ტეგები

, ,


“გერმანიის გაერთიანება მსოფლიო ისტორიაში ერთერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომელმაც, ფაქტობრივად, დაასრულა “ცივი ომი” და, შეიძლება ითქვას, იხსნა ხალხები მესამე მსოფლიო ომისგან. ამას ვამბობ მომავალი თაობის საყურადღებოდაც. კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას მთელ გერმანელ ხალხს, ჩემდამი ასეთი განსაკუთრებული მადლიერებისათვის.” ე. შევარდნაძე. 2010 წლის 3 ოქტომბერი.

პრეზიდენტ შევარდნაძის გარდაცვალების დღეს კი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა საკუთარ twitter-ზე დაწერა:” გერმანიის გაერთიანება ედუარდ შევარდნაძის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.”

edika

3 ოქტომბერს, გერმანიის გაერთიანების დღეს, გერმანიის გაერთიანების საქმეში ედუარდ შევარდნაძის როლზე ორ განსხვავებულ მოსაზრებას შემოგთავაზებთ. ერთია 2002 წელს გამოცემული წიგნიდან “არჩევანი,” მეორე კი აკაკი ბაქრაძის მოსაზრება გახლავთ.

1) „მიუხედავად სერიოზული საერთაშორისო წინააღმდეგობისა, გერმანია მაინც გაერთიანდა, რაშიც გადამწყვეტი როლი „ახალი აზროვნების“ სტრატეგიამ და ედუარდ შევარდნაძის ფილიგრანულმა დიპლომატიამ შეასრულა. სსრკ-ს უმარტივესად შეეძლო წინ აღდგომოდა ამ პროცესს, თუნდაც ძალის დემონსტრირებით. ევროპის შუაგულში საბჭოთა ჯარების უდიდესი შენაერთი იდგა და არც მისი ევრორაკეტები იყო განადგურებული… მაგრამ, ამჯერად საბჭოთა დიპლომატიამ გაიმარჯვა, მასთან ერთად გაიმარჯვა მსოფლიომ. „ცივი ომი“ რომელიც „დაუფარავად უნდა ვთქვათ აშშ-მ დაიწყო ბირთვული იარაღის გამოყენებით“ (ედუარდ შევარდნაძე) დამარცხებით დასრულდა. გაიმარჯვა მშვიდობამ, დამარცხდა საერთაშორისო სამხედრო მაფია.“ – ეს არის ამონარიდი ალიკო ცინცაძის და გიორგი ბაღათურიას წიგნიდან „არჩევანი,“ რომელიც 2002 წელს გამოიცა და რომლის პირველ გვერდზეც მოყვანილია ედუარდ შევარდნაძის სიტყვები: „ ჩემი მეგობრები, ამ წიგნის ავტორები, შეეცადნენ ერთ მთლიანობაში წარმოედგინათ მთელი ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა. ზოგი რამ ამ მონათხრობიდან იქნება თქვენთვისაც საყურადღებო.

2) ახლა კი აკაკი ბაქრაძის მოსაზრება თავისი 1997 წლის “ჩანაწერები” -დან

“განა დღეს არ გავყვირივართ ყველა გზაჯვარედინზე – ერთმა ქართველმა გერმანია დაანგრია და მეორე ქართველმა გერმანია გააერთიანაო? თითქოს 1945 წლის შემდეგ, გერმანელები, დიდ ჩეროში, მხართეძოზე იწვნენ და მშვიდად უცდიდნენ როდის გახდებოდა ედუარდ შევარდნაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი. თითქოს გერმანელი ხალხი არაადამიანური შრომით, დისციპლინით და გონიერებით არ წამოდგა ფეხზე ნანგრევებიდან და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო არ ააშენა. თითქოს გერმანიის გასაერთიანებლად არ იბრძოდა მთელი კაპიტალისტური მსოფლიო.
მოგეხსენებათ, როცა ნაცისტური გერმანია დამარცხდა, კაპიტულაციის აქტს ხელი ფელდმარშალმა კაიტელმა მოაწერა. რომელ გერმანელს ან მსოფლიოს რომელი ქვეყნის მოქალაქეს მოუვა აზრად ამტკიცოს – ფელდმარშალმა კაიტელმა ნაციზმი დაამარცხა და მეორე მსოფლიო ომი დაამთავრაო. ისე იცოცხლეთ, კაიტელი ქართველი რომ ყოფილიყო, მაშინვე დაიმსახურებდა ნაციზმის დამამარცხებლისა და მეორე მსოფლიო ომის დამამთავრებლის ტიტულს.

როგორც დამარცხებული ნაცისტური გერმანიის სახელით მოაწერა ხელი კაპიტულაციის აქტს კაიტელმა, ასევე მოაწერა ხელი ედუარდ შევარდნაძემ გერმანიის გაერთიანების დოკუმენტს „ცივ ომში” დამარცხებული სსრკ-ის სახელით. ედუარდ შევარდნაძის დამსახურება გერმანიის გაერთიანებაში ზუსტად იმდენივეა, რამდენიც ფელდმარშალ კაიტელისა ნაციზმის დამარცხებაში და მეორე მსოფლიო ომის დამთავრებაში – ხელმოწერა. არც მეტი, არც ნაკლები. ” ( აკაკი ბაქრაძე)