ტეგები

, ,


რაზე ფიქრობდნენ და რაზე კამათობდნენ, რა შეკითხვები ჰქონდათ საქართველოში მაშინ, როცა ახალ და უცხო რეალობაში აბიჯებდნენ, დამოუკიდებლად, საკუთარი თავის ამარა ყოფნის რეალობაში. ამონარიდი გია ნოდიას იმ პერიოდის წერილიდან „სამართლებრივი ფეტიშიზმი და ეროვნული მოძრაობა.“

no“საქართველოს დამოუკიდებლობის ბედს ვერ გადაწყვეტს ვერც „საერთაშორისო სამართალი,“ ვერც დასავლეთი  და ვერც მოსკოვი. მთავარი  თვით ქართველი ხალხის ნებაა, იყოს დამოუკიდებელი. ამაშია ძალა, ყოველივე დანარჩენი კი ამ ძალის იურიდიული გაფორმებაა. „ნება“ აქ ნიშნავს არა სურვილის ზეპირ გამოთქმას, არამედ ღრმა შინაგან  მოთხოვნილებას, რომელიც მასობრივ პოლიტიკურ აქტივობაში გამოიხატება, ესაა, რაც გვაკლია; მცირერიცხოვანი ჯგუფების  ზედაპირული რადიკალიზმი დამოუკიდებლობისდამი გამოხატული ნების დეფიციტს ნიღბავს მხოლოდ. მოვლენა, რასაც მე „სამართლებრივი ფეტიშიზმი“ ვუწოდე სიტუაციის შეფასების ინტელექტუალურ უუნარობას როდი მოწმობს; „ შეურიგებელი“ გზის უპერსპექტივობა მეტისმეტად აშკარაა. ამის დასამტკიცებლად ბევრი არგუმენტის დახარჯვა უხერხულიც კია.

ძალიან კარგად გვესმის ყველაფერი, მაგრამ ზურგი გვინდა შევაქციოთ პასუხისმგებლობას, გვინდა გავექცეთ მტანჯველ შეკითხვას –  მართლა გვინდა თუ რა თავისუფლება და რისი გაღება შეგვიძლია მის მისაღწევად? ბავშვურად ვიტყუებთ თავს, რომ, სანამ ჩვენ ძეგლინგრევიანობას ვთამაშობთ, ვიღაცა დიდი და კეთილი სახელად „საერთაშორისო სამართალი“ ან „ გაერთიანებლი ერების ორგანიზაცია“ მოვა და ნანატრ ( ვითომ?) თავისუფლებას მოგვართმევს. ხოლო როცა დიდისა და კეთილის მაგიერ  თავზე დაგვადგება არა მხოლოდ ნიჩაბმომარჯვებული  ჯარისკაცი, შვებით ამოვისუნთქავთ – თავს ზემოთ  ძალა არ ყოფილაო, – „პირსისხლიან იმპერიას“ ერთხელაც დავგმობთ და დაღუპულთა საფლავებზე ყვავილებს  მივიტანთ.

მთლად  მასე არ არის საქმე? მეც ამის იმედი მაქვს. მაგრამ მაშინ ერთი რამე მაინც უნდა მოვახერხოთ: ყოველგვარი კერპები და ფეტიშები გადავაგდოთ და ჩვენს თავს პატიოსნად ვკითხოთ, რა გვინდა და რისი გამკეთებლები ვართ.”