ტეგები

, ,


1990 წლის 29 აგვისტოს,  ღამის 1 საათსა და 20 წუთზე, თბილისში, მთავარ მოედანზე, რომელსაც ჯერ ისევ “ლენინის მოედანი” ერქვა, ლენინის ძეგლი აიღეს. ამასთან დაკავშირებით  თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის ნიკო ლეკიშვილის განმარტება  გამოაქვეყნა გაზეთმა “თბილისმა.” “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” ამ  მასალით გავიხსენებთ თბილისის მთავარი მოედნის ლენინის ძეგლისგან გათავისუფლებას. 

lenina

“დღეს, გვიან ღამით, საქალაქო საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით აიღეს ლენინის ძეგლი, მისივე სახელობის მოედანზე, რამ განაპირობა ამ გადაწყვეტილების მიღება?

ნიკო ლეკიშვილი: ეს დადგენილება კოლექტიურად, პრეზიდიუმის მთელი შემადგენლობის თანხმობითა და  ერთსულოვანი ნებით მივიღეთ, როგორც ცნობილია, საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე კარგა ხანია მოითხოვს ქალაქის მთავარი მოედნიდან ლენინის ძეგლის აღებას, ამ ადგილის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა – რეკონსტრუქციას, რა დასამალია და, თბილისი ძეგლების ქალაქად გადაიქცა. ერთი პიროვნების ამდენ  ქანდაკებას იშვიათად შეხვდებით სხვაგან. ისიც ცნობილია, რომ ბოლო დროს რამდენჯერმე იყო ძეგლის აღების თვითნებური მცდელობა, რის გამოც დაზიანდა ქანდაკების კვარცხლბეკი. როგორც ჩანს, ქვეყნის სხვა ქალაქებში ლენინის ძეგლების აღებამ ჩვენთანაც წარმოშვა იგივე სურვილი. გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორიც – ლენინის მოედანზე ძეგლის დადგმა უკავშირდება 1956 წლის 9 მარტის სისხლიან ამბებს და ესეც გამაღიზიანებლად მოქმედებდა ხალხზე, უსიამოვნო ასოციაციებს იწვევდა თბილისელებში. ყოველდღიურად ამ ადგილს იცავდა მილიციელთა გაძლიერებული რაზმი, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველთა დიდი ნაწილი ჩამოცილებული იყო თავის ძირითად საქმეს. ადამიანებთან მილიციის სისტემატური შეხლა-შემოხლა  უარყოფიად მოქმედებდა ქალაქის ცხოვრების რიტმზე. ყველაფერ ამის გათვალისწინებით საქალაქო საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება „ლენინის მოედნის რეკონსტრუქციისა და კეთილმოწყობის შესახებ,“ რომელიც ძეგლის გატანას ითვალისწინებს. დემონტაჟი გუშინ საღამოს დავიწყეთ და გვიან ღამით დამთავრდა, ამ დროს მოედანზე შეიკრიბა უამრავი ხალხი, ისინიც ეხმარებოდნენ აღმასკომის  სამსახურის წარმომადგენლებს ძეგლის აღებაში.

მოედანი მოსწორდება, დაიგება ფილები. მომავალში კი აქაურობას ტრადიციული სახე დაუბრუნდება. თუ როგორი უნდა იყოს ეს ადგილი და რა უნდა შეიცვალოს აქ, ამის თაობაზე საზოგადოებას ვთხოვთ მოგვაწოდოს თავისი წინადადებები და მოსაზრებები.

პრეზიდიუმის მომავალ სხდომაზე გათვალისწინებული გვაქვს სხვა ტრადიციული ქუჩებისა და მოედნებისთვის ძველი სახელების დაბრუნება, ლენინისა და ოქტომბრის რაიონებისთვის ადგილმდებარეობის შესატყვისი სახელის მიკუთვნება.

ბევრი წერილია შემოსული მოსახლეობისგან, რომ სახელები შეეცვალის კიროვის, ძერჟინსკის, პირველი მაისის ქუჩებს, კოლმეურნეობის მოედანს.

აქვე მინდა თბილისელებს ვამცნო ისიც, რომ პრეზიდიუმის უახლოეს სხდომაზე ვაპირებთ დადგენილების მიღებას სავაჭრო-საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი კვების ობიექტების პრივატიზაციის, მათი ინდივიდალურ კოლექტიურ და კერძო საკუთრებაში გადაცემის  შესახებ.

ბოლოს მინდა დავძინო – ხალხის ნება ჩვენთვის უზენაესი კანონია. საჭიროა მხოლოდ თანხმობა, ურთიერთგაგება და საერთო ინტერესებისა და მიზნებისთვის გონივრული და გააზრებული მოქმედება.” 1990 წელი, 29 აგვისტო. “თბილისი”