ტეგები

, ,


1990  წლის აგვისტო პოლიტიკურადაც ცხელი იყო სოხუმში. 25 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს მეათე სესიამ  მიიღო დეკლარაცია აფხაზეთის სუვერენიტეტის შესახებ.

სესიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია 140 – იდან 80 დეპუტატს. სეპარატისტულად განწყობილ აფხაზებს კვორუმის პრობლემის გადასაჭრელად სესიაზე მძიმე ავადმყოფი დეპუტატები მიუყვანიათ. იქ მიღებულ გადაწყვეტილებას აფხაზეთის ქართულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქციებით უპასუხა. იმ დღეებში აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს აღწერდა თავის ერთ რეპორტაჟში სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” ვიხსენებთ იმას, თუ რა მოხდა 1990 წლის აგვისტოს ბოლოს სოხუმში, ვიხსენებთ თენგიზ პაჭკორიას რეპორტაჟით  – “დეკლარაციის ექო”.

dekla

 

25 აგვისტოს 72 დეპუტატი მოვიდა. კვორუმის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმან, რომ სესიაზე მოვიდა,უფრო სწორად, მოიყვანეს ორი მძიმე ავადმყოფი დეპუტატი – ნინა კუზნეცოვა და აზიზ აგრბა.

სესია გახსნა კ. ოზგანმა, რომელიც სხდომასაც გაუძღვა, დაამტკიცეს დღის წესრიგი:

  • „აფხაზეთის ასსრ კონსტიტუცია თვითმმართველობის, თვითდაფინანსებისა და რეგულირებად ბაზარზე გადასვლის პირობებში“ ( მომხსენებელი – აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვ. მიქამბა)
  • „ აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაცვის სამართლებრივი გარანტიების შესახებ“ (მომხსენებელი – აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ვ. კობახია.
  • „აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციაში  ცვლილებათა შეტანის შესახებ ( მომხსენებელი – ვ. ავიძბა – საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი.)

კამათში მონაწილეობდნენ დეპუტატები შ. აჯინჯალი, ნ. აშუბა, ჯ. გუბაზი, შ. ლაკობა, ა. არგუნი, ტ. ბასარია, ვ. ფილია და სხვები..

უნდა ითქვას, რომ სესიის მუშაობაში არ მონაწილეობდა 68 დეპუტატი ( 58 ქართველი, დანარჩენი – სხვა ეროვნების.)

სესიამ თითოეულ საკითხზე მიიღო დადგენილება.

მიიღეს აგრეთვე დეკლარაცია – „აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ“.

აფხაზეთის ასსრ უამღლესი საბჭოს პრეზიდიუმს დაევალა მესამე საკითხის კანონპროექტი წარმოადგინოს მომავალ სესიაზე განსახილველად.

სესიის გადაწყვეტილებებმა ავტონომიური რესპუბლიკის მცხოვრებთა დიდი ნაწილის, პირველ  ყოვლისა, ქართული მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

sox25 აგვისტოს, გვიან საღამოს, ადგილობრივი პოლიტიკური ორგანიზაციების ინიციატივით დაიწყო რკინიგზელთა საპროტესტო გამაფრთხილებელი გაფიცვა.

მეორე დღეს სოხუმში, კონსტიტუციის მოედანზე, გაიმართა მარვალათასიანი მიტინგი, რომლის მონაწილეებმა დაგმეს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს მეათე სესიის გადაწყვეტილებები  და მოითხოვეს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭომ გააუქმოს აფხაზეთის პარლამენტის დადგენილებები.

მიტინგზე გამოსულებმა ( ნ. მგალობლიშვილი, დ. ჯაიანი და სხვები) შეკრებილთ მოუწოდეს სიმშვიდისკენ, რათა გარკვეულ წრეებს სიტუაციის გამწვავების საბაბი არ მისცემოდათ.

დღეს ავტონომიურ რესპუბლიკაში სიმშვიდეა. რკინიგზელებმა გამაფრთხილებელი გაფიცვა შეწყვიტეს.  ყველა საწარმო – დაწესებულება მუშაობს.

თენგიზ პაჭკორია,

სოხუმი,

1990 წლის 27 აგვისტო.