ტეგები

, ,


ნოდარ1990  წლის ზაფხულის პირას გაზეთ “მამულში” გამოქვეყნდა ნოდარ წულეისკირის ვრცელი წერილი ” ლიტერატურული მონანიება.” ძალიან საინტერესო წერილია. წაიკითხავთ და შესაძლოა თქვათ: რა უცნაურია! ნოდარ წულეისკირი 1990 წლის პირველ ნახევარში წერს: “თურმე შეიძლება არამც თუ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ იზოლაციაზე იფიქრო, არამედ შეიძლება მისი სულ მთლად ჩამოშორება გზიდან, ე.ი. შეიძლება მისი მოკვლა!” შეიძლება თქვათ: გასაკვირვია და მწერალი  ნოდარ წულეისკირი სამხედრო გადატრიალებამდე წელიწადნახევრით წინ წერს: “რუსთაველის გამზირზე სროლა არ უნდა ატეხო, გამსახურდიას ეზოში ბომბი არ უნდა შეაგდო და ასე შემდეგ.

ნოდარ წულეისკირი  ამასაც 1990 – ის ზაფხულის პირას  წერდა: ” წიწამურის ტყვია ვაი თუ მაინც გავარდეს, ისვრის მეოთხე, მეხუთე ძალა და დაბრალდება „ოხრანკას“ ან თუ გნებავთ, ბრუტოსს, და გვიან იქნება თითზე კბენანი,” და საქმე ისაა, რომ ამაში უცნაური არც არაფერი იყო.

ამონარდი  წერილიდან “ლიტერატული მონანიება.” 1990

“ზვიად გამსახურდია იშვიათი შესაძლებლობების და უნარის ადამიანია, თავის ნიჭსა და უნარს მარნეულის რაიონის დასალაგებლად არ უნდა ვაფლანგვინებდეთ  მას. „არ უნდა ვაფლანგვინებდეთო“ რას მიქვიან! თურმე შეიძლება ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური იზოლაცია, თუ ზვიად გამსახურდია ჩამოშორდება ეროვნულ მოძრაობას, განაწყენებული პარტიები, ინტელიგენციის ცალკეული წარმომადგენლები გაერთიანდებიან და ეროვნული მოძრაობაც უკეთ წარიმართებაო. – ჯერ ცალკ-ცალკე, უწყინრად თავისთვის ფიქრობდნენ თურმე, შემდეგ თანდათან ეს აზრი აგორდა, აზვავდა, იქუხა და საქმე იქამდე მივიდა, რომ თურმე შეიძლება არამც თუ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ იზოლაციაზე იფიქრო, არამედ შეიძლება მისი სულ მთლად ჩამოშორება გზიდან, ე.ი. შეიძლება მისი მოკვლა!

ეს უკვე აღემატება ყველაფერს, ეს არის ის დრო და ის წამი, როცა საქართველოს გამოთაყვანების და გამოლენჩების წამი დგება. ეს გახლავთ წიწამურის წამები.. ის წამები, როცა ილიას შუბლს ტყვია მოხვდება, ხოლო იმ დროს დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა: ქართველი ერი ჭკუაზე არ იყო, ის იყო სულ მთლად გამოთაყვანებული და გამოლენჩებული. ხოლო ეს „გამოლენჩების“ და „გამოთაყვანების“ წამები უცებ არ დამდგარა, იგი წლების განმავლობაში ნელ- ნელა შემზადდა.ხალხი „სოციალისტებით” ( იმდროინდელი ტერმინია!) გამოაპენტერეს, თითქმის ყოველ დღე უკიჟინებდნენ: „ ილია გლეხების მყვლეფელია!“ „ილია მთავრობის ყურმოჭრილი მონაა!“ „ილია მდიდართა ინტერესების დამცევლი,“ “ილია სოციალ – დემოკრატების მტერი.“

„ ჩვენ არა გვგონია , – წერდა ფილიპე მახარაზე თავისივე ჟურნალ „მოგზაურში“ – საქართველოს მიწაზე მოიძებნებოდეს მეორე ასეთი სასტიკი მემამულუ, რომელსაც ასე ულმობლად მიყავდეს ცხოვრებაში გლეხების გაყვლეფის სისეტემა.“ აი, ასე მზადდებოდა ილიას მკვლელობა, მთელ ამ პროცესს წვრილად აღწერს ვახტანგ გურგენიძე და ასკვნის: ფილიპე მახარაძის ეს წერილი გადაიქცა ილია ჭავჭავაძის სასიკვდილო – საბრალდებო დასკვნად და მოწოდებად გაუნათლებელ და უმეცარ ხალხისდამი, სისრულეში მოეყვანათ განაჩენი – სიკვდილით გასწორებოდნენ მათთვის ყველაზე საზიზღარ თავადს – ილია ჭავჭავაძეს.

ზვიადიზვიად გამსახურდიას ჩემი ხოტბა არ სჭირდება, არც ჩემი დაცვა. მას მისი გუშინდელი მეგობრები, ტყვიას არ ესვრიან, ეს ნათელია, ამას მტკიცება არ სჭირდება. ისინი ისევ შერიგდებიან, როგორც წაეკიდნენ. კალამი ავიღე სხვა რამის გამო. წიწამურის ტყვია ვაი თუ მაინც გავარდეს, ისვრის მეოთხე, მეხუთე ძალა და დაბრალდება „ოხრანკას“ ან თუ გნებავთ, ბრუტოსს, და გვიან იქნება თითზე კბენანი. ამიტომ დღეს ჩემი აზრით, საჭიროა არ ვიკადროთ ის ( თუნდაც ჩვენდა უნებურად!) რაც არ არის საკადრისი. გუშინ ზვიად გამსახურდიას ვეძახდით ეროვნული მოძრობის პატრიარქს, დღეს სხვას ვეძახით. ზოგი იქამდეც მიდის – ტირანს, დიქტატორს, სუკის აგენტსაც კი უწოდებს, თან დაბეჯითებით გვიმტკიცებს, აგენტიაო. არ შეიძლება ეს, დაუშვებალია, საშიშია! მერე თქვენ თვითონ ინანებთ.

მე, მეტის, არაფრის გაკეთება შემიძლია, სხვათაშორის აი, ასეთი ცარიელი სიტყვებიც კი არავის უთქვამს ილია ჭავჭავაძის დასაცავად, თუმცა იმ დროს მოღვაწეობდნენ სწორედ ერის საუკეთესო შვილები. იმიტომ კი არა, რომ ვერ ბედავდნენ ასეთი სიტყვების დაწერას ან ილიას არ თანაუგრძნობდნენ, არა, უბრალოდ არ ელოდნენ, ერთი წამითაც კი აღარ უშვებდნენ იმას, რომ ილია ჭავჭავაძეს ვინმე ტყვიას ესროდა საქართველოში. ესროლეს. ესროლეს იმიტომ, რომ საზოგადოებრივმა აზრმა, პრესამ შეამზადა ნიადაგი – პირდაპირ „შექმნა“ ბერბიჭაშვილი. ბერბიჭაშვილი კი სამარეში ისე ჩავიდა, ვერაფრით გაიაზრა, ვერ ჩაწვდა რა ჩაიდინა, ფრიად გაკვირვებული იყო – პენსიას რატომ არ მიმატებთ, მე ხომ პარტიის საქმე გავაკეთე, მჩაგვრელი, მყვლეფელი მემამულე ხალხს მოვაშორეო.

ახალი ბერბიჭაშვილების გაჩენა ჩვენში სულაც არ არის მოულოდნელი. სამწუხაროდ, ზოგს ანბანური ჭეშმარიტება არ ესმის – თავი დავანებოთ ზვიად გამსახურდიას, კონსტანტინე გამსახურდიას ეზოში ბომბი არ უნდა ჩააგდო, არც მომწამვლელი ნივთიერების შესხმა შეიძლება იქ. ვთქვათ ფილიპე მახარაძემ დაგავალა, შენ ხომ ბერბიჭაშვილი არ ხარ!

დიდი ხნის წინათ საქართველოს დაემუქრა ქოლერის ეპიდემია. ტელევიზიით გამოვიდა ჯანმრთელობის დაცვის მაშინდელი მინისტრი ბატონი ვ. ბოჭორიშვილი და ხალხს მოუწოდა, ჭამის წინ ხელი დაიბანეთო. ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, როგორ თუ მინისტრი ქართველ ხალხს უბედავს ასწავლოს ყოფის ანბანური წესი, რუსთაველის საქართველოს ხელ -პირის დაბანას ასწავლის – მეთქი. ჩემდა გასაოცრად პატივცემული ბოჭორიშვილი მართალი აღმოჩნდა, თურმე ამგვარი სწავლება საჭირო ყოფილა: ჭამის წინ ხელი უნდა დაიბანო, უნდა ჩააფურთხო საფურთხებელში, ქალს წიხლი არ უნდა ამოარტყა, რუსთაველის გამზირზე სროლა არ უნდა ატეხო! გამსახურდიას ეზოში ბომბი არ უნდა შეაგდო და ასე შემდეგ…

ზვიად გამსახურდიას დღეს უფრო მეტი ადამიანი ამოუდგა გვერდში, ვიდრე ადრე ედგა, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიაზრდება თანდათან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მის გვერდით მთელი საქართველო უნდა იდგეს. როცა ზ. გამსახურდიას ვაქებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაძაგებ რომელიმე სხვა ეროვნულ მოღვაწეს ( გვარებს განგებ არ ვასახელებ, – ისინი ბევრნი არიან!) ან რომელიმე პარტიის მოღვაწეობა არ მომწონს. არა, ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს. რა საკვირველია, ფიქრადაც არა მაქვს დავამცირო მათი ღვაწლი და დამსახურება საქართველოს წინაშე, თავისუფლებისთვის მათი ბრძოლა, საბჭოთა კატორღებში თავს გადამხდარი მათი ტანჯვა – წამება გავაიფო ან გავაუფასურო, ქართველი ერის გამოღვიძებაში მათ ელვარე მოღვაწეობას ჩრდილი მივაყენო, – ღმერთმა დამიფაროს! რა დამავიწყებს 14 აპრილს, 9 აპრილს, მოშიმშილეთა გევრდით გატარებულ ნოემბრის სუსხიან ღამეებაც.. ამ დიადი დღეების შემოქმედთ, მე რომ დავივიწყო, ამას ერი არ დაუვიწყებს, ეს უკვე ისტორიაა. მაგრამ მე მინდა ყველა ეროვნული მოღვაწე დავინახო ერთად ისე, როგორც 9 აპრილის ღამეს ვიხილეთ, ერთმანეთის გვერდით, მთელ ქართველ ერთან. აი, ასეთი ერთიანობა გვჭირდება დღეს.” lit monanieba