ტეგები

, , ,


1990 წლის მაისში   გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნდა თბილისის  isივანე ჯავახიშვილის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების: ნუგზარ წიკლაურის და გია მამალაძის წერილი, რომელსაც უნივერსიტეტის 163 თანამშრომელი და სტუდენტი აწერდა ხელს. ეს წერილი ეხმაურებოდა  ეროვნულ მოძრაობაში  განხეთქილებას, ეროვნულ – განმანთავისუფლებელ მოძრაობაში გაერთიანებული ძალების ორ ბანაკად გახლეჩას და მათ  შორის მწვავე დაპირიპირებას.  მაშინ, ერთმა ბანაკმა უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და გამარჯვება დაისახა მიზნად, მეორემ კი კომუნისტური ხელისუფლების მიერ  დანიშნული არჩევნების ბოიკოტირება და  ეროვნული კომგრესის არჩევა, რაც 1990 წლის მაისში, სპორტის სასახლეში გამართულ ეროვნულ ყრილობაზე გადაწყდა. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში”  ეროვნული  ყრილობა უკვე გავიხსენეთ. ამ დიდ კრებას აკრიტიკებდნენ თავის წერილში  ნუგზარ წიკლაური და გია მამალაძე და თუ რატომ, ამის შესახებ 25 წლის წინ გამოქვეყნებული ტექსტიდან შეიტყობთ.

Tqma

“საქართველოში შექმნილი მწვავე პოლიტიკური ვითარება აღელვებს ყველა ქართველს, მათ შორის ჩვენც. შემაშფოთებელია და გულსატკენია ეროვნული მოძრაობის შუაზე გახლეჩა, გუშინდელი თანამებრძოლების ბარიკადის სხვადასხვა მხარეს დადგომა, მაშინ როცა მთელი საქართველო მათ შეჰყურებს, მაგრამ გაცილებით სავალალო და დამღუპველია თავისუფალ აზრზე დიქტატის მცდელობის გახშირებილი ფაქტები. ამის თვალსაჩინო მაგალითია სპორტის სასახლეში მიმდინარე ეროვნული ყრილობა, დაკომპლექტებული დელეგატებით, რომელნიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოხატავენ მთელი ქართველი ხალხის აზრს. როგორც ვიცით ორგანიზაციათა უმრავლესობაში არ ჩატარებულა დელეგატთა არჩევნები, ყოველგვარი წესის დაცვის გარეშე გაიცა მანდატები, რამაც გამოიწვია ეროვნულ ყრილობაზე ბევრი შემთხვევითი ადამიანის მოხვედრა, ამდენად, ამ კრებულს ვერ მივიჩნევთ საყოველთაო ეროვნულ ყრილობად.

24 მაისს, ყრილობის მეორე დღეს პრეზიდიუმს მივმართეთ წერილით, სადაც გამოვხატეთ ჩვენი და არა მარტო ჩვენი პოზიცია და ვთხოვეთ ეროვნულ ყრილობას არ მიეღო გადაწყვეტილება ეროვნული კონგრესის არჩევნების ჩატარების შესახებ იმ მოტივით, რომ ჯერ არ იყო ჩატარებული სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ყველა კონცეფციის საერთო სახალხო განხილვა და ქართველ ერს არ ჰქონდა და არც ახლა აქვს გამოხატული თავისი დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი. სწორედ აქ მოხდა ის, რასაც ნაკლებად ველოდით და რამაც ძალიან დაგვწყვიტა გული. ყრილობის თავმჯდომარემ გ. ჭანტურიამ ჩვენს მოსაზრებას პროვოკაციული უწოდა და სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეთა მეთოდით გამოგვირთო მიკროფონი, რამაც გვაიძულა დაგვეტოვებინა დარბაზი.

ჩვენს „დაჩაგვრას“ არც მივაქცევდით ყურადღებას, რომ არა ამავე ყრილობაზე საქართველოს ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწის ნოდარ ნათაძის სტვენით შეურაცხყოფის ფაქტი „ერის წარგზავნილი“ დელეგატების მიერ, ისევ და ისევ მათგან განსხვავებული მოსაზრების გამო. მსახიობ – დელეგატმა გ. ხარაბაძემ მას ცინიკურად სახალხო ფრონტის დირექტორიც კი უწოდა, როგორც შევიტყვეთ, შეურაცხმყოფელი სტვენა – ყიჟინა სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ შემდეგაც გაგრძელებულა.

ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებს არაერთგზის აღუნიშნავთ, რომ ეროვნულ მოძრაობას ბელადი არ სჭირდება. ჩვენაც ამ აზრისა ვართ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ღია კარის მტვრევა საჭირო არ არის. საქართველოში ბელადობას არავინ იჩემებს, თვით ზვიად გამსახურდიაც, რომელმაც მერაბ კოსტავასთან ერთად 50- იან წლებში საფუძველი ჩაუყარა ქართულ ეროვნულ მოძრაობას და თუ ვინმე ფიქრობს ბელადობაზე, დე მან ჩათვალოს თავი ამ წერილის ადრესატად.

დარწმუნებული ვართ, კარგად გახსოვთ სულმნათ მერაბ კოსტავას სიტყვები:“ უნდა გვიყვარდეს ეროვნული მოძრაობა და არა საკუთარი თავი ამ მოძრაობაში,“ მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთებს მხოლოდ ახსოვთ …

გვინდა ყველამ იცოდეს, რომ არავითარი კერპი ჩვენ არ გვყავს და არც გვეყოლება, ჩვენი ერთადერთი ხატი სამშობლოა! ვერანაირი დიქტატი საბოლოოდ საღ აზრს ვერ დაამარცხებს, ჩვენ კვლავ ჩვენი პოზიციის ერთგული ვართ! გაუმარჯოს თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს!

Ps. ეს წერილი უკევ დასრულებული გვქონდა, როდესაც ტელევიზიით გვაუწყეს: “ყველა , ვინც ეროვნული ყრილობის გადაწყვეტილებას არ იზიარებს, ეროვნული მოძრაობის გარეთ იგულისხმება“ – ო. აქ კომენტარი ზედმეტი არაა, მაგრამ ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებთ.”

ნუგზარ წიკლაური, გია მამალაძე.