ტეგები

, , ,


საბჭოთა კავშირის უკანასკნელ ეტაპზე საინტერესო იყო ასე ვთქვათ  ცვლილება, რასაც კომპარტიის მაშინდელი  წარმომადგენლები  ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის აღზევების ფონზე ავლენდნენ.

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი  1988 -ში მწერლებს და პოეტებს დისციპლინისკენ მოუწოდებდა: “საქართველოს კომპარტიის 27-ე ყრილობაზე რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ამხანაგმა ჯუმბერ პატიაშვილმა მკაფიოდ და დაბეჯითებით მოგვიწოდა დისციპლინისა და წესრიგის განმტკიცებისკენ, ლიტერატურის ხელოვნების და მეცნიერების აღორძინებისთვის, კეთილსინდისიერი და პატიოსანი შრომისთვის…ყველა მწერალი მოვალეა მტკიცედ და განუხრელად ახორციელებდეს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის გენერალურ ხაზს, რაზმავდეს ხალხს მამულის ჭირსა და ლხინში.”  უკვე 1990 წლის ივლისში თავის  “მოსკოვურ ჩანაწერებში” ჯანსუღ ჩარკვიანი აღნიშნავდა: “კომპარტიაში მყოფი ინტელიგენციის თანამოაზრეთა უმეტესი ნაწილი ეროვნული მოძრაობის ქარიშხლით სუნთქავდა, ასეა დღესაც, ასე იქნება.”

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” მოვიყვანთ რამდენიმე საინტერესო ამონარიდს ზემოთ ნახსენები “მოსკოვური ჩანაწერებიდან.”ის გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” 1990 წლის ზაფხულში გამოქვეყნდა  რუბრიკაში “დელეგატი ყრილობიდან დაბრუნდა.” ჯანსუღ ჩარკვიანი საკავშირო ყრილობის მიმიდინარეობას დეტალებში აღწერდა და დაასკვნიდა:  “კიდევ ერთხელ  დავრწმუნდით, ჩვენ იმათთან არაფერი საერთო არა გვაქვსო.”

moskovi

“მოვთავსდით სასტუმრო „მოსკოვში,“ შეგვაბრძანეს შესანიშნავ ნომრებში. ბუფეტი და რესტორანი სავსეა და  გადასდის კიდევაც, ხოლო მოსკოვი შიმშილობს, არაფერი არსად არაა და, თუ არის,  უნდა გქონდეს მოსკოვის პასპორტი. რასაც ლიტვას დასცინოდნენ, თვითონ მიუბრუნდათ, სწორედ ამაზეა ნათქვამი – „ ნუ დასცინი სხვასაო.“

წითელ მოედანზე, „გუმის“ მხრიდან, ლენინის ვეებერთელა პორტრეტია გამოფენილი, თითქოს ვიღაცათა ჯინაზე გაუდიდებიათ. მისი სიგრძე 30 მეტრი იქნება, სიგანე 20 მეტრი, აი, მიწებს რომ გვირიგებენ საბოსტნედ იმხელა.

ლენინი გადაღმა  თავის მავზოლეუმს გადასცქერის. იქ კი ხალხი მიდის და მოდის გაუთავებლად. დღეს  მოსკოვში ლენინი დიდ გასავალშია და განადიდებენ სწორედ ისე, როგორც სტალინის დროს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დღევანდელი სიყალბე უფრო გაშიშველბულია.

შევდივარ, რათა გავიაროთ  რეგისტრაცია. კრემლში ყველაფერი ძველებურადაა, დიდხანს უყურებენ შენს სურათს, ჩაგხედავენ  თვალებში ჩეკისტურად, რა იცი, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ხომ შეიძლება ვინმე „შპიონი“ შეიპაროს და მთელს ჩვენს საიდუმლოებას ფარდა ახადოს? თუმცა მთავარი საიდუმლოება უკვე გათქმულია: ხალხი მშიერია, ხალხი ღატაკია, ხალხი გაბოროტებულია და დაბოღმილი, ხალხს ერთმანეთი სძულს,  განსაუთრებით კი ის ერი, რომელსაც სიტყვა წამოცდა თავისუფლებაზე…”

__________________________________________________________________

“იმპერია იბრძვის პარტიის წესდებაში  შესატან ყოველ სიტყვაზე, იმპერია იბრძვის რესპუბლიკათა პარტიების შეზღუდვისათვის, უფრო მეტიც, მათი უუფლებობისთვის, იბრძვის პირდაპირ, აშკარად, ცოფმორეული.

ბრძოლისათვის  ისინი იყენებენ თავად რესპუბლიკათა გამყიდველ წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ბალტიისპირელთა საკავშირო პლატფორმაზე მყოფ  კომუნისტებს, ხშირ შემთხვევაში კი გადაგვარებულებს.

კიდევ ერთხელ  დავრწმუნდით, ჩვენ იმათთან არაფერი საერთო არა გვაქვს…”

_________________________________________________________________

 

“მეათე მიკროფონთან ერთმა დეპუტატმა შემოიტანა წინადადება, რათა მასწავლებელს ხელფასი janმოემატოს. წინადადებას დარბაზის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. აი, ასეთ ხალხთან გვქონდა საქმე, კაცი, რომ მასწავლებლისთვის  მთავრობის ფულს არ გაიმეტებს, ( როცა მთავრობაც მოწადინებულია), ის კაცი თავისუფლებას გაიმეტებს? არა, ბატონო, ამ ჭაობიდან დროზე უნად დავძვრეთ!

კიდევ მოგახსენებთ, წინადადება შემოიტანეს, რათა ჩერნობილელ ბავსვებს მთავრობამ მეტი  ფული გამოუყოს ( პარტიის ფონდიდან), რათა საცოდავმა და ავადმყოფმა ბავშვებმა ზაფხულის ცხელ დრეებში იმკურნალონ და დაისვენონ. თქვენ წარმოიდგონეთ, ხმათა უმარვლესობა წინააღმდეგი იყო ფულის გამოყოფისა. მეორედ უყარეს  კენჭი, სთხოვეს  მოწინააღმდეგე მხარეს, რომ „ჩემი და სხვისი ბავშვი არ არსებობს,“ რომ გაჭირვებული ბავშვი ყველასია, მაინც არ მისცეს ხმა, გესმით? მთავრობის ფული ვერ გაიმეტეს ბავშვისათვის, რაზეა ლაპარაკი?

ვინ მოგვცემს თავისუფლებას? ისინი ყველანი  გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს. ასე რომ, თავისუფლება ჩვენით  უნდა მოვიპოვოთ. მხოლოდ ჩვენით.

დღესაც  ყივის ცხრა აპრილს დაღვრილი სისხლი. სისხლიანი გენერალი როდიონოვი, რომელიც საქართველოს  რჩეული სახალხო დეპუტატია, ყრილობაზე დაიჯგიმება. ლიგაჩოვი პირზე ადგება მთელ პოლიტბიუროს, მაგრამ ბრალს სდებს საქართველოს მთავრობას და მოითხოვს არაფორმალთა ლიდერების დაჭერას..

სისხლი იღვრება აზებაიჯანში, სომხეთში. რესპუბლიკები გადაეკიდნენ ერთმანეთს. ერთმანეთში ირევა: ბლოკადა ლიტვაში, ჩერნობილის დიდხანს მოუშუშებელი ტრაგედია, უღატაკესი სისტემის, სოციალიზმის დაცვა, უკან მობრუნება ლენინიზმისკენ… არავითარი იმედი იმისა, რომ..  და ისევ  შემდეგ დაუსრულებლივ..

არავინ იცნობს  ქვეყანაზე შენს საწყალ საქართველოს, სამაგიეროდ ქვეყანამ გაიცნო ნამიბია, აი, მადლი თავისუფლებისა,  რომელსაც არავინ იძლევა, რომელიც უნდა მოიპოვო..

დამთვარდა კომუნისტების ყველა ფორუმი, ძალიან ძვირი დაუჯდა იგი ღატაკ  სახელმწიფოს და ბოლოს, არ შეიძლება იყო სუვერენული თუ საკავშირო  კონსტიტუცია მართავს შენს სუვერენიტეტს. კონფედერაციამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა, ალბათ, ეს გზაც გასავლელია ( რეალურად ასეა).

ახლა ისიც მინდა ვთქვა, სამოკავშირეო ხელშეკრულებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ახალ სუვერენულ რუსეთთან რომ უნდა დავდოთ ხელშეკრულება, ამას წყალი არ გაუვა!

ამ ყრილობაზე, საერთოდ, ღირსებაზე თუ შიძლება ლაპარაკი, ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ საქართველოს დელეგაციამ ღირსეულად  და პირდაპირ გამოხატა თავისი პოზიცია.

შეიძლება იყო კომუნისტური პარტიის წევრი და აკეთებდე ეროვნულ საქმეს, ფიქრობდე საქართველოს მომავლისთვის, რომ საქართვლო წაართვა იმპერიულ ურჩხულს..საქართველოს კომპარტია აუცილებლად უნდა გამოეყოს საკავშირო კომპარტიას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამოუკიდებელი კომპარტია ( მითუმეტეს ამის უფლება მოსკოვში თითქმოს მოვიპოვეთ).

კომპარტიაში მყოფი ინტელიგენციის თანამოაზრეთა უმეტესი ნაწილი ეროვნული მოძრაობის ქარიშხლით სუნთქავდა, ასეა დღესაც, ასე იქნება!

წინ უამრავი საქმეა გასაკეთებელი, ეროვნული მოძრაობის პულსი უფრო რიტმულად და უფრო ძლიერად ფეთქავს და  დღეს არა გვაქვს უფლება თვალის მილულვისა..

იმპერია  ინგრევა, ფრთხილად, ნანაგრევებში არ მოვექცეთ!

გზა სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტამდე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე უნდა აღმოცენდეს, უზენაესი საბჭო, რომელსაც ოქტომბერში ავირჩევთ, თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ეკლიანია ეს გზა, მაგრამ შემდგომ – ვარდით მოფენილი. „ სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა!“
საქართველო ყევლა პარტიაზე უფრო მაღალ დგას.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

აღდგება იგი!

ჭეშმარიტად!”

1990 წელი, 1- 12 ივლისი, მოსკოვი, 

ჯანსუღ ჩარკვიანი.