Tags

, ,


რატომ მიათვლიდა აკაკი ბაქრაძე რუსეთს აზიას?  რატომ უხსნიდა ქართველ ხალხს, რომ მისთვის გადამწყვეტი იქნებოდა, რამდენად სწრაფად აითვისებდა და გაითავისებდა ევროპულ კულტურას?

აკაკიდედამიწის ყველა კუთხეში ადამიანთა ნივთიერი ყოფა იქ გაუმჯობესდა, სადაც საზოგადოებამ ევროპული კულტურა აითვისა და გაითავისა.” –  აღნიშნავდა  ა. ბაქრაძე  წერილში “ჭკვიანი პოლიტიკოსები ტროას ცხენში სხდებიან”  და დასძენდა:  “რუსეთის კულტურას ევროპული ხასიათი და თვისება არა აქვს. რუსმა შეიძლება უზარმაზარი ენერგია დახარჯოს, ნიჭი გამოავლინოს, მაგრამ ზარბაზანი – მეფე შექმნას, რომელიც არ ისვრის, მეფე-ზარი ჩამოასხას, რომელიც არ რეკავს. რუსულ კულტურაში არის ერთი მეტად სავალალო თვისება – ნიჭისა და ენერგიის ამაოდ ხარჯვა. ეს თვისება ყოვლად უცხო და მიუღებელია ევროპული კულტურისათვის. რაკი ეს თვისება ვერ მოიცილა რუსულმა კულტურამ, ვერც ევროპული კულტურის ათვისება და გათავისება მოახერხა. ამის ბრალია, რომ ქვეყანა, რომელიც კოსმოსში დაფრინავს, ფანქარს ვერ ამზადებს. ქვეყანა, რომელსაც თერმობირთვული იარაღის ქარხნები აქვს, უსაპნოდ არის დარჩენილი. ქვეყანა, რომელიც უდიდეს ბუნებრივ სიმდიდრეს ფლობს, მშიერმწყურვალი კვდება. რაკი ჩვენ ბედმა რუსეთთან ხანგრძლივი ცხოვრება გვარგუნა, ამ გაკვეთილს ქართველი ხალხი ღრმად უნდა ჩაუკვირდეს.”

აკაკი ბაქრაძის  წერილი “ჭკვიანი პოლიტიკოსები ტროას ცხენში ხსებიან,” საქართველოს რუსთაველის საზოგადოების გამოცემაში 1990 წლის ზაფხულში გამოქვეყნდა. ამონარიდს ამ ძალიან საინტერესო ტექსტიდან ვრთავთ ჩვენს  “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში.”

“ალბათ, მკითხველი გაიკვირვებს, რომ რუსეთი აზიას მივათვალე, ხოლო იაპონია საერთოდ არ ვახსენე. საქმე ის გახლავთ, რომ, როცა საკაცობრიო წონასწორობის ჯგუფებს ჩვენებურად ვალაგებდი, უპირველესად კულტურის ხასიათს ვითვალისწინებდი.

ხასიათის მიხედვით ევროპული კულტურა ძირითადად განსხვავდება აზიური კულტურისგან. რა თქმა უნდა, უაღრესად ძნელია საერთო ნიშნის გამოძებნა ისეთი თავისთავადი და განსხვავებული კულტურებისა, როგორებიც არაბული, ინდური, სპარსული, ჩინური კულტურებია. მაგრამ არის ერთი საერთო ნიშანი, რომელიც, ერთი მხრივ, მათ ანათესავებს, და, მეორე მხრივ, განასხვავებს ევროპული კულტურისგან. თუ ევროპული კულტურა თანაბარი ძალითა და თანაბარი ჰარმონიით გულისხმობს ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ განვითარებას, აზიური კულტურა ჩაკეტილია მხოლოდ ჰუმანიტარულ სფეროში. დღევანდელი სამეცნიერო-ტექნიკური ცივილიზაციის აღორძინებაში აზიური კულტურის წვლილი ან ძალიან მცირეა ან საერთოდ არ არსებობს.

ევროპული კულტურა თეორიულიც არის და პრაქტიკულიც. აზიური არსებითად მხოლოდ თეორიულია. ევროპისათვის თანაბრად საყურადღებოა ( და მნიშვნელოვანიც) „ფაუსტის“ დაწერაც, შიდაწვის ძრავის გამოგონებაც და მიზიდულობის კანონის აღმოჩენაც. ამ თვისების გამო ევროპული კულტურა უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოების ნივთიერ ყოფიერებაზე. ვერც რელიგია, ვერც ფილოსოფია, ვერც ლიტერატურა და ვერც რომელიმე სხვა მოძღვრებანი ვერ ცვლიან ადამიანის ნივთიერი ყოფიერების პირობებს. ისინი ამდიდრებენ და ამაღლებენ ადამიანის სულს, მაგრამ ვერაფერს უშვრებიან მის ხორცს. არადა, ყევლა დროში, ყველა ეპოქაში, კაცობრიობის ძირეულ უმრავლესობას ხორცის კეთილდღეობა იზიდავს და არა – სულის. ბევრი ეცადა კაცობრიობის უკეთესი ნაწილი გაქცეოდა სულისა და ხორცისადმი ამგვარ დამოკიდებულებას, მაგრამ ვერაფერი მოახერხა. ვერც მომავალში მოახერხებს. ხორცი თავისას ითხოვს. იგი უნდა დაკმაყოფილდეს. მეტნაკლებად ამას მეცნიერულ – ტექნიკური ცივილიზაცია ახერხებს. იგი ქმნის იმ საშუალებებს, რომლითაც კაცობრიობის ნივთიერი ყოფიერება უმჯობესდება. მართალია, ეკოლოგიური კუთხით, ბევრს ვაკრიტიკებთ მეცნიერულ-ტექნიკურ ცივილიზაციას, მაგრამ ისიც ცხადია, რომ დღევანდელ ეკოლოგიური პრობლემებს ისევ მეცნიერება და ტექნიკა თუ მოაგვარებს, თორემ კულტურის სხვა დარგები მას ვერაფერს უშველის. კაცობრიობა არასოდეს იტყვის უარს არც თანამედროვე ფაბრიკა-ქარხნებზე, არც თანამედროვე ტრანსპორტზე და არც თანამედროვე ცხოვრების წესზე. პირიქით, იგი კიდევ უფრო განვითარდება და კიდევ უფრო საყოველთაო გახდება. ამ პირობებში ხსნის გზა მაინც მეცნიერებამ და ტექნიკამ უნდა გამოძებნოს.

დედამიწის ყველა კუთხეში ადამიანთა ნივთიერი ყოფა იქ გაუმჯობესდა, სადაც საზოგადოებამ ევროპული კულტურა აითვისა და გაითავისა. ამის ნათელი მაგალითია იაპონია. მან უკვე მე-19 საუკუნეში დაიწყო ევროპული კულტურის ათვისება და გათავისება. დღეს ეს პროცესი დასრულდა. ამიტომ, კულტურული თვალსაზრისით, იაპონია ევროპაა. თუმცა მან საკუთარიც მტკიცედ შეინარჩუნა. იაპონელი ერის ნიჭიერებამ იმ ზომიერებას მიაგნო, რომელიც არც საკუთარ სახეს გაკარგვინებს და არც ხელს გიშლის აითვისო სხვისი საუკეთესოც. ამდენად ვფქირობ, რომ დღევანდელი იაპონიის სულიერი და ნივთიერი ყოფიერება ევროპულია, მიუხედავად იმისა, რომ იგი გეოგრაფიულად აზიის ნაწილია.

პირქიით მოხდა რუსეთში. გეოგრაფიულად იგი ევროპაში მდებარეობს, მაგრამ კულტურულად ვერ შეძლო ევროპის წიაღში შესვლა, თუმცა ბევრს ეცადა.
საერთოდ, კულტურული ევროპა და გეოგრაფიული ევროპა ერთიდაიგივე არ არის. ისინი ერთმანეთს არ ფარავენ. გეოგრაფიულ ევროპაში ბევრი ისეთი ხალხი ცხოვრობს, რომელთაც ევროპულ კულტურასთან არავითარი კავშირი არა აქვთ. ევროპული კულტურა არის ის, რაც რომანული და გერმანული მოდგმის ხალხებმა შექმნეს.

რუსეთის კულტურას ევროპული ხასიათი და თვისება არა აქვს. რუსმა შეიძლება უზარმაზარი ენერგია დახარჯოს, ნიჭი გამოავლინოს, მაგრამ ზარბაზანი – მეფე შექმნას, რომელიც არ ისვრის, მეფე-ზარი ჩამოასხას, რომელიც არ რეკავს. რუსულ კულტურაში არის ერთი მეტად სავალალო თვისება – ნიჭისა და ენერგიის ამაოდ ხარჯვა. ეს თვისება ყოვლად უცხო და მიუღებელია ევროპული კულტურისათვის. რაკი ეს თვისება ვერ მოიცილა რუსულმა კულტურამ, ვერც ევროპული კულტურის ათვისება და გათავისება მოახერხა. ამის ბრალია, რომ ქვეყანა, რომელიც კოსმოსში დაფრინავს, ფანქარს ვერ ამზადებს. ქვეყანა, რომელსაც თერმობირთვული იარაღის ქარხნები აქვს, უსაპნოდ არის დარჩენილი. ქვეყანა, რომელი უდიდეს ბუნებრივ სიმდიდრეს ფლობს, მშიერმწყურვალი კვდება. რაკი ჩვენ ბედმა რუსეთთან ხანგრძლივი ცხოვრება გვარგუნა, ამ გაკვეთილს ქართველი ხალხი ღრმად უნდა ჩაუკვირდეს.

რა რეფორმაც უნდა ჩატარდეს რუსეთში, რა რევოლუციაც უნდა მოხდეს, მანამ არაფერი ეშველება მას, სანამ არ შეიცვლება კულტურის თვისება – ხასიათი. როგორც ჩანს, ეს ცვლილება ურთულესი საქმეა, რაკი ამის ცდა რუსეთში ჯერჯერობით ყოველთვის მარცხით დამთავრდა. ამიტომ მივათვალე რუსეთი აზიაში.

ამ გრძელი ლაპარაკით თავი იმიტომ შეგაწყინეთ, რომ მეთქვა: ქართველმა ხალხმაც უნდა განსაზღვროს თავისი კულტურის თვისება-ხასიათი. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, გეოგრაფიულად რას მიაკუთვნებენ საქართველოს – აზიასა თუ ევროპას. მნიშვნელობა აქვს და გადამწყვეტიც იმას – როგორ ავითვისებთ და გავითავისებთ ჩვენ ევროპულ კულტურას. ამ მხრივ, უპირველესად, გარდატეხა ჩვენს ცნობიერებაში უნდა მოხდეს და, რაც აუცილებლია, დაუყოვნებლივ.

დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს ფართო საერთაშორისო ურთიერთობანი დასჭირდება, ამ ურთიერთობისას ქართველი იმ მდგომარეობაში არ უნდა აღმოჩნდეს, როგორშიაც არიან იმერელი ბიჭები სომეხი ვაჭრების ოჯახში, გიორგი ერისთავისა და ავქსენტი ცაგარელის კომედიებში. ამის საშიშროება მანამ იარსებებს, სანამ ევროპული წესით შრომას არ ვისწავლით, ერთხელ დავით სარაჯიშვილს უთქვამს ნოე ჟორდანიასთვის: ქართველები რევოლუციის გვარდიად გახდნენ.. მაგრამ რევოლუციით ხალხი ვერ იცხოვრებს. ცხოვრებისათვის შრომაა საჭირო, შრომა კი არ ვიცით და არც გვინდა ვიცოდეთ.“ ( „დავით სარაჯიშვილის სახსოვრად“, გვ. 62) მხოლოდ შრომით შეიძლება საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის და ცოდნის შეცვლა, თუმცა პარალელურად არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სხვა პრობლემებიც მალე უნდა მოგვარდეს.
მაგალითად:

ჩვენი მძიმე წარსულის წყალობით, საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა. თუ გვინდა, რომ საქართველო მშვიდობიანად ცხოვრობდეს ( რაც უპირველესი პირობაა ეკონომიკური აღორძინების), ჩვენ ეროვნული შემწყნარებლობა გვჭირდება. ურთიერთობა – ქართველი – აზებაიჯანელი, ქართველი – აფხაზი, ქართველი -ოსი, ქართველი -სომეხი და ა.შ. – ვერ მოგვარდება შემწყნარებლობის თვინიერ. მაგრამ შემწყნარებელი მარტო ქართველი კი არ უნდა იყოს, არამედ ყველა ის ხალხი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. შემწყნარებლობა საქართველოს მოსახლეობის საერთო თვისება უნდა გახდეს. ამისთვის მარტო ლაპარაკი არ კმარა. მას სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. სამწუხაროდ ჯერჯერობით ჩვენ ის კანონი არ შეგვიმუშავებია, რომელიც ამის გარანტიას მოგვცემს.

დღეს საქართველოში ბევრი სხადასხვა მიმართულების რელიგიური ჯგუფი არსებობს. კარგად ცნობილია, რომ მათი ურთიერთობა მტრულია. ეს კი ეკუმენიზმის ეპოქისთვის ყოვლად შეუფერებელია. რელიგიური ფანატიზმის გაცოცხლება უკიდურესი ჩამორჩენილობის საბუთია. ადამიანის სინდისი თავისუფალია. მან თავად უნდა აირჩიოს – რომელი რელიგიური მოძღვრება აღიაროს. თუ სურს, სრული უფლება აქვს, ათეისტიც იყოს. ეს შეხედულება ლიტონ სიტყვებად დარჩება თუ იგი კანონით არ იქნება დაცული, თუ რელიგიური შემწყნარებლობა არ იქცევა სამართლებრივ შეგნებად.

საქართველოში უკვე ანეგდოტის საგანი გახდა პოლიტიკური პარტიების სიმრავლე. პოლიტიკური პარტიების არსებობა, დამოუკიდებელი, თავისთავადი პოლიტიკური კონცეფციის არსებობასაც გულისხმობს. მთელი დედამიწის ზურგზე არ იპოვება იმდენი პოლიტიკური კონცეფცია, რამდენი პარტიაც საქართველოშია, საინტერესოა, რა ძალა ამრავლებს ჩვენში პარტიებს სოკოებივით?..

დღეს ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება ეროვნული, რელიგიური და პარტიული შემწყნარებლობის კანონები. თუ ეს დაუყოვნებლივ არ გავაკეთეთ ქვეყანა თავზე ჩამოგვექცევა.”

აკაკი ბაქრაძე