ტეგები

,


1990 წლის ზაფხულში ეროვნული მოძრაობა უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მომხრეებად და  ამ არჩევნების ბოიკოტისტებად იყო გაყოფილი, არადა, საბჭოთა ხელისუფებაზე ზეწოლით საქართველოში  უკვე გადაწყვეტილი იყო პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება. აღნიშნულის მიუხედავად ბოიკოტისტების არაოფიციალური პარალელური ორგანოს – ეროვნული კონგრესის – არჩევნებისთვის ემზადებოდნენ.”მწვანეთა პარტიის” სპიკერი ზურაბ ჟვანია იმ დროს აცხადებდა: “ჩვენ მოვიპოვეთ ისტორიული შეასძლებლობა – საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველებმა ჩავატართ  რეალურად მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები. ახლა მთავარია გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა.  მრავალპარტიული პარლამენტი, რომლის მთავარი ამოცანაც იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, ეროვნული ინტერესების დაცვა, „საბჭოურად“ არანაირად  შეიძლება  ჩაითვალოს იმ გაგებით, რა გაგებითაც ეს ცნება ჩვენში იწვევს  შეშფოთებას. თუ „საბჭოურში“ ვიგულისხმებთ, რომ არჩევნები ტარდება საბჭოთა კავშირში შემავალ ტერიტორიაზე ( ჯერ კიდევ!)  მაშინ ცხადია – ამავე ლოგიკით ეროვნული კონგრესისა და ნებისმიერი სხვა ორგანოს არჩევნებიც „საბჭოური“ იქნება.”

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გთავაზობთ ზურაბ ჟვანიას მოსაზრებებს იმ საკითხებზე, რომლებიც  1990 წლის ზაფხულში ყველაზე აქტუალური იყო საქართველოში. ეს  მოსაზრებები არის ამავე პერიოდში გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნებული ინტერვიუდან.

zura

 

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ, თუ არჩევნები არ ჩაიშალა საბოტაჟისა და პროვოკაციების შედეგად, საქართველოს ეყოლება სავსებით ოფიციალური, ყველა თვალსაზრისით კანონიერი ხელისუფლება, რომელსაც ვერც ერთი საღად მოაზროვნე და ობიექტური ადამიანი „საბჭოურს“ ვერ უწოდებს, ვიანაიდან მრავალპარტიული პარლამენტი, რომლის მთავარი ამოცანაც იქნება

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, ეროვნული ინტერესების დაცვა, „საბჭოურად“ არანაირად  შეიძლება  ჩაითვალოს იმ გაგებით, რა გაგებითაც ეს ცნება ჩვენში იწვევს  შეშფოთებას. თუ „საბჭოურში“ ვიგულისხმებთ, რომ არჩევნები ტარდება საბჭოთა კავშირში შემავალ ტერიტორიაზე ( ჯერ კიდევ!)  მაშინ ცხადია – ამავე ლოგიკით ეროვნული კონგრესისა და ნებისმიერი სხვა ორგანოს არჩევნებიც „საბჭოური“ იქნება. მაშინ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გაჭიანურებით „შეწუხებული“ მოსკოვი როდის გაიყვანს საოკუპაციო ჯარებს და შემდეგ ვიზრუნოთ ხელისუფლების არჩევაზე.

საერთოდ მეჩვენება, რომ კამათი არჩევნების „საბჭოურობა – არასაბჭოურობის“ შესახებ, ხშირშემთხვევაში, ხალხის განწყობილებებზე სპეკულაციისა და დემაგოგიის ხასიათს ატარებს. ახლა გასარკვევია  ის, ვართ თუ არა მზად ვიტვირთოთ სრული პასუხისმგებლობა მოვლენათა განვითარებაზე, თუ გვირჩევნია, პოლიტიკურ პოზებს გადაყოლილებმა რეალური მოქმედების საშუალება ისევ არსებულ ხელისუფლებას დავუტოვოთ?!

jvania

ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მაგალითი თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ მსოფლიო საზოგადოება მნიშვნელობას სწორედ რეალურ მოქმედებებს ანიჭებს და  არა საკმაოდ ბუნდოვან თეორიულ სპეკულაციებს. იმისდა მიუხედავად, სცნო თუ არა აშშ-მა  ან ნებისმიერმა სხვა სახელმწიფომ ლიტვის დამოუკიდებლობა, სავსებით ცხადია, რომ იგი სცნობს  ლანდსბერგისს ლიტვის კანონიერ პრეზიდენტად. პრობლემები, რომელიც  ბალტიის  სამივე რესპუბლიკას გააჩნია, არის არა არსებული ხელისუფლების კანონიერების, ან მათი მოქმედების საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამობის პრობლემები, არამედ ნებისმიერი პატარა ხალხის დიდ იმპერიასთან დაპირისპირების ოდითგანვე არსებული პრობლემები და ისევე, როგორც თავისუფლებისთვის მერბრძოლ სხვა ხალხებს, ლიტველებს, ლატვიელებს და  ესტონელებს შესანიშნავად ესმით, რომ ამ მეტად რთულ და მძიმე ბრძოლაში მათ არა აქვთ უფლება უარი თქვან ისეთ მნიშვნელოვან იარაღზე, როგორიცაა ოფიციალური ხელისუფლების ხელში აღება.

ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ საკმაოდ სევდიან სინამდვილეს, რომ  თანამედროვე სამყაროში საერთაშორისო სამართალს იყენებენ ისინი, ვისაც ზურგი ბირთვული რაკეტებით  აქვს გამაგრებული, ჩვენი იარაღი კი გონიერება, სიტუაციის რეალისტური შეფასება და თანმიმდევრულობა უნდა იყოს.

სავსებით  ვიზიარებ  ბატონ აკაკი ბაქრაძის შეფასებას- მოსკოვი მით უფრო ხმამაღლა ყვირის, რაც უფრი დარწმუნებულია, რომ  ბალტიის სამივე რესპუბლიკა საბოლოოდ დაუსხლტა ხელიდან. ბევრად უფრო საეჭვოა ის სიმშვიდე, რითაც კრემლი საქართველოს უმაღლესი საბჭოს ყოველგვარ გადაწყვეტილებას ხვდება.

ბალტიისპირელებისგან, პირველ რიგში, დამოუკიდებლობის აღდგენისადმი პრაქტიკული, კონკრეტული  პროგრამებისა და მოქმედებების გამომხატველი მიდგომა უნდა ვისწავლოთ. სამწუხაროდ ჩვენში მოღვაწე მრავალ პოლიტიკოსს სუვერენიტეტის ეკონომიკური ასპექტების მნიშვნელობაც კი სრულად არ ესმის. ჩვენთვის საქართველოს დამოუკიდებლობა დღემდე საკმაოდ აბსტრაქტულ ცნებად რჩება და მისი დაკონკრეტება სამიტინგო გამოსვლების მიღმა აღარ ხდება. დამუკიდებლობისთვის ამგვარ ბრძოლას კი მოსკოვი, ცხადია, თავისთვის მაინცდამაინც სახიფათოდ ვერ მიიჩნევს.

ნათქვამს იმასღა დავუმატებ, რომ  ვერც ლიტვური და ვერც სხვა რომელიმე გზა მთლიანობაში საქართველოს მრავალი მიზეზის გამო ვერ გამოადგება. ჩვენ საკუთარი გზა გვაქვს გასავლელი. არ უნდა ვიფიქროთ, რომ   ბალტიისპირელებთან შედარებით არანაირი უპირატესობა არ გაგვაჩნია, ასეთი საკმაოდ მრავალია და მათ  დროული და მოხეხებული გამოყენება უნდა. ჩვენ მოვიპოვეთ ისტორიული შეასძლებლობა – საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველებმა ჩავატართ  რეალურად მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები. ახლა მთავარია გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა.”

 

მასალაში ასევე გამოყენებულია ზურაბ ჟვანიას ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან.