ტეგები

,


“ამასობაში კვლავ ამოქმედდნენ ძალები, რომლებიც არათუ ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთიანობას,  არამედ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც ემუქრებიან. აფხაზეთის მსგავსად, „ქართული სახლის“ ხელყოფის გზას ახლა სამხრეთ ოსეთი დაადგა,” – წერდა ქართული საბჭოთა პრესა 1990 წლის სექტემბრის ბოლოს. ახლოს იყო უზენაესი საბჭოს პირველი მრავალპარტიული არჩევნები, ხელისუფლებაში ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლება იყო გივი გუმბარიძის მეთაურობით. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დეპუტატთა საბჭოს სესიამ ( რომელსაც 137 დეპუტატიდან 95 არ დასწრებია) მიიღო დეკლარაცია სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებელ, მოკავშირე რესპუბლიკად” გამოცხადების შესახებ. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა ცხინვალში მიღებული გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურად და ბათილად გამოაცხადა. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გაგაცნობთ  რას წერდა ამ ფაქტის შესახებ გაზეთი “კომუნისტი” 1990 წლის 23 სექტემბერს.

 

cxinvali „20 სექტემბერს ცხინვალში გაიმართა  სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს სესია. სესიაზე ნავარაუდევი იყო განეხილათ საკითხები, რომლებიც ეხებოდა შესწორებათა შეტანას წინა სესიაზე მიღებულ დეკლარაციაში ოლქის სუვერენიტეტის შესახებ. სესიას საოლქო საბჭოს 137 დეპუტატთაგან არ ესწრებოდა 95 დეპუტატი, თითქმის სულ არ იყვნენ რეგიონის ქართველი მოსახლეობის წარმომადგენელი დეპუტატები, მაგრამ დეკლარაციის შესწორებათა განხილვის საკითხი მოულოდნელად შემოაბრუნეს.

სესიაზე მოწვეულმა ცხინვალის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა ტ. კულუმბეგოვმა და  საზოგადოება „ადამონ ნიხასის“ თავმჯდომარემ ა. ჩოჩიევმა მოითხოევს განეხილათ არა უკვე მიღებული დეკლარაციის შესწორებათა საკითხი, როგორც ნავარაუდევი იყო, არამედ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი მოკავშირე დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების საკითხი.

დეპუტატემა ხმა მისცეს ამ წინადადებას და მიიჩნიეს, რომ ვითომდა ამის საფუძველია საქართველოს უზენაესი საბჭოს უკანასკნელი გადაწყვეტილებანი, რომელთა თანახმად, სესიის აზრით, სამხრეთ ოსეთის ავტონომია ავტომატურად გაუქმდება.

ქართველ დეპუტატთა სახელით ამ საკითხზე პროტესტით გამოვიდა დეპუტატი გ. ცოტნიაშვილი, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღეს ხმების აბსოლუტური უმრავლესობით. აქვე აღიძრა საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხი, საოლქო საბჭოს დეპუტატებისთვის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. სესიის სახელით დეპეშები გაეგზავნა სსრ კავშირის უზენაეს საბჭოს, ცენტრალური ტელევიზიის პროგრამების „ვრემიას“ და „120 წუთის“  რედაქციებს.

შესაბამისმა რეაქციამ არ დააყოვნა საქართველოს  უზენაესი საბჭოს მხრიდან: „განიხილა რა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მიერ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თვლის, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სსრ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული  მოწყობის შეცვლის, რესპუბლიკის სუვერენიტეტის ხელყოფის, ავტონომიური ფორმირებების უფლებათა მექანიკური გათანაბრების სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლო ცდაა და  არღვევს საქართველოს და სსრ კავშირის კონსტიტუციებს, ეწინააღმდეგება საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის, მათ შორის თვით ოსი ხალხის ინტერესებს და ხელს უწყობს ეროვნებათშორისი ურთიერთობების გამწვავებას.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა: 1) სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება – „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის და სტატუსის შესახებ“ – გამოცხადდეს ბათილად და იურიდიული ძალის არ მქონედ. 2) დაევალოს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს და მის აღმასკომს  მიიღოს სათანადო ზომები ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კონსტიტუციების მოთხოვნების განუხრელად შესასრულებლად, ასევე, სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს შესახებ კანონების მოთხოვნების აღსასრულებლად. 3) სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატების საოლქო საბჭოს გადაეგზავნოს სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხთა შემსწავლელი კომისიის დასკვნა“. (აღნიშნილი  კომისია საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მოთხივნით 1989 წლის 18 ნოემბერს შეიქმნა.)