ტეგები

, , ,


ქარიშხალში მოხვედრილ გემს მაშინ შეუძლია გადარჩენა, თუ ჭკვიანი, ენერგიული, საქმის მცოდნე კაპიტანი ჰყავს, რომელსაც კომანდა ერთგულებას უცხადებს და ემორჩილება. საქართველო დღეს ქარიშხალში მოხვედრილი გემია. კომანდაც სჭირდება და კაპიტანიც.” აკაკი ბაქრაძე, 1990.

1990 წლის ზაფხულში, როცა ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთი ფრთა უზენაესი საბჭოს არჩევნებისთვის ემზადებოდა, მეორე კი უზენაესი საბჭოს არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა და  კონგრესს ირჩევდა, როცა ამ ორ ფრთას შორის სახეზე იყო მწვავე მსოფლმხედველობრივი ურთიერთდაპირისპირება, აკაკი ბაქრაძემ თავის ერთ წერილში ჩამოაყალიბა  პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ არჩევნებს ანიჭებდა უპირატესობას. “გარდაუვალი აუცილებლობა,”  1990 წლის 27 ივლისს ამ სათაურით გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც ეწერა: 

akaki“საქართველოს გასათავისუფლებლად სხვა გზა, გარდა სამართლებრივი პარლამენტური ბრძოლისა, არ არსებობს. გარდა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოსი არ არსებობს სხვა იურიდიული ინსტიტუტიც, რომელსაც რეალური უფლება ექნებოდა გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

დღეს კიდევ არსებობს ( ხვალ შეიძლება აღარ იქნეს) საშუალება იმისა, რომ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო შეივსოს დეპუტატებით, რომელთაც მინიმუმ სამი ნიშანი მაინც უნდა ახასიათებდეთ – მაღალი პოლიტიკური განათლება, ორგანიზატორული საქმიანობის ნიჭი და ეროვნული მოძრაობის ერთგულება.

თუ ოქტომბრის ბოლოს საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები ჩაიშლება, ამას მოსკოვი დიდი სიამოვნებით და კმაყოფილებით შეხვდება, არსებითად საქართველო დარჩება საკანონმდებლო, იურიდიული ინსტიტუტის უქონლად. არადა, უამრავი საქმეა გასაკეთებელი, სწორედ საკანონმდებლო თვალსაზრისით, საქართველოს მომავალ თავისუფალ, დამოუკიდებელ, სამართლებრივ სახელმწიფოს იურიდიული საფუძველი დღესევე უნდა ჩაეყაროს. თუ ამის გაკეთება დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დავაპირეთ, საქართველოში ისეთი უბედურება დატრიალდება, რომ ლიბანი წესრიგის განსახირებად მოგვეჩვენება.

ახალმა კანონებმა არა მარტო დემოკრატიული სამართლებრივი სისტემა უნდა შექმნას, არამედ ქართველ ხალხში დემოკრატიული უნარებიც უნდა გამოიმუშავოს. თუ დემოკრატიული აზროვნება არ ვისწავლეთ, ვერაფერს გვიშველის დემოკრატიული  სახელმწიფოს სტრუქტურა. მართალი იყო გერცენი, როდა ფიქრობდა: არ შეიძლება ადმიანი უფრო მეტად გაათავისუფლო გარეგან ცხოვრებაში, ვიდრე იგი თავისუფალია შიგნიდან.

უზენაეს საბჭოს ეროვნული კონგრესი ვერ შეცვლის. ამას თავად კონგრესი აღიარებს. გაზეთებში გამოქვეყნებული წერილების მიხედვით, მას არც საკანონმდებლო ინსტიტუტის პრეტენზია აქვს და არც ხელისუფლების ხელში ჩაგდების. კონგრესს სურს ეროვნული მოძრაობის მაკოორდინირებელი ორგანოს როლი შეასრულოს. მაგრამ ამას როგორ შეძლებს, თუ ეროვნული მოძრაობა ერთიანი არ იქნება? სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გათიშულ ეროვნულ მოძრაობას შეთანხმების პირი არ უჩანს.

ცხადია, შეთანხმება  არ ნიშნავს საკუთარი პარტიული პრინციპების უარყოფას. შეთანხმება ნიშნავს იმ ძირეული დებულებების გამოძებნას, რომელსაც ორივე მხარე აღიარებს და თანაბრად პატივს სცემს. მაგალითად, აშშ-ის ორივე მთავარ პარტიას – რესპუბლიკურსა და დემოკრატიულს – მკაფიოდ გამოხატული საკუთარი პრინციპები აქვს, მაგრამ არსებობს ის საერთოც, რასაც ორივე აღიარებს და წმინდათწმინდად მიაჩნია. ესენია: 1. კერძო საკუთრების ინსტიტუტი, 2. სახელმწიფოს რესპუბლიკური წყობა, 3. ფედერალური კონსტიტუცია. ჩვენც უნდა გამოვძებნოთ ისეთი ფუნდამენტი, რაზეც აშენდება სხვადასხვა პარტიათა თანხმობა – კავშირი, სხვაგვარად ეროვნული მოძრაობა წინ ვერ წავა.

უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ, უზენაესი საბჭოს არჩევნებთან ერთად, უპირველესი მნიშვნელობა აქვს იმ კაცის გამოძებნას, საქართველოს მოსახლეობა ნდობას რომ გამოუცხადებს და, თუნდაც ერთი საარჩევნო ვადით, ქვეყნის ბედს ჩააბარებს. ქარიშხალში მოხვედრილ გემს მაშინ შეუძლია გადარჩენა, თუ ჭკვიანი, ენერგიული, საქმის მცოდნე კაპიტანი ჰყავს, რომელსაც კომანდა ერთგულებას უცხადებს და ემორჩილება. საქართველო დღეს ქარიშხალში მოხვედრილი გემია. კომანდაც სჭირდება და კაპიტანიც.

არასოდეს ვყოფილვარ და არც არასოდეს ვიქნები პიროვნების ლენინიზაციის მომხრე ( ლინინიზაციას ვეძახი პიროვნების „გაღმერთებას.“) ყველა ხედავს, რა დღეში ჩააგდო ლენინიზაციამ თავად ლენინი და მისი პარტია. პიროვნების ლენინიზაცია ანტიბუნებრივი, ანტიადამიანური მოვლენაა, სულერთია რისი სახელით ხდება იგი – სოციალიზმისა თუ ეროვნული მოძრაობის, მას დამღუპველი შედეგი მოაქვს სწორედ იმ ადამიანისთვის, ვინც ლენინიზაციის მსხვერპლი ხდება, ლიანგის უგუნურების გამო.

ადამიანს ადამიანურად უნდა დაფასება, თორემ ისტორიამ გესლიანი დაცინვა იცის. მაგალითად? ჯერ სტალინის გამოსვენება მავზოლეუმიდან და ახლახან – დიმიტროვისა. ხვალ ამ ბედს ლენინი გაიზიარებს. ამიტომ, როცა ქვეყნის მეთაურის ( პრეზიდენტის) არჩევნებზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ წმინდა დემოკრატიულ პრინციპს. პრინციპს, როცა ალტერნატიული კანდიდატურები არსებობენ, კენჭისყრაა საყოველთაო – სახალხო,ფარული და პირდაპირი.”

“ლიტერატურული საქართველო”, 1990 წლის 27 ივლისი.