ტეგები

, ,


სსრკ ინგრეოდა,  საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ერთმანეთან ბრძოლით ნაცვლდებოდა, ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობა უკვე გაყოფილი იყო, ერთი ნაწილი ( ზვიად გამსახურდიას გარშემო გაერთიანებული) იბრძოდა, რათა კომუნისტური ხელისუფლება დათანხმებოდა  უზენაესი საბჭოს არჩევნების არასაბჭოური, მრავალპარტიულობის პრინციპით ჩატარებას, იბრძოდა რადიკალური მეთოდებით, მრავალპარტიული არჩევნების მოთხოვნით  1990 წლის ზაფხულში სამტრედიაში  რკინიფზის ცენტრალური მაგისტრალიც კი გადაკეტა. მეორე ნაწილი უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა და ეროვნული კონგრესის არჩევნებისთვის ემზადებოდა. ზვიად გამსახურდიას მეთაურობით პირველი მრავალპარტიული არჩევნებისთვის ბრძოლამ კი შედეგი გამოიღო, საქართველოს საბჭოთა ,კომუნისტური ხელისუფლებამ უარი თქვა საბჭოთა ერთპარტიულ საარჩევნო სისტემაზე, ეს 1990 წლის  17აგვისტოს მოხდა.

elita

სწორედ 1990 წლის 17 აგვისტოს  განიხილა და მიიღო საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს სესიამ მრავალპარტიული საარჩევნი კანონპროექტი და ამავე დღეს გამოქვეყნდა საბჭოთა პრესაში ქართველი მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების, როგორც მაშინ იტყოდნენ – სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის წამყვანი  სპეციალისტების – მიმართვა პოლიტიკური ძალების ლიდერებისადმი. ამ მიმართვაში ისინი მხარდაჭერას უცხადებდნენ მრავალპარტიული პარლამენტის არჩევას, ეროვნული მოძრაობის ლიდერებს კი მოუწოდებდნენ უარი ეთქვათ ურთიერთქიშპზე და პოლიტიკაში ძალადობრივი მეთოდების გამოყენებაზე,  თან აცხადებდნენ პრეტენზიას –  აქტიური მონაწილეობა მიეღოთ ქვეყანაში შექმნილი “კრიზისული მდგომარეობიდან თავის დაღწევის მეცნიერულად გააზრებული  გზების დასახვაში,” ებრძოლათ  საქართველოს სრული სუვერენიტეტისთვის, მისი ეკონომიკის, მეცნიერების და კულტურის აღორძინებისთვის, პოლიტიკური და ეთნიკური დაძაბულობის განმუხტვისთვის, ასევე  მაღალი ზნეობრივი იდეალების დამკვიდრებისთვის. მიმართვას ხელს აწერდნენ: გრიგოლ აბაშიძე, ზურაბ აბაშიძე, გივი აბდუშელიშვილი, ვალერიან ადვაძე, ლევან ალექსიძე, რევაზ ამაშუკელი, ჭაბუა ამირეჯიბი, ვალერი ასათიანი, მარიკა ბარათაშვილი, ვახტანგ ბერიძე, მერაბ ბერძენიშვილი, ვახტანგ ბოჭორიშვილი, ნანი ბრეგვაძე, თენგიზ ბუაჩიძე, ანზორ ბურჯანაძე, ნონა გაფრინდაშვილი, რევაზ გაჩეჩილაძე, რისმაგ გორდეზიანი, ეთერ გუგუშვილი, ნოდარ გურეშიძე, თამარ დეკანოსიძე, ანზორ ერქომაიშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, რევაზ თაბუკაშვილი, გენო კალანდია, ოთარ ლითანიშვილი, ჯუმბერ ლომინაძე, მარიამ ლირთქიფანიძე, გიგა ლორთქიფანიძე, ირაკლი მენაღარიშვილი, როინ მეტრეველი, რომან მიმინოშვილი, ჯუნა მიქატაძე, დავით მუსხელიშვილი, ლევან სანიკიძე, გურამ  ფანჯიკიძე, ნათელა ურუშაძე, მორის ფოცხიშვილი,ჯანსუღ ღვინჯილია,ჯანსუღ ჩარკვიანი, კოტე ჩოლოყაშვილი, რევაზ ჩხეიძე, აკაკი ძიძიგური, ოთარ ჭელიძე, ანზორ ჭითანავა, ფრიდონ ხალვაში, ელიზბარ ჯაველიძე, მედეა ჯაფარიძე, რევაზ ჯაფარიძე და სხვები.. გავიდა დრო და ამ ადამიანების ნაწილი პოლიტიკაში მოძალადეების რიგებში ჩაეწერა.

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გაგაცნობთ  ქართული საბჭოთა “ელიტის”  1990 წლის 17 აგვისტოს მიმართავს, ამ დღისთვის უკვე მოგებული იყო მძაფრი ბრძოლა მრავალპარტიული არჩევნებისთვის.

“ჩვენს ქვეყანაში სულ უფო ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. წარმოება იკვეცება, სიძვირე მატულობს, ცხოვრება უარესდება, თვითნებობამ, განუკითხაობამ, კანონების დარღვევამ, მაფიის მოძალებამ გაუგონარ მასშტაბებს მიაღწია.

შექმნილ ვითარებაში ხელისუფლება სათანადოდ ვერ მართავს სიტუაციას, ვერ გვთავაზობს კრიზისული მდგომარეობიდან რეალურ გამოსვლას.

რთული ვითარება შეიქმნა, ეროვნულმა მოძრაობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხალხის პოლიტიკური თვითშეგნების ამაღლებაში, მაგრამ ამჟამად თავი იჩინა სხვადასხვა პარტიათა და გაერთიანებათა შორის შეუთანხმებლობამ, რომელიც სრულ კონფრონტაციამდეც მიდის.

გათიშულობა, შეუწყნარებლობა, ურთიერთდაუნდობლობა ხელს უშლის ქართველი ხალხის ეროვნულ -პოლიტიკურ შემტკიცებას და აბრკოლებს ეროვნულ მოძრაობას.

სამშობლოს მრავალი საფრთხე შეექმნა, მოვლენები კი სწრაფად ვითარდება, აუცილებელია საქართველოს მოსახლეობის შეკავშირება.

საფრთხის წინაშე გვაყენებს ერთაშორისი დაძაბულობაც, საქართველოში მცხოვრები არაქართველი მოსახლეობის ნაწილს, სამწუხაროდ, არ სჯერა, რომ ქართველი ხალხი შეძლებს ისეთი დამოუკიდებელი საქართველოს შექმნას, რომელშიც დაცული იქნება ყველა ერის, ეთნიკური ჯგუფის და პიროვნების უფლებები და მათ შესაძლებლობა ექნებათ მშვიდობიანი ცხოვრებისა და განვითარების.

ყოველივე ამის უმთავრესი მიზეზი, გარეშე ძალების მოქმედების გარდა ისიც არის, რომ ჯეროვნად ვერ  ვაფასებთ დღევანდელ ისტორიულ მომენტს, გვაკლია რეალისტური, თვითკრიტიკული აზროვნება, ხშირად  – პარტიულ და პირად ამბიციურ ინტერესებს უფრო მაღლა ვაყენებთ, ვიდრე ეროვნულ და საერთო-სახალხო ინტერესებს.

და ეს ხდება მაშინ, როცა ისახება რეალური შეასძლებლობა შეიქმნას საქართველოს დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც დამკვიდრდება კანონის უზენაესობა, დაცული იქნება ყველა ხალხის, სოციალური ჯგუფებისა და პიროვნების უფლებები. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა.

შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამო მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც  ძვირფასია საქართველოს ხვალინდელი დღე, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა, პარტიულობისა, ეროვნებისა, სარწმუნოებისა, გამოიჩინოთ სიბრძნე და სიდარბაისლე, ხელი აიღოთ კონფრონტაციაზე, უარი თქვათ პოლიტიკურ საქმიანობაში ძალადობაზე, რათა შევქმნათ დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო…..

ამ მაღალი, კეთილშობილური მიზნით შევიკრიბეთ ჩვენ, საქართველოს მეცნიერების, კულტურის, სახალხო მეურნეობის, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები და გადავწყვიტეთ შევქმნათ „საქართველოს ეროვნული თანხმობის კავშირი,“ რაც გულისხმობს თანხმობას როგორც ქართველთა, ასევე საქართველოში მოსახლე ყველა  ხალხს შორის. „ საქართველოს ეროვნული თანხმობის კავშირის“ შექმნა არ ნიშნავს მორიგი პოლიტიკურ პარტიის დაარსებას, მისი მიზანია დასახოს დღევანდელი კრიზისული მდგომარეობიდან თავის დაღწევის მეცნიერულად გააზრებული გზები, იბრძოლოს საქართველოს სრული სუვერენიტეტისთვის, მისი ეკონომიკის, მეცნიერების და კულტურის აღორძინებისთვის, პოლიტიკური და ეთნიკური დაძაბულობის განმუხტვისთვის, მაღალი ზნეობრივი იდეალების დამკვიდრებისთვის.

მწვავე საარსებო პრობლემების წარმატებით გადაჭრის საშუალებად გვესახება მრავალპარტიულობის პირობებში არჩეული კომპეტენტური საკანონმდებლო ორგანო, ჩვენს წმინდათწმინდა ვალად მიგვაჩნია, მხარი დავუჭიროთ მხოლოდ ღირსეულთ, რათა შეიქმნას პარლამენტი, რომელიც საღ აზრს და პროგრესულ იდეებს დააკანონებს.”