ტეგები

,


“ფიქრები საქართველოს მისიაზე” მერაბ კოსტავამ  პატიმრობასა და გადასახლებაში, 1984 -ში,  ქალაქ ანგარსკში დაწერა. 1990 წლის გაზაფხულზე ეს ტექსტი ერთ -ერთმა ქართულმა გაზეთმა გამოაქვეყნა.

გთავაზობთ ერთ  საინტერესო ამონარიდს საქართველოს ეროვნული გმირის წერილიდან “ფიქრები საქართველოს მისიაზე.” გაეცანით ციმბირში, საბჭოთა ტყევობაში, უიმედობასა და სიბნელეში, ფურცელზე გადატანილ ყველაზე იმედიან ფიქრებს ყველაზე მართალი და ნათელი კაცისას, ფიქრებს  საქართველოზე და მის მომავალზე.

კოსტავას ფოტო“რადგან საქმე კონკრეტულად ქართველი ერის ბედს შეეხება, ისიც აღვნიშნოთ, შემთხვევით ხომ არ უთქვამთ ქართველებზე „მებრძოლი შავი ბედისა,“ სანამ ბედისწერას ჩვენთვის ძნელი გასაძლისი გამოცდები არ მობეზრდება, ღმერთმა სიკეთე ნუ მოგვაკლოს, მაგრამ თუ მომავალში თავს გარდასახდენი ფათერაკი გარდაუვალია, თუკი ისედაც ბინდის ფერი სოფელი უფრო და უფრო დაგვიბინდდება, ნუმც მომხდარიყოს ის, რაც აროდეს მომხდარა. დაე, განსაცდელთან მებრძოლებად დავრჩეთ მარად, “რომ  შეუპოვრად კვლავ ჰუნე ჩვენი შავი ბედის წინ გამოგვიქროლდეს.

უარესისთვისაც მზად ყოფნა ხომ უკეთესის საწინდარია!ამიტომ მხიარულის გულით ამას გეტყვით: უფალს ვინც უყვარს, განსაცდელსაც მას უმზადებს, ვინაიდან განსაცდელთა ემბაზში განბანილთა ჭვრეტაა მისი განცვიფრებისა და აღფრთოვანების უშრეტი წყარო.

წარსული და აწმყო ჩვენი ერისა მეტად თუ ნაკლებად ცნობილია, ათასგზის და ათასგვარად გაანალიზებული, ქართველის ბუნება და ხასიათი ასე თუ ისე გარკვეული და საქართველოს ისტორიული მისიაც რამდენადმე გათვალსაჩინოებულია მათთვის, ვინც ეროვნებათა ისტორიას მსოფლიოს ერთიან ისტორიასთან მჭიდრო კავშირში განიხილავს. ერის მისია კი განისაზღვრება სხვებისგან გამოსარჩევი იმ თავისებურებებით, მის ხასიათში, მის საქმიანობაში, მისგან მომდინარე იდეებში რომაა მოცემული და რომელიც მას მიაქვს მსოფლიოს კულტურის სამსხვერპლოზე როგორ შეთავაზებული, ზოგჯერ კი საუბედუროდ, როგორც თავს მოხვეული ძღვენი…

მაგრამ წარსულზე ფიქრი, მომავლისთვის მზაობასაც ხომ ნიშნავს?! ჩვენ კი გვაწვალებს არა იმდენად წარსული, რამდენადაც გარდასახდენი. რა გველის მომავალში? როგორი ვიქნებით მერმისში? კვლავაც იმგვარი შემართებით შევებრძოლებით ბედს, თუ მრუმე ფერებით შეიმოსება იგი. კვლავ თავის შენარჩუნებაზე გვექნება საფიქრალი, თუ იმდენად აღვემართებით, ისეთ ძალას მოვიკრებთ, რომ სხვათა იმედად და ხელის მომმართველადაც გადავიქცევით. კმარა წელებზე ფეხის დგმით თავის შენარჩუნებაზე ფიქრი. დროა დიდ ერად ქცევაზე ოცნების ჟამმა დარეკოს. დაე, არწივის გაფრენას ედაროს ოცნება იგი, რათა ოცნება მიზნად იქცეს, მიზანი კი საქმედ.

მოდით, ორიოდე სიტყვა ვთქვათ „დიდი ერის“ ჩვენეული გაგებისათვის. „დიდის“ ქვეშ ვგულისხმობთ მისაბაძს, სამაგალითოს და არა სამუდამო პრივილეგიას, ვგულისხმობთ იმ უპირატესობას, ამა თუ იმ ეროვნების ხალხს თავისი მონდომებით, ქცევითა და საქმიანობით, ხასიათად და მაღალ უნარად რომ უქცევია. ეს თვისებები მისაბაძი ხდება სხვებისთვის და ის ხალხები, დღეს რომ მისგან სწავლობენ და ბევრით არიან დავალებული, ხვალ შესაძლოა გაუთანასწორდნენ ან გადაასწრონ კიდეც მას, რისი მაგალითებიც უამრავია ისტორიაში. ბევრი რამ შეიძლება იყოს მისაბაძი: სიმამაცე, გამტანობა, ერთგულება, სიყვარული, სიბრძნე, შემოქმედებითი უნარი, თავისუფლების მოყვარეობა, ქედუხრელობა, შემწყნარებლობა, ხელგაშლილობა, სიუხვე, კონცენტრაციის, შრომისა და სიძნელეთა გადალახვის უნარი, ორგანიზებულობა, მეობის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის, ამავე დროს, სხვათა უფლებების პატივისცემის გრძნობა და ა.შ.

კოსტაშესაძლოა გვითხრან: რაოდენობით არა, სულიერი სიმტკიცით, ისტორიითა და კულტურით ისედაც დიდი ერი ხართო. მართლაც, სისასტიკითა და ხანგრძლივობით რომელი ქალაქისა და ქვეყნის ბლოკადა შეედრება იმ ბლოკადას, ჩვენს შესამუსრად ალესილმა უსასრულო წყვდიადმან მტრისამან რომ მოგვიწყო. არც ერთ მიწას არ განუცდია ასეთი დაწოლა, კავკასიონის მთების საგაზაფხულო წყალდიდობაც ვერ შეედრება აქ დანთხეული სისხლის მდინარეებს, რომელთა ავბედით კალაპოტს განუწყვეტლივ აღავსებდნენ მის მყინვარებზე არანაკლებ მარადიული ომები. განუზომლად დიდია იმ პრინციპების ღირებულება, რისთვისაც საქართველომ ეს სისხლი გაიღო. მაგრამ ზემოთთქმულისთვის „დიდ ერად“ არავის შევურაცხივართ, რადგან დიდ ერად მიაჩნიათ არა ის, ვინაც საკუთარ ღირსებას და მეობას იცავს მხოლოდ, არამედ ის, ვინც თავისი კულტურით და იდეებით ხანგრძლივად და ინტენსიურად ზემოქმედებს სხვა ხალხებზე და განაპირობებს მათ განვითარებას. მაგრამ, აქამდე რომ ვერ მოვხდით მსოფლიოს მეთაურ ერთა მცირერიცხოვან ნუსხაში, ეს როდი ნიშნავს, რომ ან არ ძალგვედვა, ან მომავლისთვის არ ძალგვიძს ამგვარი რამ.“