აკაკი ბაქარაძე: როგორი ურთიერთობა შეიძლება ჩამოვარდეს უზენაეს საბჭოსა და ეროვნულ კონგრესს შორის?  რა დასამალია და დიდი საშიშროება არსებობს მათი დაპირისპირებისა. ამას ადასტურებს, სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიის გამოცდილება, ქართველი კაცის ხასიათიც და ახლახან სომხეთში მომხდარი უბედურებაც, როცა ეროვნული მოძრაობის ერთმა ფრთამ გაანადგურა მეორე. ღმერთმა ქნას, რომ ჩემი ეჭვი სრულიად უსაფუძვლო გამოდგეს ( 1990 წ. “მამული” N 17)

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში”  შევეცდებით ავხსნათ, რატომ  გამოთქვამდა აკაკი ბაქრაძე 1990 წლის სექტემბერში ასეთ მძიმე პროგნოზს, რის საფუძველზე არ გამორიცხავდა ის უმძიმეს დაპირისპირებას მომავალ უზენაეს საბჭოსა და ეროვნულ კონგრესს შორის. ამის ახსნას შევეცდებით იმ განცხადებების მოშველიებით, რომლებითაც 1990 წლის სექტემბერში ( უზენაესი საბჭოს და პარალელურად ეროვნული კონგრესის არჩევნების წინ) ერთმანეთს მიმართავდნენ  მრგვალ მაგიდაში  გაერთიანებული  და ეროვნული კონგრესის მხარეს დაჯგუფებული ძალები. გავიხსებით მათ  შორის დაპირისპირება.

foto

თავდაპირველად მოვიყვანთ  “მრგვალი მაგიდის” განცხადებას, რომელიც გაზეთმა “ახალგაზრდა ივერიელმა” 1990 წლის 11 სექტემბერს გამოაქვეყნა. ამ განცხადებაში გამოთქმული იყო შიში იმისა, რომ კომუნისტები, სამომავლოდ, “კონგრესს” გამოიყენებდნენ უზენაესი საბჭოს დამხობისა და სამოქალაქო ომის გაჩაღებისთვის.

“კონგრესის იდეა მნიშვნელოვნად გაუფასურდა და ამჟამად მრგვალი მაგიდა აღარ უჭერს მხარს მის არჩევას. ასე რომ, ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას ორხელისუფლებიანობის საშიში პრეცედენტი და მთლიანად  უნდა დაუჭიროს მხარი ახალი, დემოკრატოული კანონის დაცვითი მრავალპარტიული უზენაესი საბჭოს არჩევას, რომელიც იქნება ნამდვილი ეროვნული პარლამენტი, აღჭურვილი ერის ნდობის მანდატით, ნამდვილი ოფიციალური სამართლ-სუბიექტი, რომელსაც სცნობს საერთაშორისო სამართალი და რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხებზე ნებისმიერ საერთაშორისო დონეზე.

საგულისხმოა, რომ კომუნისტური ხელისუფლება დღეს ყველანაირად მფარველობს კონგრესის არჩევნებს, შესაბამისი შენობებითა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფს ამ კამპანიას. ხალხის მოტყუების „ტაქტიკა“ იქამდე მივიდა, რომ  ვითომდა ანტიკომუნისტური „ეროვნული კონგრესის“ არჩევნებისა და ამ ძალების მიერ გამოცხადებული ეროვნული დაუმორჩილებლობის მომავალი აქციის ყველაზე მხურვალე მხარდამჭერად მასში მონაწილე  „დემოკრატიულ ფრთად“ შენიღბული კომუნისტური პარტია მოგვევლინა, ეს კი უახლოეს მომავალში აშკარად საფრთხის წინაშე დააყენებს არა მარტო არჩევნების, არამედ მთელი საქართველოს ბედს.

ამ უაღრესად სახიფათო ალიანსის მიზანი ერთია: იმ შემთხვევაში თუ არჩეული იქნება ეროვნული პარლამენტი და ხელისუფლება გადავა ანტიკომუნისტური ძალების ხელში, ცხადია, ამით ბოლო მოეღება იმპერიული სტრუქტურების არსებობას საქართველოში და დაიწყება ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესი. ბუნებრივია რომ ხელისუფლებას ჩამოცილებულ კომუნისტურ პარტიას აღარ ექნება ამ პროცესების შეჩერების შესაძლებლობა, ასეთ ვითარებაში იგი სცენაზე გამოიყვანს თავის უკანასკნელ დასაყრდენს ე.წ. „კონგრესს“, რომლის საშუალებითაც შეეცდება დაამხოს ეროვნული პარლამენტი და გამოიწვიოს ძმათა შორის სისხლისმღვრელი ომი.”

ვნახოთ როგორ უპასუხეს კონგრესისტებმა “მრგვალი მაგიდის” ბრალდებებს. მათი საპასუხო განცხადებაც “ახალგაზრდა ივერიელმა” გამოაქვეყნა 1990 წლის 18 სექტემბერს.. ეს იყო საქართველოს ეროვნული კონგრესის ცენტრალური  საარჩევნო კომისიის საპასუხო განცხადება.

” სიტყვებს  –  ” ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას ჩამოცილებულ კომუნისტურ პარტიას აღრ ექნება ამ პროცესების შეჩერების შესაძლებლობა, ასეთ ვითარენაში იგი სცენაზე გამოიყვანს   თავის უკანასკნელ დასაყრდენს ე.წ. „კონგრესს“, რომლის საშუალებითაც შეეცდება დაამხოს ეროვნული პარლამენტი და გამოიწვიოს ძმათა შორის სისხლისმღვრელი ომი.” – ავადმყოფური გონების ბნელ ხვეულებში დაბადებულ ამ ფანტასმაგორიას შეიძლება სერიოზული პარტიები აწერდნენ ხელს?

და საერთოდ რა ხდება, ხალხო? ნუთუ ყველა ეროვნული მოძრაობის მონაწილე, რომელსაც “მრგვალი მაგიდის” წევრთაგან განსხვავებული აზრი აქვს, მოღალატე და სუკის აგენტია? მაგრამ ეტყობა მუდმივი ფსიქოზის პირობებში, რომელსაც დიდად უწყობს ხელს “მრგვალი მაგიდის” გაუაზრებელი, ავანტიურული აქციები, საქართველოს მოსახლეობას შეუსუსტდა ცილისწამების გავრცელების საწინააღმდეგო იმუნიტეტი, (კოლექტიური „შიდსის“ ახალ ფორმასთან ხომ არ გვაქვს საქმე!)  თორემ როგორ ავხსნათ, რომ “მრგვალი მაგიდის” მესვეურუბმა ცილისწამებითა და შეურაცხყოფით აიკლეს საქართველო და მისი ინფორმაციის საშუალებანი. ჩვენ გაჩუმებული ვართ, ვუსმენთ მათ გამოსვლებს ტელევიზიით და ამის შემდეგ ცოტა უცნაურად ჟღერს „მრგვალი მაგიდის“ მოთხოვნა „კომუნისტური პარტიის“ მონოპოლიიდან გამოთავისუფლდეს ინფორამციის საშუალებანი. ჩვენ სრული  უფლება გვაქვს  დავაყენოთ საკითხი – თუ ვისი მონოპოლიიდან უნდა გამოთავისუფლდეს დღეს ინფორმაციის საშუალებანი: “კომუნისტური პარტიის” თუ „მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკური პარტიებისა.

ყველასათვის ნათელია, რომ უზენაესი საბჭოს  ნახევრად მაჟორიტარული და ნახევრად პროპორციული საარჩევნო კანონი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს  სატრაბახოდ. პირიქით, ამ გარიგებაში ეს იყო დიდი დათმობა მმართველი რეჟიმის მიმართ, რომელიც მძიმე პირობებში  ჩაგვაყენებს უზენაესი საბჭოს მომავალ არჩევნებში, მაგრამ არავის აზრად არ მოსვლია ამის გამო მოღალატედ და სუკის აგენტად გამოეცხადებინა მრგვალი მაგიდა. ახლა წარმოიდგინეთ, ამ გარიგების მონაწილე საკოორდინაციო ცენტრი რომ ყოფილიყო რა ვაი – უშველებელს  ატახდა “მრგვალი მაგიდა.”დასასრულ კვლავ მოვუწოდენთ საქართველოს მოსახლეობას  აქტიური მონაწილეობა მიიღოს ეროვნული კონგრესის არჩევნებში და ყურადღებას ნუ მიაქცევს მონაჭორსა და მონაჩმახს! ”