ტეგები

, ,


ამ საშუალებაზე უარის თქმა იგივეა, მტრისთვის წართმეული „თოფები და ზარბაზნები“ გვქონდეს და  პრინციპის გულისთვის მშვილ-ისრით იბრძოლო. უზენაესი  საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა კი არ არის „ოკუპანტთან თანამშრომლობა“,- პირიქით, საოკუპაციო რეჟიმის შენარჩუნებას ის უწყობს ხელს, ვინც ამ ერთადერთი რეალური საშუალების გამოყენების წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის.” გია ნოდია

“ეროვნული კონკრესი” თავს ქართველი ერის უზენაესი ნებისა და მისწრაფებების გამომხატველ ორგანოდ ასახელებდა, მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნებით არჩეულ უზენაეს საბჭოს კი საოკუპაციო რეჟიმის ნაწილად მიიჩნევდა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია ეროვნულ კონგრესს მაფიოზურ ძალებთან ერთობაში სდებდა ბრალს და მას საერთოდ არ განიხილავდა დემოკრატიის წესებით არჩეულ საკრებულოდ. 1991 – ში  ამ ორ ძალას შორის დაპირისპირება  უფრო და უფრო ძლიერდებოდა. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” შემოგთავაზობთ იმ პერიოდს ერთ საინტერესო მოსაზრებას, კერძოდ, ამონარიდს გია ნოდიას სტატიიდან, რომელშიც პასუხი გაეცა უზენაესი საბჭოს მოწინააღმდგეებს, იმათ, ვინც უზენაეს საბჭოს საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის ნაწილად ასახელებდა.

 

no“ძირითადი არგუმენტი უზენაესი საბჭოს წინააღმდეგ ისაა, რომ იგი საოკუპაციო  ხელისუფლების ნაწილია და მის არჩევნებში მონაწილეობა ამ ხელისუფლების აღიარებას ნიშნავს. ამ საკითხს აქვს ფაქტიური  და იურიდიული მხარე. რაც შეეხება ფაქტიურ მხარეს, უზენაესი საბჭო საოკუპაციო ხელისუფლების ნაწილად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის თავისი მოქმედებით საქართველოს ხალხზე ძალადობის მომხდენი ორგანო იქნება, ე.ი. საოკუპაციო ხელისუფლების მითითებებს შეასრულებს და ხალხს დაუპირისპირდება. ეს ასეც იყო მაშინ, როცა უზენაესი საბჭოს დეპუტატები ხალხის მიერ ნომინალურად ირჩეოდა, სინამდვილეში კი ზემოდან ინიშნებოდა, ხოლო თვით ეს ორგანო მხოლოდ ფასადის როლს ასრულებდა იმპერიული და ტოტალურ-რეპრესიული სისტემის შესანიღბად. მაგრამ თუ დემოკრატიულდ არჩეული უზენაესი საბჭო იქცევა ხალხის წარმომადგენლად და მისი სახელით დაუპირისპირდება იმპერიულ ძალებს, იგი ფაქტიურად ვეღარ  ჩაითვლება საოკუპაციო რეჟიმის ნაწილად.

შეიძლება თქვან, ოკუპაციის პირობებში რა დემოკრატიულ არჩევნებზეა ლაპარაკი – მაგრამ ეს არგუმენტი ხომ ზუსტად ასევე შეეხება ალტერნატიულ ხელისუფლებასაც. ზოგადად ლაპარაკს „ოკუპაციის პირობებზე“ არავითარი აზრი არა აქვს, თუ კონკრეტულად არ იქნა მითითებული, რაშია არჩევნების  პროცედურის არადემოკრატიულობა. ბალტიის რესპუბლიკების, ეპიზოდურად კი – სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს  უზენაესი საბჭოების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კანონიერი ხელისუფლება შეიძლება არა მარტო არ დაექვემდებაროს  მოსკოვს, არამედ მკვეთრად დაუპირსიპირდეს მას და ეროვნული მოძრაობის ინტერესებში იმოქმედოს. როცა საქართველოს უზენაესმა საბჭომ მარტის სესიაზე ბათილად ცნო ის ხელშეკრულებები, რომელთა ძალითაც საქართველო სსრკ-ს ნაწილია, მან ამით თვითლიკვიდაცია კი არ გამოაცხადა, როგორც ზოგიერთმა თქვა, არამედ პირიქით, თავი დააფუძნა, როგორც ქართველი ხალხის ნების გამომხატველმა საკრებულომ. სამწუხარო ისაა, რომ მან ეს მხოლოდ გარედან ზეწოლით გააკეთა, რაც მართლა დემოკრატიულად არჩეულ  ორგანოს, ცხადია, არ დასჭირდებოდა.

წმინდა ფორმალურ – იურიდიული თვალსაზრისითაც საქართველო „საოკუპაციო ხელისუფლების” ნაწილად ვერ ჩაითვლება, პირიქით, სწორედ მის სტატუსში იმალება ის მეორე და მთავარი „კაუჭი,“ რამაც შესაძლოა საერთაშორისო სამართალთან მისასვლელი მოგვიპოვოს. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო სამართლის უეჭველი  სუბიექტის – საბჭოთა კავშირის კონსტიტუციით საქართველოს სსრ-ს  ჰქვია „ სუვერენული სახელმწიფო“ და მას აქვს სსრკ- დან  თავისუფალი გასვლის უფლება. ეს დებულებები თავისთავად ეწინააღმდეგება საბჭოთა კავშირის, როგორც ფედერალური კავშირის განსაზღვრებას. საბჭოთა კონსტიტუციის დანარჩენი ნაწილი და მთელი საბჭოთა კანონმდებლობა რომ ამ მუხლების შესაბამისი ყოფილიყო, საქართველო მართლა დამოუკიდებელი სახელმწიფო ( „სუვერენული“ „დამოუკიდებლის“ სინონიმია) და, მაშასადამე, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი იქნებოდა. საბჭოთა კონსტიტუციის ეს მუხლები წაუყენეს არგუმენტად საქართველოს წარმომადგენლებმა  ფიფა – ს გენერალურ მდივანს, როცა ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში შესვლაზე პრეტენზია განაცხადეს. ამ არგუმენტებმა ჯერჯერობით  არ გაჭრა და ეს ბუნებრივია, რადგან საერთაშორისო სამართლის სუბიექტად დღევანდელ მსოფლიოში აღიარებენ იმას, ვისაც აქვს რეალური და არა ნომინალური ან თუნდაც არსებითად შეკვეცილი სუვერენიტეტი ( ლიტვის მაგალითმა ეს კიდევ ერთხელ ცხადყო), მაგრამ, ეს ნომინალური სტატუსი საკმარის იურიდიულ საფუძველს უნდა აძლევდეს უზენაეს საბჭოს, მოიქცეს როგორც სუვერენული ქვეყნის ხელისუფლება და საერთაშორისო სამართლის ენაზე ელაპარკოს საკავშირო მთავრობას; მეორე – და რაც მთავარია – ეს მეორე „კაუჭი“ პირველთან არის დაკავშირებული, საქმე ისაა, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს რესპუბლიკის ფაქტიური, მაგრამ არა სრული იურიდიული ანექსია; იურიდიულად საქმე ისე გაფორმდა, თითქოს, საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ( თუმცა საბჭოთა და სოციალისტური)  სახელმწიფო ნებაყოფლობით შევიდა საბჭოთა კავშირში და იქიდან გამოსვლაც შეუძლია. საქართველო ის სამი წელი დამოუკიდებელი რომ არ ყოფილიყო, საბჭოთა კავშირში ეს სტატუსი  ვერ  ექნებოდა. ამრიგად, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციით აღიარებული სუვერენიტეტი ნაშთია „იმ“ ნამდვილი სუვერენიტეტისა, რომლის ფორმალური დატოვება ლენინმა პოლიტიკური მოსაზრებით მიზანშეწონილად ჩათვალა. ამასთან დაკავშირებით მისაღებად მიმაჩნია ნ. ნათაძის ფორმულირება: ჩვენი დღევანდელი  ფორმალური სუვერენიტეტი უნდა განვიხილოთ როგორც ისეთი რამ, რაც დამპყრობელმა ვერ წაგვართვა.

რაკი ასეა, საქართველოს კანონიერად არჩეულ უზენაეს საბჭოს აქვს სრული სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ საქეართველოს  ნომინალური სუვერენიტეტის რეალურად ქცევისთვის იბრძოლოს. დღეს, როცა არც თოფი გვაქვს და არც საერთაშორისო პოლიტიკური აღიარება, ეს არის ერთადერთი რეალური საშუალება ამ ბრძოლაში. ამ საშუალებაზე უარის თქმა იგივეა, მტრისთვის წართმეული „თოფები და ზარბაზნები“ გვქონდეს და  პრინციპის გულისთვის მშვილ-ისრით იბრძოლო. უზენაესი  საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა კი არ არის „ოკუპანტთან თანამშრომლობა“,- პირიქით, საოკუპაციო რეჟიმის შენარჩუნებას ის უწყობს ხელს, ვინც ამ ერთადერთი რეალური საშუალების გამოყენების წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის.”

ამონარიდი გია ნოდიას წერილიდან „სამართლებრივი ფეტიშიზმი და ეროვნული მოძრაობა”