ტეგები

,


“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გაგახსენებთ იმასაც,  თუ როგორ დაიწყო საქართველოში შემოსვლა “გაღმა” ( საბჭოთა კავშირის გარეთ)  დაწერილმა ისტორიამ მეორე მსოფლიო ომზე და ქართველებზე.  1990 წელს ქართულ პრესაში  გივი გაბლიანის მოგონებების გამოქვეყნება დაიწყო.

მეორე მსოფლიო ომში გერმანელების მიერ ტყვედ აყვანის შემდეგ გივი გაბლიანი ვერმახტის ქართულ ლეგიონში მოხვდა. მან მიიღო გერმანიის არმიის ობერლეიტენანტის წოდება და 1943 წ. დაინიშნა აბვერის ქართული ბატალიონის „ტამარა-II“-ის მეთაურად. ცნობილია, რომ გივი გაბლიანის ძალისხმევით  სიცოცხლე შეუნარჩუნდა არაერთ საბჭოთა ქართველ ჯარისკაცს, რომლებიც შემდეგ ვერმახტის ქართულ ქვედანაყოფებში წევრიანდებოდნენ. ომის შემდეგ გაბლიანი გადასახლდა ამერიკის შეერთებული შტატებში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ექიმად მუშაობდა.

“ამიერიდან ქართველი საზოგადოების ცნობიერებაში ნათლად გამოიკვეთება მეორე მსოფლიო ომში ქართველების მონაწილეობის ისტორიის ორი ვარინატი, ორი ვერსია, ორი სურათი. ისტორია დაწერილი „გაღმა“ და ისტორია დაწერილი „გამოღმა.“

„გამოღმა“ დაწერილი ისტორიის ავ – კარგი ჩვენ ვიცით, ვიცით, რომ ეს არის „ისტორია,“ რომლის მიზანია გაამართლოს ის აუნაზღაურებელი მსხვერპლი, რომელიც ქართველმა ერმა ამ ომში კომუნიზმისთვის გაიღო. ამას გარდა, ვიცით ამ „გამოღმა“ დაწერილი ისტორიის ამოსავალი კონცეფციაც –  „სამამულო ომი!“ ვისი სამამულო ომი?! ამას ჩვენ არ გვეკითხებიან. „გამოღმელ“ ისტორიკოსებს აქვთ მხოლოდ ერთი სათვალმჩენო, ერთი ხედვის კუთხე, ერთი ამოსავალი კონცეფცია – კომუნიზმი და „ სამამულო ომი!“

„გაღმა“ დაწერილი ისტორია შეგვახსენებს , რომ მეორე მსოფლიო ომი არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველთა, ისევე როგორც რუსეთის იმპერიაში შემავალ ეროვნებათა „სამამულო ომი,“

აი სააზროვნო სიტუაციის მთავარი სიუჟეტი, რომელზე ფიქრის სტიმულსაც აღძრავს გივი გაბლიანის ნაშრომი.” – 1990 წლის გაზაფხულზე,  გიორგი გაჩეჩილაძის ასეთი განმარტების თანხლებით დაიწყო გაზეთმა “მამულმა ” გივი გაბლიანის ნაშრომის –  “მეორე მსოფლიო ომი და ქართველები” –  გამოქვეყნება. “მამული”  რუსთაველის საზოგადოების გამოცემა იყო. გივი გაბლიანი ამ  გამოცემას დაპირებია, რომ ნაწილ – ნაწილ გამოუგზავნიდა  თავის ნაშრომს.

მეორე მსოფლიო ომი და ქართველები

გივი გაბლიანი

გაბლიანი( გივი გაბლიანის დაჯილდოვების ცერემონია გერმანიის არმიის ობერლეიტენანტის წოდების მინიჭების  გამო. ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოკოლექციიდან “ქართველები საზღვარგარეთ”)

“მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანული ჯარი თანდათან კავკასიას უახლოვდებოდა. ქარველ პოლიტიკურ ლტოლვილა უდიდესი ნაწილი, ისევე როგორც მრავალი ქართველი თავის სამშობლოში, ამას გულხელდაკრეფილად ვერ შეხვდებოდა. მართლაც მეტად რთულსა და სახიფათო პირობებში, საქართველოს ინტერესთა დასაცავად, მნიშვნელოვანი მუშაობა ჩატარდა. ამ საქმეში მოქმედი, ცოდნით, გამოცდილებით, დამსახურებით და კალმის სიმახვილითაც, მრავალი მამულიშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის. მათგან ზოგმა, განსაკუთღებით კი უკვე მძიმედ დაავადებულმა აწ განსვენებულმა მიხეილ კედიამ მთხოვა „მართალი ამბის“ აღწერა. ასეთი მოვალეობის თაზე აღება ადვილი არ არის, გარნა ბედმა მარგუნა ზოგ მოვლენათა მოწმეობა და საგრძნობი მასალის შესწავლა. სურვილისა და ცდის მიუხედავად თუ სადმე მრავალი საინტერესო ცნობა გამომრჩა, აზრი მკაფიოდ ვერ გამოვთქვი ან შეცდომა დავუშვი, შესაფერისი დამატებითი ინფორმაციისთვის, მითითებათა და შესწორებებისთვის დიდად მადლიერი ვიქნები. იმედი მაქვს ამ პატარა ნარკვევს დაინტერესებული ქართველები, განსაკუთრებით კი ახალი თაობა გაეცნობა თავისი ცოდნის შესავსებად. იგი იქნებ ქართველ მემატიანესაც გამოადგეს – როცა ამისი დრო დადგება.

ამ ნარკვევის ავტორს აზრად არა აქვს პარტიების იდეოლოგიათა ანალიზი, ერთმანეთთან შედარება და დასკვნების გამოტანა.

ჩრდილო კავკასიის აღების შემდეგ, იქ გერმანელების თავის დაჭერა საგრძნობლად განსხვავდებოდა ცნობილ არაადამიანურ „აღმოსავლურ პოლიტიკისიგან,“ როგორიც სხვა დაპყრობილ ადგილებს ჰიტლერის“ წყალობით თავს დაატყდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ჰიტლერს კავკასიის მიმართ გარკვეული გეგმა საერთოდ არა ჰქონდა. ეს გარემოება გამოიყენა გერმანულ მხედრობის მეთაურთა იმ ნაწილმა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ჰიტლერი მათ სამშობლოს დაღუპვისკენ მიაქანებდა და ამ მიმართულების შეცვლას შეძლებისდაგვარად შეეცადა. ამ წრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო გენ. შტაბის ოფიცერი კლაუს შენკ ფონ შტაუფენბერგ. მან მოახერხა არმიის სამხრეთელ ჯგუფის უფროსთან, კავკასიის საკითხებში მრჩევლად გენერალ ერნსტ კოესტრინგის დანიშვნა. კოესტრინგის ადიუტანტი იყო შესანიშნავი იფიცერი ჰანს ჰერვარდ ფონ ბიტერფელდ, მესამე მრჩეველი ყოფილი აგრარული ატაშე ოტტო შილერი, ხოლო მეოთხე – ოტტო ბრაუტიგამ. მათი გავლენით სამხრეთულ საარმიო ჯგუფის სარდალმა ფელდმარშალ კლაისტმა ბრძანება გასცა კავკასიაში მოქმედ ჯარების მიმართ, რათა მათ თავი ისე დაეჭირათ „თითქოს გერმანიაში ყოფილიყვნენ მანევრებზე“ და გარდა ამისა სხვა დადებითი ღონისძიებებიც მიიღეს.

შტაუფენბერგი და მისი თანამოაზრეები ფიქრობდნენ, რომ ასეთი პოლიტიკის წყალობით კავკასიაში მიღწეულ შედეგებს გამოიყენებდნენ, როგორც სადემონსტრაციო მაგალითს – საერთოდ გერმანულ აღმოსვალურ პოლიტიკის შესაცვლელად. კავკასიაში მათს პოლიტიკას და თეორიას ზურს უმაგრებდა იმ დროს იქ მყოფი კავკასიის სამხედრო ნაწილები – და ყველაზე უპირველესად სამხედრო შენაერთი ‘ბერგმანი“ – თავისი დისციპლინითა და მოქმედებით.

სწორედ შტაუფენბერგის, ჰერვარდის, კოესტრინგის და მათგვარად მოაზროვნე გერმანელების დახმარებით და ჰიტლერის სურვილთა საწინააღმდეგოდ შეძლეს თავიანთი მუშაობის ჩატარება ქართველებმა და სხვა ეროვნების ლტოლვილებმა.“