ტეგები

, ,


“რაც შეეხება „შურისძიებას,“ ჩვენ ქრისტიანები ვართ, და არავითარი წარსული ცოდვებისათვის არ ვაპირებთ სამაგიეროს მიზღვევას; ხოლო რაც შეეხება მხილებას, ჩვენ მათ ვამხელდით და მომავალშიც ვამხელთ ერის წინაშე.” – ასეთ განცხადებას აკეთებდა ” საქართველოს ჰელსინკის კავშირის” თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია 1990 წლის ოქტომბრის უზენაესი საბჭოს არჩევნების წინ. მაშინ, ზვიად გამსახურდიას თაოსნობით წარმოებული ბრძოლის ფონზე კომუნისტური ხელისუფლება წავიდა დათმობაზე და დაუშვა მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება, მაგრამ, ეროვნული მოძრაობის ერთი განაყოფი უზენაესი საბჭოს არჩევნებს  ბოიკოტს უცხადებდა და ეროვნულ კონგრესს ირჩევდა.

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” შევიტანეთ 1990 წლის სექტემბრის ბოლოს, გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნებული ინტერვიუ ზვიად გამსახურდიასთან, რომელშიც წაიკითხავთ  იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა გამსახურდია ეროვნული კონგრესის არჩევნების შესახებ, რა საფრთხეებს ხედავდა  ის კონგრესისტების მხარეს და რა განმარტებებს აკეთებდა  კომუნისტების მიერ გავრცელებულ ჭორებზე, მათ შორის იმის შესახებ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  ზვიად  გამსახურდიას გარშემო გაერთიანებული ძალა კომუნისტური პარტიის წევრებზე შურსიძიებას დაიწყებდა.

—————————————————————–

ბ-ნო ზვიად, საქართველოს პოლიტიკური ვითარება ერთობ რთულია, ვიტყოდი, უძნელესად თავგასართმევიც კი! ამგვარ სიტუაციაში რიგით მოქალაქეს კი არა, ამა თუ იმ პარტიის, საზოგადოებრივ -პოლიტიკური მოძრაობის ლიდერებსაც კი უჭირთ, ალბათ, სწორი და შეუმცდარი გეზის აღება. ეგება კიდევ ერთხელ მოახსენოთ საქართველოს მრავალეთნიკურ, არაერთგვაროვან საზოგადოებას ამის თაბაზე.

zviadaზვიად გამსახურდია: საქართველოს დღევანდელი ვითარება მართლაც რთულია და ძნელად სამართავიც, ვინაიდან დღესდღეობით კრემლმა შეცვალა ტაქტიკა ეროვნულ მოძრაობასთან ბრძოლისა. მან დაინახა, რომ რეპრესიებით, პირდაპირი ოფიციალური ბრძოლით ვერაფერს დააკლებს ოპოზიციურ მოძრაობას, ამიტომ შექმნა ცრუ ოპოზიციები ყველგან, შექმნა ინტერფრონტები, მაფიოზური ძალები  დაუპირისპირა ეროვნულ მოძრაობას.

იგივე ხდება საქართველოშიც – ნამდვილ, შეურიგებელ და დემოკრატიულ მოძრაობას დაუპირისპირდა ცრუ ოპოზიცია, რომელიც ოფიციოზთან შეთანხმებით მოქმედებს და ამჟამად, როგორც მოგეხსენებათ, ირჩევს ე.წ. ეროვნულ კონგრესს, რომელიც უნდა იყოს მეორე ხელისუფლება და დაძაბოს ურთიერთობა საქართველოში, გამოიწვიოს  ანარქია, ქაოსი და შესაძლოა, სამოქალაქო ომიც. აი, ასეთია კრემლის ჩანაფიქრი.  ე.წ. კონგრესი არის კრემლის უკანასკნელი იმედი. ამა წლის მარტში გამართულ ეროვნული მოძრაობის საგანგებო კონფერენციაზე მეც მომხრე ვიყავი ეროვნული კონგრესისა, მაგრამ იმჟამად განზრახული იყო მხოლოდ შეურიგებელი ოპოზიციის წარმომადგენელთა შეყვანა კონგრესში. დღეს კი, თუ გადავხედავთ მომავალ კონგრესმენთა სიას, დავინახავთ, რომ შეურიგებელი კოლაბორაციონისტური და მაფიოზური ძალები აპირებენ კონგრესში შესვლას, გარდა ამისა, თავიდან განზრახული იყო, რომ კონგრესი უნდა აერჩია საქართველოს კანონიერ მოსახლეობას, ოღონდ ჯერ უნდა განსაზღვრულიყო ამ კანონიერი მოსახლეობის სტატუსი. ახლა ეს ყოველივე დაივიწყეს  და განურჩევლად, ყველას აძლევენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, ოღონდ არჩევნები მოიგონ.  ყოველივე ამასთან ერთად იმჟამად არ არსებობდა პერსპექტივა  დემოკრატიული, მრავალპარტიული საარჩევნო კანონისა უზენაეს საბჭოში, რასაც ჩვენ ესოდენ დიდი ბრძოლით მივაღწიეთ. აი, რატომ აღარ ვართ დღეს კონგრესის მომხე და ზედმეტად მიმაჩნია იგი, უფრო მეტიც, დიდი საფრთხის შემცველად. გარდა ამისა, კომპარტია რომელიც ხედავს, რომ დიდი პერსპექტივა არა აქვს უზენაეს საბჭოში მოხვედრისა, ცდილობს, შემოიყვანოს სატელიტური ორგანიზაციები, როგორებიცაა, მაგალითად ორგანიზაცია „სტალინი“, სახალხო პარტია, და სხვანი, რათა უფრო ფართო ფრონტით შემოუტიონ ოპოზიციურ ძალებს.

– კომუნისტური პარტია, უფრო სწორად, მისი მმართველი ძალა, ე.წ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი საკმაოდ ენერგიულად, სხვადასხვა, ზოგჯერ არცთუ  გასაზიარებელი საშუალებით იღწვის  პოლიტიკური, წინასაარჩევნო დივიდენდების დასაგროვებლად. აი, რას ვაწყდებით 11 სექტემბრის „კომუნისტში“ გამოქვეყნებულ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მიმართვაში: „ იმათ, ვინც ცდილობს  შეურიგებელი დაპირისპირების ატმოსფერო შექმნას, უნდა ახსოვდეს რომ საქმე ეხება ჩვენი პარტიის დღევანდელ წევრებს, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას საერთო არაფერი აქვს წარსულის მძიმე ტვირთთან და რომლებიც, თუ მათი ოჯახის წევრებსაც გავითვალისწინებთ, ერის დიდ ნაწილს შეადგენენ.“

ხედავთ, ოჯახის წევრებიც გამოიყვანეს სამოქმედო ასპარეზზე.

ზვიად გამსახურდია: კომუნისტური პარტია საქართველოში, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ეს არის სკკპ-ს რეგიონალური ფილიალი, იგი, რასაკვირველია, იღწვის წინასაარჩევნო დივიდენდების მოსაგროვებლად. თქვენ მართებულად ბრძანებთ, რომ მათ ამჟამად მოიშველიეს თავიანთი ოჯახის წევრები, მაგრამ აქ კი უნდა მოვახსენო მათ, რომ ეს სიტუაციის აშკარა გაყალბებაა. სწორედ ოჯახების მხრივ აქვთ მათ უდიდესი ოპოზიცია; ეს ჩვენთვის ცნობილია კონკრეტულ მაგალითებზე. ამას წინათ ერთ-ერთი ფუნქციონერი იხვეწებოდა  ნუ გამომაცხადებთ მიტინგზე, ვინაიდან ოჯახის წევრები სახლში არ მიმიშვებენო. ეს ტიპიური მოვლენაა ფუნქციონერთა ოჯახებში..

ასე, რომ მათი ოჯახის წევრებს არ უნდა დავუკარგოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ: ისინი არ მიდიან მამების კვალზე და მათ აიძულებენ, ძალიან ხშირად თავი შეიკავონ ამა თუ იმ უმსაგვსო ნაბიჯისგან, ამისთვის მათ მადლობას მოვახსენებთ.

– ხომ არ გაგვიზიარებთ საკუთარ თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ საქართველოს ცკ იმავე  „კომუნისტში“ მიმართავს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივ – პოლიტიკური მოძრაობების წარმომადგენლებს, მოაწყონ „შეხვედრა პარიტეტულ საწყისებზე,“შემუშავდეს და გაკეთდეს ერთობლივი განცხადება იმის თაობაზე, რომ ყველა მათგანი, პარტიულ -პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა შეხედულებების მიუხედავად, კისრულობს  სრულ პასუხისმგებლობას და  იძლევა გარანტიას  განუხრელად ხელმძღვანელობდეს საქართველოს უზენაესი ინტერესებით.

ზვიად გამსახურდია: განცხადებას იმის თაობაზე, რომ კომპარტია მიმართავს არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივ -პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლებს, მოაწყონ შეხვედრა პარიტეტულ საწყისებზე, ჩვენ არ ვიზიარებთ, ვინაიდან არ ვთვლით საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას არჩევნებში კანონიერად რეგისტირებულად თუნდაც იმიტომ, რომ თავიანთი ლიდერის გორბაჩოვის ხელმოწერით არ წარმოუდგენიათ განაცხადი  და, გარდა ამისა, იგი მიგვაჩნია დანაშაულებრივ ორგანიზაციად, რომელსაც არა აქვს არავითარი მორალური და იურიდიული უფლება საქართველოში არსებობისა. ჩვენ მის ხელმძღვანელ როლს არ ვცნობთ მმართველ პარტიად, ვთვლით უზურპატორად ძალაუფლებისა და არა ხალხის არჩეულად.

– ობივატელი საქართველოშიც ობივატელია და აი, არცთუ იუშვიათად გაისმის ხმები, რომ ოპოზიცია აპირებს სკპ პარტიის მიმართ ანგარიშსწორებას?

zviko 2ზვიად გამსახურდია: ობივატელი საქართველოშიც ნამდვილად ობივატელია, ამით სარგებლობს კომუნისტური პარტია და ავრცელებს ცრუ ხმებს, თითქოს ჩვენ ვაპირებთ მომავალში ანგარიშსწორება მოვუწყოთ პარტიის წევრებს და სხვა. ესაა აბსოლუტური აბსურდი, ვინაიდან ამ პარტიის წევრთა უმრავლესობა იძულებითაა კომპარტიაში და მათ არც ვთვლით საერთოდ კომუნისტებად, არამედ გზააბნეულ ადამიანებად, რომლებიც ცხოვრებამ, მატერიალური კეთილდღეობის ძიებამ აიძულა ასეთი ნაბიჯი გადაედგათ და მათი დიდი უმრავლესობა ნანობს კიდეც ამის თაობაზე. ასე რომ, მათთან არავითარი დაპირისპირება არა გვაქვს. რაც შეეხება „შურისძიებას,“ ჩვენ ქრისტიანები ვართ და,  არავითარი წარსული ცოდვებისათვის არ ვაპირებთ  სამაგიეროს მიზღვევას; ხოლო რაც შეეხება მხილებას, ჩვენ მათ ვამხელდით და მომავალშიც ვამხელთ ერის წინაშე.

ასეთ სიყალბეს სჩადიოდა წინანდელი ხელმძღვანელობა, რომელმაც  ეროვნული მოძრაობა დაასმინა იაკოვლევთან, თითქოს კომუნისტებს ფიზიკური განადგურებით ვემუქრებოდით, რითაც მიაღწიეს საქართველოში ჯარის შემოყვანას და რასაც მოჰყვა 9 აპრილის ტრაგედია.

აქვე უნდა ითქვას რომ სრული უსაფრთხოების გარანტიას ვაძლევთ ყველა არაქართველ მცხოვრებს ჩვენი რესპუბლიკისა, რომელნიც თავიანთი საქმიანობით, ცხოვრების წესით, ქართველი ერის ინტერესებს არ ეწინააღმდეგებიან და არ სჩადიან რაიმე უკანონობას.

რასაკვირველია,  ამის თაობაზე მალე მოხდება ჩვენი ოპოზიციური ძალების ერთობლივი განცხადება, რათა გავფანტოთ  ყოველგვარი

– ერთი საჩოთირო თუ  უხერხული, მოარული  თემა მკვიდრდდება, თბილიში მიანც: „რუსთაველის პროსპექტს რომ გასცდები, კაცმა არ იცის, ვინ რას მოიმოქმედებს“, მოგეხსენებათ ამომრჩეველთა პოზიციებზეა საუბარი..

ზვიად გამსახურდია: საქართველოს არაერთგვაროვანი მოსახლეობა მართლაც ვერ არის კარგად გაცნობიერებული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ – ყოფით სიტუაციებში, ამის გამო სისტემატურად დავდივართ რაიონებში, ვაწყობთ მიტინგებს, შეხვედრებს, რომ განვუმარტოთ ხალხს ჩვენი პოზიცია, მოთხოვნები, ვინაიდან უზარმაზარი დეზინფორმაციული აპარატი კომპარტიისა მოქმედებს და ყველგან ახერხებს თავისი ყალბი ხმების გავრცელებას, ამახინჯებს ჩვენს პოზიციას. მაგალითად  ამას წინათ მთელ კახეთში გაავრცელეს ხმები: ზ. გამსახურდიამ შემოთვალა,  უჩემოდ არ გაბედოთ რთველის დაწყება, ვინც ერთ მტევან ყურძენს მოწყვეტს , ჩემთან ექნება საქმეო!.. აი, სადამდე მიდიან, რათა მომავალი „დიქტატორით“ დააშინონ ხალხი! რასაკვირველია , მათ ვერ გავეჯიბრებით, იმიტომ, რომ მონოპოლიზირებული აქვთ ყოველგვარი საინფორმაციო საშუალება, მაგარამ მაინც ვახერხებთ წინააღმდეგობას.

zviko