ტეგები

,


1990 წლის 24 მაისს აფხაზეთში, ლიძავაში, კონსტანტინე გამსახურდიას მემორიალური სახლი დაწვეს. 2 დღეში მთელს საქართველოში და მათ შორის აფხაზეთში, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს.

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” ვიხსენებთ  ვანდალიზმს ლიძავაში და 1990 წლის 26 მაისს სოხუმში. იმ დღეს 8000 – მდე ადამიანი  შეიკრიბა სოხუმის ცენტრალურ მოედანზე. ეს იყო საქართველოს სახელმწიფიებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიტინგი.

lizava

სოხუმში გამართული  საზეიმო მიტინგი ჟურნალიტ თენგიზ პაჭკორიას რეპორტაჟის მიხედვით – 1990 წლის 26 მაისი.

“საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ფართოდ აღინიშნა აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში.

1990 წლის 26 მაისს დაახლოებით 8 ათასი ადამიანი – დიდი და პატარა, ქალი და კაცი – ეროვნული დროშებით მივიდნენ სოხუმის ცენტრალურ სტადიონზე, სადაც გაიმართა საზეიმო მიტინგი.

26

მიტინგს უძღვებოდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი, საქართველოს სახალხო არტისტი, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი დიმიტრი ჯაიანი.

ცხუმ -აფხაზეთის მიტროპოლიტმა დავითმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დღეს საჭიროა ვიზრუნოთ და ვიბრძოლოთ ქართველი ხალხის სულიერი დამოუკიდებლობის მისაღწევად, რადგან ეს არის სრული თავისუფლების საფუძველი.

მიტინგის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ ლიტვის წარმომადგენელს ვალდას კუჩკას, რომელმაც დამოუკიდებელი რესპუბლიკის სახელით ქართველ ხალხს მიულოცა დღესასწაული.

საქართველოს ჰელსინკის კავშირის წევრმა ნუგზარ მგალობლიშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი რჩება საქართველოს ურთულეს რეგიონად, სადაც ცენტრმა შექმნა კრიზისული სიტუაცია, გასწირა აფხაზი ხალხი.

თავისი გამოსვლის ბოლოს ნ. მგალობლიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში პროგრესულად მოაზროვნე აფხაზი ერის წარმომადგენლები მხარში ამოუდგებიან ქართველებს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

ეს აზრი განავითარა მიტინგის წამყვანმა დიმიტრი ჯაიანმა, რომელმაც საზოგადოების სახელით გამოაცხადა, რომ ქართველი ხალხი 1990 წლის 31 მაისს გვერდში ამოუდგება აფხაზ ხალხს, რომელიც ამ დღეს აღნიშნავს მუჰაჯირობის – აფხაზი და სხვა კავკასიელი ხალხების გადასახლებისა და ამ დეპორტაციის დროს დაღუპულთა ხსოვნის დღეს.

მიტინგის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მერაბ კოსტავას და სხვა დაღუპული ქართველი პატრიოტების ხსოვნას.” ( გაზეთი “ახალგაზრდა ივერიელი”)