ტეგები

, ,


“რისთვის გვინდა საქართველოს დამოუკიდებლობა?” –  1990 წლის 1 სექტემბერს, ასეთი სათაურით გამოუქვეყნებია  გაზეთ “ახალგაზრდა ივერიელს” ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის –  ირაკლი ბათიაშვილის –  სტატია. ავტორი მასში  აყალიბებდა თავის შეხედულებას საქართველოს და ბალტიისპირა სახელმწიფოების განსხვავებულ მომავალზე: “ბალტიის ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპაა და თავისუფლების პორობებში, ალბათ, ევროპული ოჯახის ღვიძლ  წარმომადგენლად ჩამოყალიბდება. ეს არის მათი მოწოდება, მათი სწრაფვის მიზანი. ჩვენ კი საკუთარი ბუნების ღალატი გამოგვივა, თუკი მოვინდომებთ სისხლხორეცეულად შევეთვისოთ ამ ოჯახს. “

 

1990 წლის 1 სექტემბერი

“ახალგაზრდა  ივერიელი”

batiaირაკლი ბათიაშვილი: ჩემი ღმა  რწმენით საქართველოს ღმერთმა აჩუქა განსაკუთრებული ადგილი ისტორიულადაც, გეოგრაფიულადაც. ჩვენი სახლ-კარი – კავკასია – თითქოსდა გამოცალკევებულად შემორაგულია აღმოსავლეთიდანაც და დასავლეთიდანაც, ჩრდილოეთისგანაც და სამხრეთისგანაც. ჩვენი ერის სახელმწიფოებრივი ცხოვრება არ ჯდება სხვადასხვა ხალხების საერთო ისტორიაში: არც ევროპის, არც წინა აზიის..

და ასე მწამს, რომ საქართველო, თავისი მოწოდების მიხედვით, არ შეიძლება გახდეს რომელიმე სამყაროს განუყოფელი ნაწილი. ბალტიის ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპაა და თავისუფლების პორობებში, ალბათ, ევროპული ოჯახის ღვიძლ  წარმომადგენლად ჩამოყალიბდება. ეს არის მათი მოწოდება, მათი სწრაფვის მიზანი. ჩვენ კი საკუთარი ბუნების ღალატი გამოგვივა, თუკი მოვინდომებთ სისხლხორცეულად შევეთვისოთ ამ ოჯახს. საქართველოს სჭირდება მტკიცე მეგობრობა, სტრატეგიული მნიშვნელობის კავშირი და არა შეთვისება ევროპასთან. სჭირდება დამოუკიდებელი გზის გაკვალვა მისკენ, იმ გზის, რომელზედაც ჩვეულებრივ გართხმული იყო ან ბიზანტიის, ან ოსმალეთის, ან ორთავიანი არწივის რუსეთის ან წითელი რუსეთის იმპერიები. და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს გზა მომავალში განთავისუფლდეს და კვლავ ჩახერგილი არ აღმოჩნდეს რაიმე ტყავგამოცვლილი, სახეშეცვლილი, მაგრამ ჩვენთვის კარგად ნაცნობი გიგანტით.

მე მესახება დამოუკიდებელი საქართველო არა ვინმეს ნაწილად ქცეული, არამედ  მტკიცე მოკავშირე იმ სამყაროსი, სადაც ძალებით ავსება ეწერა ქრისტიანულ აზროვნებას, კულტურას და ამ კავშირში მესახება, როგორც ჯიუტად ერთგული საკუთრი ეროვნული სულისკვეთებისა, თავისი ტრადიციული და განუმეორებელი ღირებულებების სისხლსავსე დღეგრძელობაზე მზრუნველი.”