ტეგები

,


საბჭოთა კავშირი იშლებოდა, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებშიც და საქართველოშიც ვითარება უკონტროლო ხდებოდა. საქართველოს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საშიში მიმართულების ძალადობრივი ინციდენტები არ წყდებოდა. ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ, გაგრაში, 1990 წლის 16 მაისს, მომხდარი ინციდენტია აღწერილი ამავე პერიოდის გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში.”

ეს ამბავი საინტერესოდ გვეჩვენა აფხაზეთის მაშინდელ რეალობაზე წარმოდგენის შესაქმნელად და “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” შევიტანეთ თვითმხილველის ( გვარად ლატარიას) მონათხრობი. ეროვნული მოძრაობის ამ აქტივისტს “ლიტერატურული საქართველოსთვის”მიუწოდებია დეტალური ინფორმაცია გაგრის სტადიონზე მომხდარის შესახებ.

გუ( გაგრა, ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე)

“უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად, სახალხო ფრონტმა, რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის საზოგადოებებმა, „ლემმა,“ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, გადაწყვიტეს 16 მაისს საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნა.

ცერემონიალს ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ისე სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. 6 საათზე ზეიმი დაიწყო. გამოვიდა გაგრის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე რევაზ შარტავა, მან მიულოცა დამსწრეთ ეროვნული ჩემპიონატის გახსნა, იქვე იდგნენ საქართველოს ეროვნული ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი და მატჩის კომისარი. ბოლოს აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა.

მატჩის პირველი ნახევრის დასასრულამდე მოსალაპარაკებლად მიგვიწვიეს აფხაზეთის გაგრის რეგიონალური სახალხო ფორუმის წარმომადგენლებთან, მისვლისთანავე ჩვენგან მოითხოვეს დროშის ჩამოხსნა. განაცხადეს, რომ სხვაგვარად მატჩი აღარ გაგრძელდებოდა. ჩვენ ამაზე უარი ვუთხარით. შესვენების დროს აფხაზთა ერთმა ჯგუფმა გასახდელის კარი ჩაუკეტა ფეხბურთელებს. სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ხალხი თამაშის განახლებას ელოდა. ჩვენ მოვითხოვეთ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მილიციის საშუალებით დაემყარებინათ წესრიგი, მაგრამ მილიციამ სიტუაციის განმუხტვა ვერ მოახერხა.

ჩვენ იძულებულნი ვიყავით ფეხბურთელები ფანჯრიდან გამოგვეპარებინა.
როცა მატჩი განახლდა ( საათნახევრის შემდეგ), აფხაზთა ჯგუფმა კვლავ გადაწყვიტა ხელის შეშლა და სტადიონზე შემოჭრა. ჯარი იძულებული გახდა განედევნა ისინი. საბედნიეროდ, ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა.”