ტეგები

, ,


1990 წლის 31 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფმა გამოაცხადა შიმშილობა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიას დაუყოვნებლივ განეხილა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი. სტუდენტების მთავარი ლოზუნგები იყო: „სიკვდილი ან თავისუფლება!“ „ ჩვენი შვილები მონობაში არ დაიბადებიან!“ მაშინ, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს: გაგა არაბულმა, ემზარ გოგუაძემ, სოსო გოლიაძემ, ლევან სვანიძემ, ნუგზარ წიკლაურმა, ჯურხა ჯაფარიძემ. ”

დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გაგაცნობთ მიმართვას, რომელიც შიმშილობის აქციის მონაწილეებმა 1990 წლის 31 მაისს გაავრცელეს. სტუდენტების ამ პროტესტს დიდი მხარდაჭერა მოჰყვა. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ავრცელებდნენ მათ მხარდასაჭერ განცხადებებს. nugo( 1990 წელი. გაგა არაბული ემზარ გოგუაძე, სოსო გოლიაძე, ლევან სვანიძე, ნუგზარ წიკლაური, ჯურხა ჯაფარიძე) ——————————————————————————————- ჩვენი შვილები მონობაში არ დაიბადებიან!

“ეს რამდენიმე წელია საქართველოში მკვეთრად დაირღვა ათეული წლობით ჩამოყალიბებული იმპერიული  “სიმყუდროვე” და „წესრიგი.“ კომუნისტური იმპერია თავისი არსებობის უკანასკნელ ზღვარს მიადგა – ამის იქით მისი წასვლა, მისი არსებობა აღარ შეიძლება. ეროვნულმა, სოციალურმა, ეთნიკურმა პრობლემებმა უმძიმეს კრიზისში მოაქციეს მსოფლიო პროგრესული ძალების რისხვა – საბჭოთა კავშირი. გაირკვა,რომ ეს „კავშირი“ სხვა არა იყო რა თუ არა ერების საპყრობილე, თუ არა ეშმაკის მიერ მოგონილი იდეების საბედისწერო აღზევება.

იმპერიული გამყინვარების მსხვრევა მთელ „სოციალისტურ ბანაკში“ დაიწყო. საქართველოში ყოველთვის არსებობდა ნაციონალური პროტესტის შეჩერებული ტალღა, სწორედ ეს შეჩერებული ტალღა დაიძრა და საერთო ეროვნულ დინებად, საერთო ეროვნულ მოძრაობად იქცა. წლობით აკრძალული ეროვნული ჰიმნის აჟღერებას და აკრძალული ეროვნული დროშის აფრიალებას საერთო ეროვნული მოძრაობის აზვირთება მოჰყვა. შეიქმნა სახალხო ფრონტი, მზის სინათლეზე გამოვიდნენ იატაკქვეშა პოლიტიკური დაჯგუფებანი, შეიქმნა მთელი რიგი ახალი პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებები, ასიციაციები.. ქართული ეროვნილი მოძრაობა წინ მიდიოდა, მსოფლიოს თანდათან არწმუნებდა თავის მტკიცე გადაწყვეტილებაში – აღედგინა სრული ეროვნული დამოუკიდებლობა.

და აი, ჩვენი აზრით, დადგა ის დღეებიც, როცა ერმა გადამწყვეტი ნაბიჯიც უნდა გადადგას. პირველი სიგნალი ლიტვიდან მოვიდა, მერე ლატვია, ესტონეთი…კომუნისტურ ძალმომრეობას მტკიცედ დაუპირისპირდნენ აზერბაიჯანლები, სომხები, რუსები, უკრაინლები. რა ხდება საქართველოში? ჩვენ შექმნილ სიტუაციაში პოლიტიკური ანალიზის პრეტენზია არა გვაქვს, მაგრამ ფაქტები, როგორც იტყვიან  სახეზეა და ყველა ხედავს. ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმეს როლი დავამციროთ ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტში, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ვერ შევქმენით ეროვნული შტაბი, რომელიც პოლიტიკური ხელმძღვანელის უტყუარი ალღოთი გადაუძღვება მშობელ ხალხს ძნელ უღელტეხელზე. რომელიც მისხალ მისხლობით გაითვალისწინებს საქართველოში, მთელ იმპერიაში, მთელ მსოფლიოში შექმნილ დღევანდელ სიტუაციას და ეროვნული ხსნის ოპტიმალურ მოდელს მიაგნებს.

ჩვენ აქ არ შევუდგებით სხვადასხვა პროგრამებისა და კონცეფციების ჩანოთვლას,.იმას კი ვიტყვით, რომ ეს პროგრამები და კონცეფციები არ ემთხვევა ერთმანეთს, ნაკლებად ჩანს ერთიანობის ნიშნები, არ იგრძნობა ურთიერთდაახლოვებისკენ ლტოლვა. ერთი შეხედვით ამაში ცუდი არ არის, სწორედაც აზრთა სხვადასხვაობამ უნდა შექმნას ეროვნული ხსნის ოპტიმალური პოლიტიკური მოდელი, სწორედ ამ აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებისა და შეჯამების შედეგად უნდა მოიხაზოს მოქმედების მთავარი გეგმა და სწორედ აქ მივადექით მთავარ ნაკლს – ჩვენს ეროვნულ მოძრაობას ცენტრი არა აქვს, ცენტრი, რომელიც ხალხის მიერ იქნებოდა არჩეული, ხალხის ნდობით იქნებოდა აღჭურვილი.

ერთნი არჩევნებისთვის იბრძვიან, მეორენი ბოიკოტს უცხადებენ ამ არჩევნებს, მესამენი სხვა პრინციპულ აზრზე დგანან. მაშ როგორ მოვიქცეთ, როგორ გავუხსნათ ჩაკეტილი სივრცე ეროვნულ აღმავლობას? ბუნებაში ყველაფერს თავისი აყვავებისა და დაცემის დრო აქვს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ გარეგნული ელვარების მიუხედავად, უკვე შეინიშნება ამ მოძრაობის შენელების სიმპტომები, რაღაც შემაშფოთებელი თეატრალური ელემენტები შეეპარა ჯერ კიდევ გუშინ მტკიცედ და თავდაჯარებით მიმავალ კოლონებს.

ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ რაღაც დიდი მიზნის აღსრულებისათვის შეკრებილი ხალხის საბოლოო დარაზმვის პროცესს კი არა, ორატორული ხელოვნების ფეიერვერკს ვესწრებით. ყველაზე საგანგაშო კი, ალბათ, ის არის, რომ ურთიერთდაპირისპირებულთა შორის დაძაბულ ატმოსფეროში როგორღაც მიიმალა ნამდვილი მტერი და სანამ ჩვენ ერთმანეთს ანგარიშებს ვუსწორებთ, ის საერთო მტერი თავის დიდ, ჩვენთვის დამღუპველ საქმეებს აკეთებს.

არა და არა! მეტი სერიოზულობა და მეტი პროფესიონალიზმი გვმართებს. ჩვენ 1921 წლიდან, 1925 წლიდან, 1956 წლიდან, 9 აპრილის რბევიდან, მერაბ კოსტავას თავგანწირვიდან მოვდივართ და ბრძოლის ტაქტიქა და სტრატეგია სხვისგან არ გვესწავლება – ისტორიული გარდუვალობა სადაც გასაჭირს დაგვახვედრებს, სადაც გამართულად გავლა შეიძლება – გამართულად უნდა გავიდეთ. მიგვაჩნია, რომ დღეს დუმილი და უმოქმედობა ეროვნულ დანაშაულს უდრის, როცა, ვთქვით, ლიტველი თანატოლები უმძიმეს ბრძოლაში არიან ჩაბმულები, ჩვენ არ გვაქვს უფლება ლიტვას ვუყუროთ, როგორც ექსპერიმენტრს. ჩვენთან ბევრს და სამართლიანად ლაპარაკობენ პოლიტიკურ ზნეობაზე და სწორედ ზნეობის თვალსაზრისით არ გვაქვს პასიურობის უფლება.იმპერიული ჯაჭვი უკვე გაარღვიეს პოლონელებმა, ბულგარელებმა, რუმინელებმა, დღეს ლიტვაა მიმდგარი ჯაჭვთან და ჩვენ არ გვაქვს ზნეობრივი უფლება მის გევრდით არ დავდგეთ, საერთო ბრძოლაში არ ჩავებათ.

დღეს საქართველოში, მცირე გამონაკლისის გარდა, არ არსებობს რაიმე პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არ აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აუცილებლობას, დღეს საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ აღიარებდეს სამშობლოს თავისუფლების იდეას. მაშ რატომ უნდა გვაეჭვებდეს დღევანდელი უზენაესი საბჭოს სამომავლო გადაწყვეტილება? მისი შემადგენლობის გადამწყვეტ უმრავლესობას არ აკლია მამულიშვილური გზნება, მამულიშვილური სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა, რა ვუყოთ რომ იმპერიულმა ბედმა ზოგიერთი მათგანი დაჩაგრა – იმპერიული რეჟიმისთვის ნიშანდობლივი, უღირსი საქმეები აკეთებინა? ჩვენ ხომ თავისუფლება იმისთვის გვინდა, რომ ადამიანს ადამიანური თავმოყვარეობა და პატივი დაუბრუნდეს, რომ მოხდეს საღი ეროვნული კათარზისი – ჩვენი ზნეობით, ჩვენი საერთო ძალისხმევით  შევკავშირდეთ ქრისტიანული ჯვრისა და ეროვნული დროშის გარშემო. არ შეიძლება ადამიანები „ადამიანებად“ და ე..წ ადამიანებად დავყოთ!

ჩვენ,  მიმართვის ავტორები, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები 31 მაისს ვიწყებთ შიმშილობას მოთხოვნით: საქართველოს უზენაესის საბჭოს სესიამ დაუყოვნებლივ განიხილოს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენს საკითხი. ჩვენი მთავარი ლოზუნგები ასეთია: „სოკვდილი ან თავისუფლება!“ „ ჩვენი შვილები მონობაში არ დაიბადებიან!“

საქართველოს უმაღლესი საბჭოს,საქართველოს უმაღლესი სასწავლებლბის სტუდენტებს, საქართველოს ყველა ახალგაზრდა მოქალაქეს – ქართველს თუ რუსს, აფხაზს თუ აზერბაიჯანელს თუ სომეხს. ყევლას, ყევლას. ყველას ვთხოვთ, მხარი დაგვიჭირონ ჩვენი საერთო სამშობლოს, ჩვენი უსაყვარლესი მამულის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მოგმართავთ ქართველ ინტელიგენციას- პოლიტიკოსებს და პოლიტოლოგებს, მწერლებს და მეცნიერებს, ექიმებსა და მასწავლებლებს, ყველას, ყველას ყევლას- მხარი დაგვიჭირეთ! დაე ყველა სხვა დროშაზე მაღლა აფრიალდეს ჩვენი ეროვნული დროშა!’

მოგმართავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს! ღმერთო მაღალო, შენ უწინამძღვრე ჩვენს სამშობლოს საქართველოს!”

1990 წელი. 31 მაისი, თბილისი

 

სტუდენტების აქციას დიდი  მხარდაჭერა და  შედეგებიც მოჰყვა. ამის შესახებ წაიკითხავთ 1990 წლის ივნისის გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტის” ცნობაში.

tsu