საქართველოში ისტორიული  დღე იყო 1990 წლის 28 ოქტომბერი.საბჭოთა კავშირი ისტორიას  ბარდებოდა, მაგრამ, ჯერ კიდევ საბჭოთა სინამდვილეში გამართულ  პირველ, მრავალპარტიულ, დემოკრატიულ არჩევნებში,  ზვიად გამსახურდიას გარშემო გაერთიანებულმა საარჩევნო ბლოკმა – “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო” – დამაჯერებლად დაამარცხა კომუნისტური პარტია. 1990 წლის 28 ოქტომბრიდან საქართველოში სხვა რეალობა დადგა. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” ვიხსენებთ სიტყვას, რომელიც  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ჟორდანიამ 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს პირველ სხდომაზე წარმოთქვა.  ჟორდანიამ ამ ძალიან საინტერესო არჩევნების მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ დასკვნა წარმოადგინა.

2

( 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები. ეროვნული ბიბლიოთეკის აქრივიდან)

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის – ირაკლი ჟორდანიას –  სიტყვა  1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს პირველ შეკრებაზე.

“აუცილებლად აღსანიშნავია ჩვენი პოლიტიკური კულტურის გარკვეულად დახვეწა, რაც იმით გამოიხატა, რომ პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად იბრძოდა მხოლოდ თერთმეტი პოლიტიკური ძალა და არა მრავალი ათეული.

თავდაპირველად რეგისტრაციაში გასატარებლად მოგვმართა ოცდათვრამეტმა პარტიამ, საბოლოოდ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხუთმა საარჩევნო ბლოკმა და ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ. ესენია: საარჩევნო ბლოკი „თავისუფლება,“,„საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია,“ „საქართველოს კომუნისტური პარტია,“ საარჩევნო ბლოკი „თანხმობა, მშვიდობა, აღორძინება,“ „საქართველოს სახალხო პარტია,“ „სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება,“ „სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირი,“ საარჩევბო ნლოკი „განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება,“ საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო,“ „საქართველოს სახალხო ფრონტი“ და საარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული საქართველო“.

საქართველოს ტერიტორია დაიყო 12 საარჩევნო ოლქად, შეიქმნა 3000 -მდე საარჩევნო უბანი, ისინი დაკომპლექტდნენ შესაბამისი საარჩევნო კომისიებით.

არჩევნებში მონაწილე თითოეული პარტიის და ბლოკის სიებში დაახლოებით 14 – იდან 250 ამდე კანდიდატი იყო, სწორედ ამ სიებით წარადგინეს პარტიებმა ოლქებში პერსონალური კანდიდატები.

რეგისტრაციის პროცესი ერთგვარ გაფილტვრის სისტემად გადაიქცა. სხვადასხვა დარღვევების გამო 400 – ზე მეტი კანდიდატი გამოეთიშა საარჩევნო კამპანიას. ხშირად ერთი და იგივე კანდიდატი ფიგურირებდა ორ პარტიულ სიაში, ანდა პარტიული სიით წარმოდგენილი კანდიდატი თანხმდებოდა დამოუკიდებლად ეყარა კენჭი, ეს კი კანონის უხეში დარღვევაა.

კომისიის მუდმივი ყურადღების ცენტრში იყო პრესის, რადიოს და ტელევიზიის ფუნქციონირება საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყავით ყველა პარტიისა და საარჩევნო ბლოკისთვის თანაბარი პირობები. პრესა, რადიო, ტელევიზია ზუსტად იცავდნენ დადგენილ წესებს და გრაფიკს. სისტემატურად შუქდებოდა თვით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა.

მოკლედ – არჩევნების შედეგების შესახებ:

archevnebiსაქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ  შეადგინა 3 444002.  28 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 406742-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 69, 88 პროცენტია. ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღო 2 311923 ამომმრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 67, 13 პროცენტია.

პროპორციული სისტემით არჩევნების შედეგების შეჯამებამ გვიჩვენა, რომ კანონით დადგენილი ხმების მინიმალურ რაოდენობაზე –  4 პროცენტზე –  მეტი ხმების მოგროვება შეძლო მხოლოდ კომუნისტურმა პარტიამ  ( ხმების 29, 58 პროცენტი) და საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ ( ხმების  53, 99 პროცენტი).

მაჟორიტარული სისტემით 28 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში დეპუტატების მანდატის მფლობელი გამოვლინდა 57 ოლქში, ხელახალი ხმის მიცემა დაინიშნა 59 ოლქში, არჩევნების მეორე ტური კი 7 ოლქში. ორ ოლქში აუცილებელი შეიქმნა ხელახალი არჩევნების  ჩატარება.

11 ნოემბერს 59 ოლქში ჩატარდა ხელახალი კენჭისყრა და ყველგან გამოვლინდა გამარჯვებული, არჩევნების მეორე ტური ჩატარდა 7 ოლქში, გამარჯვებული გამოვლინდა 5 ოლქში, ხოლო 2 – ში საჭიროა ხელახალი არჩევნების ჩატარება. ამრიგად საქართველოს  უზენაეს საბჭოში  არსებული 259 სადეპუტატო ადგილიდან უკვე დაკავებულია 246,. რაც პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის ასე გადანაწილდა:

მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო –  155.

კომპარტია –  64,

სახალხო ფრონტი – 12,

დემოკრატიული საქართველო – 4,

რუსთაველის საზოგადოება -1,

განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება – 1.

დამოუკიდებელი კანდიდატი  –  9.

ვერც ერთი დეპუტატის მანდატი ვერ მოიპოვა ხუთმა პარტიამ  და საარჩევნო ბლოკმა „თავისუფლება“,  „სოციალ -დემოკრატიული პარტია“,  „მიწათმოქმედთა კავშირი,“  „თანხმობა, მშვიდობა აღორძინება“,  „სახალხო პარტია.“

არჩეულ დეპუტატთაგან 16 ქალია, რაც დეპუტატთა საერთო რაოდენობის 7 პროცენტია.

უზენაესი  საბჭოს წინა შემადგენლობასთან შედარებით მოხდა დეპუტატთა კორპუსის გაახალგაზრდავება, საერთო რაოდენობის 21 პროცენტი 41 იდან 45 წლამდეა.

ქალბატონებო და ბატონებო!

ქართველი ერი, საქართველოს ყველა მკვიდრი მოელის თქვენგან თანამშრომლობას, ერთობლივი ძალების ქვეყნისა და ხალხის უზენაესი  იდეალებისა და  ინტერესების სამსახურში დახარჯვას.

ნება მიბოძეთ საქართველოს  რესპუბლიკის პარლამენტის პირველი სესია გახსნილად გამოვაცხადო.”