ფუძემდებლური პრინციპები, რომელმაც ჰელსინკის პროცესში ახალი საერთაშორისო სამართალსუბიექტების ჩართვა და შესაბამისად მისი თვისებრივად ახალ დონეზე აყვანა უმტკივნეულოდ უნდა უზრუნვლეყოს.

მშვიდობიანი გზთ გერმანიის გაერთიანება დღეს უკვე  რეალობად ქცეულმა ფაქტმა ნათელყო, ხოლო ჰელსინკის თათბირის საბოლოო აქტში 1975 წელს ჩადებული დებულება – მოლაპარაკების გზით ევროპის სახელმწიფოთა საზღვრების შეცვლა – განხორციელებადი პროცესია.

ევროპის სახელმწიფთა შორის საზღვრების გადასინჯვის პროცესი არ დამთავრებულა. ამის თვალნათლივი  მაგალითია ჯერაც სსრკ კავშირში შემავალი, წარსულში ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის მქონე საქართველოსა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკათა ბუნებრივი, სამართლიანი სწრაფვა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენისკენ.

თვით ჰელსინკის პროცესის სულისკვეთება – ევროპის ხალხთა თანასწორუფლებიანი, უსაფრთხო თანაარსებობა – ავალებს პარიზის კონფერენციას  და მონაწილე ქვეყნების მთავრობებს ისეთივე გულისხმიერება გამოიჩინონ საქართველოს სწრაფვისადმი თავისუფლებისკენ, როგორსაც იჩენდნენ გერმანიის გაერთიანების პროცესისადმი.

ჰელსინკის თათბირის საბოლოო აქტი ავალებს პარიზის კონფერენციის მონაწილე ქვეყნებს იზრუნონ არა მხოლოდ ადამიანის  უფლებათა დაცვისათვის, არამდე ერთა თვითგამორკვევისა და  თანასწორობისთვისაც: „მონაწილე ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ერთა თანასწორობასა და მათ უფლებას საკუთარი ბედის განმგებლობისას, მათ გამუდმებით უნდა იმოქედონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებსა და მიზნების შესაბამისად.”

fotoდღევანდელი გადასახედიდან რამდენადმე წინასწარმეტყველურად zviaჟღერს 1975 წელს ჰელსინკში გამოთქმული აზრი: ისტორია ამ თათბირის შესახებ განსჯის არა იმით, თუ რას ვამბობთ  დღეს, არამედ იმით, თუ რას გავაკეთებთ ხვალ. არა იმ დაპირებებით, რომლებსაც ჩვენ ვიძლევით, არამედ იმ დაპირებებით, რომლებსაც შევასრულებთ, ეს სიტყვები დღესაც აქტულუარია, რამეთუ ისტორიამ მართლაც  ყველას თავისი ადგილი მიუჩინა, მაგრამ მრავალმხრივი პროცესი გრძელდება და მომავალი თაობებიც თავის განაჩენს გამოიტანენ.

იმედს გამოვთქვამთ, რომ პარიზის კონფერენცია და ჰელსინკის პროცესის მონაწილე ქვეყნები რეალურად შეაფასებენ საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში მიმდინარე  მოვლენებს – წარსულში  დემოკრატიული ქვეყნების ხალხთა სამართლიან სწრაფვას სახელმწიფოებრობის აღდგენისკენ  და ინტეგრაციის ხელოვნური, უსწორო  ეტაპებით არ შეაფერხებენ გლობალური ევროინტეგრაციისა და საბოლოო სტაბილიზაციის პროცესს.”

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. 1990 წლის ნოემბერი.