ტეგები

,


1990 წლის 19 ოქტომბრის  თბილისის აეროპორტში ბევრი მივიდა 90 წელს გადაცილებული ქართველი გმირის ალექსანდრე სულხანიშვილის დასახვედრად. ის სამშობლოში 66 წლიანი დევნილობის შემდეგ ბრუნდებოდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის უკანასკნელ შეფიცულს ეღირსა მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმა, თუმცა კი არ დასცალდა ასე მონატრებულის მოსიყვარულება. 19 ოქტომბერს დაბრუნებული ნოემბრის დასაწყისში გარდაიცვალა.

„დამოუკიდებლობის გაკვეთილებში“ ვიხსენებთ 1990 – ის შემოდგომით  როგორ ელოდებოდნენ საქართველოში  ნამდვილი გმირის დაბრუნებას  და მერე,  როგორ გააცილეს ის უკანასკნელ გზაზე.

sulxan

აი , რას წერდნენ მაშინ მოქალაქეები გაზეთების რედაქციებს:

„ბატონო რედაქტორო!

შეუძლებელია ქართველმა ადამიანმა გულგრილად წაიკითხოს ბატონ ალექსანდრე სულხანიშვილის სასოწარკვეთილი სიტყვები: „ ნუთუ არავის გავახსენდები, რომ სამშობლოში დაბრუნებაში დამხმარებოდა! ოჰ, ერთი კიდევ დამადგმევინა სამშობლოს მოწაზე ფეხი, ერთხელ  კიდევ ჩამასუნთქა კახეთის ჰაერი და მერე რაც იქნებოდა, აღარ ვიდარდებდი.“

ამაზე ოცნებობს კაცი, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და კეთილდღეობისთვის და ამისთვის შეუწირავს მთელი თავისი ახალგაზრდობა და ცხოვრება. დადგა დრო, რომ მადლიერმა შთამომავლობამ გავუღოთ სახლისა და გულის კარები ბატონ ალექსანდრეს. მე პირადად მზად ვარ უყოყმანოდ, დიდი მადლიერების გრძნობით მოვიპატიჟო ის საცხოვრებლად ჩემს ბინაში.

ბატონო რედაქტორო! გთხოვთ მისწეროთ ბატონ ალექსანდრეს, რომ თბილისში არის ოჯახი – ჩემი ოჯახი, რომელიც გულღიად მიიღებს მას და გულის სითბოსა და მზრუნველობას არ მოაკლებს. გთხოვთ დაეხმაროთ ბატონ ალექსანდრე სულხანიშვილს თავის სანატრელ და საყვარელ სამშობლოში დაბრუნდეს.“

94 წლის მოხუცის ხანგრძლივი დევნილობა  დასრულდა, თუმცა მალევე ქართული პრესაში დაწერეს:

“ჩემი ძვლები ქართულ მიწაში უნდა ჩავყაროო, – თქვა 19 ოქტომბერს თბილისის აეროპორტში ალექსანდრე სულხანიშვილმა. სამწუხაროდ, მალე აუცხადდა ნათქვამი, კვირას, 11 ნოემბერს, ქართულმა მიწამ მიიბარა თავისი ტანჯული შვილის ნეშტი.

al

დემოკრატიული საქართველოს მთავრობის ყოფილ რეზიდენციაში – მოსწავლე- ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში, სადაც დასვენებული იყო ალექსანდრე სულხანიშვილის ცხედარი, შაბათს, 10 ნოემბერს, დილიდანვე უწყვეტ ნაკადად მოედინებოდნენ თბილისელები, მათთან ერთად სრულიად საქართველოს სხვადასხვა კუთხის მაცხოვრებლები, რათა უკანასკნელი პატივი მიეგოთ საქართველოს ღირსეული შვილისთვის.

განსვენებულის ხსოვნის პატივსაცემად აქ მოვიდნენ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ალექსანდრე სულხანიშვილის დამკრძალავი კომისიის წევრები ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით.

11 ნოემბერს ალექსაბდრე სულხანიშვილის ცხედარი გომბორის გზით წაასვენეს ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში. ანდერძად დაიბარა, მშობლიური სოფლის ეკლესიის გალავანში, საგვარეულო საძვალეში დამმარხეთო.

სიცივისა და უამინდობის მიუხედავად, რამდენიმე ათასმა თანამემამულემ მარადიულობისკენ მიმავალ გზაზე გააცილა სამშობლოსთვის თავდადებული მებრძოლი.

აწყურის  თეთრი გიორგის ეკლესიის ეზოში გამართულ სამგლოვიარო მიტინგზე გამოსულმა ორატორებმა – ზვიად გამსახურდიამ, აკაკი ასათიანმა, კონსტანტინე ჩოლოყაშვილმა და სხვებმა – დიდი სითბოთი ილაპარაკეს ჭეშმარიტი მამულიშვილის საინტერესო და ფათერაკებით აღსავსე ცხოვრებაზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის თავდადებასა და სიმამაცეზე, იმ ტრაგიკულ და გმირულ პერიოდზე, რომელიც ჩვენში კარგა ხანს უსამართლოდ იყო მივიწყებული.

კუბო სამარეში ეშვება.

ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღის ზალპით მხედრული პატივი მიაგეს საქართველოსთვის მებრძოლ რაინდს.”

sulxanალექსანდრე სულხანიშვილმა დაგვიტოვა ძალიან საინტერესო მოგონებები  – “მოგონებები შეფიცულთა რაზმზე” და მის წინასიტყვაობაში  დაწერა:

“საშინლად აღმაშფოთებელი იყო 1921 წლის დამარცხება, მაგრამ საჭირო იყო მოვალეობის მოხდა ისტორიის წინაშე. მტერმაც მოგვცა საამისო საბაბი. საქართველოს დაკავების დღიდანვე შეუდგნენ რუსები საუკეთესო მამულიშვილების დევნას, გადასახლებას, დახვრეტასა და ქვეყნის დაწიოკებას. ქართველ ერშიაც იმავე დღიდან დაიწყო ძალების შემოკრება, დარაზმვა და ბრძოლისათვის მზადება. ერთი ასეთი საშუალებათაგანი იყო პარტიზანული ბრძოლების გაჩაღება, არევ-დარევის შეტანა მტრის ბანაკში.

ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა პოლკოვნიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, რომელიც თავიდანვე გამოირჩეოდა ქართველ მხედრობაში თავისი მაღალი პატრიოტიზმითა და გმირული თვისებებით.

მე, როგორც ამ რაზმის ერთ-ერთმა წევრმა, გადავწყვტე ზოგიერთი ცნობების მიწოდება მომავალი თაობისათვის. მით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა ამას, რომ დღეს ამ წრიდან ბევრი აღარ არის ცოცხალი და არც არავის დაუწერია აქამდე რაიმე ამის შესახებ.

ამნაირად, ჩემი მოგონებები აგებულია ცოცხალ ფაქტებზე. ყველაფერი, რაც მე მინახავს, განმიცდია და რის მოწმეც ვიყავ პირველი დღიდან ბოლომდე, გადმოცემული მაქვს მიუდგომლად. შეიძლება ზოგი რამ გამომრჩა, ანდა დამავიწყდა, მაგრამ ჩვენი ბრძოლების მთავარი მოვლენები და ფაქტები სწორად მაქვს აღნიშნული. ამდენად, იმედი მაქვს, რომ ჩემი მოგონებები ზოგიერთ საყურადღებო მასალას მიაწვდის მკითხველს შეფიცულთა რაზმის მოქმედების გასაცნობად. ამ ბრძოლის დროს ჩვენ ვალში არ დავრჩენილვართ სამშობლოს წინაშე; გავაკეთეთ, რაც მძიმე პირობებში იყო შესაძლებელი, ამას შევწირეთ არა მარტო ჩვენი პირადი ცხოვრება, არამედ ჩვენი ოჯახებიც.

ამით მიგვინდვია ისტორიისათვის ჩვენი მოქმედების ავ-კარგის განსჯა, ხოლო მაღალმა ღმერთმა უწყის, რომ არ დაგვზარებია ჩვენი სიცოცხლის განწირვა სამშობლოსათვის.” ალექსანდრე სულხანიშვილი.