ტეგები


საბჭოთა საქართველოში  ჯერ კიდევ გივი გუმბარიძის  ხელისუფლება იყო, როცა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დეპუტატთა საბჭოს სესიამ ( მას 137 დეპუტატიდან 95 არ დასწრებია) მიიღო დეკლარაცია სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებელ, მოკავშირე რესპუბლიკად” გამოცხადების შესახებ.  ეს 1990 წლის 20 სექტემბერს მოხდა.  საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა ცხინვალში მიღებული გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურად და ბათილად გამოაცხადა, მიუხედავად ამისა, 1990 წლის 16 ოქტომბერს, ცხინვალში ჩატარდა ავტონომიური ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესია, რომელმაც დაადასტურა  წინა გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება –  სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ. ეს არჩევნები 1990 წლის 2 დეკემბერს დანიშნეს. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” შეგახსენებთ, თუ როგორ გამოეხმაურა ამ ფაქტს საქართველოს რესპუბლიკის ახლადარჩეული უზენაესი საბჭო ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით.  1990 წლის 22 ნოემბრის დადგენილებაში ჩაიწერა:

“საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ  ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრებ ყევლა ერის მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს, მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულეობა, სიფხიზლე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყევს საერთო დესტაბილიზაცია და უარესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები.

რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად.”

 

dadgenileba osi

“საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეინიშნება სეპარატისტული მოძრაობა, რომელიც ხელყოფს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ამის დამადასტურებელია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 20 სექტებრის დადგენილება ოლქის ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით გააუქმა სამხრეთ ოსეთის 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.

მიუხედავად ამისა ა.წ. 16 ოქტომბერს მოწვეულ იქნა ავტონომიური ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესია, რომელმაც დაადასტურა  თავისი წინა გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ: არჩევნები დაინიშნა 1990 წლის 2 დეკემბრისათვის.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

გაუქმდეს სამხერთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე.წ.  „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყევლა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისთვის  არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებს და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ  ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრებ ყევლა ერის მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს, მოწოდებით – გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულეობა, სიფხიზლე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყევს საერთო დესტაბილიზაცია და უარესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები.

რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად.”

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია.