ტეგები

,


1990 -ში საქართველოში აღარ ცნობდნენ დე ფაქტო კომუნისტურ ხელისუფლებას. მას “საოკუპაციო რეჟიმს” უწოდებდნენ.  ხელისუფლებაც ( კგბ- ს ყოფილი ხელმძღვანელის გივი გუმბარიძის მეთაურობით) დინებას მიყვებოდა, ეს დინებას კი  საბჭოთა საქართველოს უკანასკნელი თვეებს უკან იტოვებდა. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გაგახსენებთ რაზე ამახვილებდა ყურადღებას გივი გუმბარიძე  თავის ერთ სატელევიზიო გამოსვლაში, რომელიც 1990 წლის გაზაფხულზე შედგა.

გუმბარიძე

“აშკარად იგრძნობა, ხალხი შეშფოთებულია და ამის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობს, რომ იმძლავრა ძალმომრეობის ესკალაციამ. აშკარად გააქტიურდნენ კორუმპირებული ელემენტები, რომლებიც ეროვნულობის ნიღაბს ამოფარებულები ცალკეულ საზოგადოებრივ მოძრაობებსა და ჯგუფებს მიეტმასნენ, ფაქტიურად კი ამ უკანასკნელთა დისკრედიტაციას ახდენენ…

მცდარია, მიუღებელია, რომ დღეს ვინმეს შეიძლება ჰქონდეს უფლება გამოაცხადოს მონოპოლია ჭეშმარიტებაზე, პატრიოტიზმზე, მონოპოლია თავის პოლიტიკურ პოზიციაზე, საზოგადოებრივ აზრზე, უბიძგოს ცხოვრების ტირანიული ფორმების რესტავრაციისკენ.

თავი უნდა შევიკავოთ რესპუბლიკისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემების ნაჩქარევი, ზერელე, დილეტანტური შეფასებებისგანაც, რაც ხშირად პოლიტიკური ილუზიის შექმნას ემსახურება და კარგს არაფერს მოგვიტანს. საქართველო მდიდარი ქვეყანაა, დიდი ეკონომიკური პოტენცია აქვს, მაგრამ დღევანდელი რეალობა სხვაა. ხვალვე არ შეიძლება ყველა გზა მოვიჭრათ, როცა რესპუბლიკის ეკონომიკას ძირეული რესკონსტრუქცია სჭირდება, როცა გარედან შემოგვაქვს მოხმარებული ელექტროენერგიის მეოთხედი, ნავთობის 96 პროცენტი, ბუნებრივი გაზის 100, შავი ლითონების ნაგლინისა და ფოლადის მილების 93, ხე-ტყე – 82, ხორცის 40, რძის 76, მარცვლეულის 94 და შაქრის 98 პროცენტი. რასაკვირველია, რესპუბლიკას გააქვს კიდეც ჩაი, ღვინო, ციტრუსები, მანგანუმი და სხვა პროდუქცია, მაგრამ კარგადაა ასაწონი, როგორ ბალანსდება ეს ყველაფერი. რა შეიძლება გველოდებოდეს ხვალ და ზეგ, თუკი მეცნიერულად დასაბუთებული პროგნოზები არ გაკეთდა, ეს ძალზე სერიოზული მუშაობა ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს.”