ტეგები

, ,


საქართველოს ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებსა და  სეპარატისტულად განწყობილი აფხაზური მოძრაობის – “აიდგილარას” – წარმომადგენლებს შორის, აფხაზეთში, 1989 წელს  დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გარკვეული ურთიერთობები ყოფილა. 1990 წლის მარტში ზვიად გამსახურდიას თბილისში მოუწვევია “აიდგილარას” წარმომადგენლები, ისინიც ჩამოსულან, შეხვედრები გაუმართავთ გამსახურდიასთანაც და ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის უკვე მოპირისპირე ბანაკის წარმომადგენლებთანაც. ამის შემდეგ “აიდგილარას” ლიდერები მოუწვევიათ  ყრილობაზე, რომელსაც ეროვნული კონგრესის ფორმირების შესახებ უნდა მიეღო გადაწყვეტილება. “აიდგილარაში” წინადადება მიუღიათ და ყრილობაზე დამკვირვებლის სტატუსით ჩამოსულან. აქ გაეცნობით ძალიან საინტერესო აფხაზი ლიდერის ზურაბ აჩბას  სიტყვას, რომლითაც მან “ეროვნული კონგრესის “მომხრე  უზენაესი საბჭოს არჩევნების ბოიკოტის პოზიციაზე მდგომებს მიმართა –   სპორტის სასახელში გამართულ  ყრილობაზე. მანამდე კი, ერთგვარი შესავლისთვის, გიორგი ანჩაბაძის  წერილს მივყვეთ..

წერილში „ ქართულ -აფხაზური ურთიერთობების საკითხები“ ისტორიკოსი გიორგი ანჩაბაძე აღნიშნავს: ეროვნულ – განმანთავისუფლებელ მოძრაობას უნდა გაეწოდებინა ხელი აფხაზი ხალხისთვის, რათა შეგვძლებოდა ერთობლივი ძალებით დავპირისპირებოდით იმ გართულებებს საბჭოთა კავშირი რომ ტოვებდაო. ის ყვება, რომ სოხუმში ყოფნისას აფხაზი ინტელიგენციის წარმომადგენლებს ქართული ეროვნული მოძრაობის მიზნებს აცნობდა, თბილისში, ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის ფარგლებში გამართულ შეკრებებზე კი, აფხაზების შესახებ საუბრობდა, შეკრებილებს მუხაჯირობასა და მის შედეგებზე, ასევე, საბჭოთა  40-50 წლებში აფხაზების დისკრიმინაციის ფაქტებზე აწვდიდა ინფორმაციას. „ უმრავლესობისთვის ეს სიახლე იყო, ამიტომ ყურადღებით მისმენდნენ, შეკითხვებს მისვამდნენ, იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც არ მოსწონდათ ჩემი მონაყოლი,“ – აღნიშნავს ანჩაბაძე. ეროვნულ – განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ის „ივანე ჯავახიშვილის საზოგადოებიდან“ იყო ჩართული და ხსენებულ წერილში ზვიად გამსახურდიასთან კამათზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისივე მონათხრობით, გამსახურდიას მიერ აფხაზების ადიღეელებად გამოცხადებამ განაპირობა. წერილში შენიშნულია, რომ ამ მოსაზრების გამოთქმისას ზვიად გამსახურდია ინგოროყვას ეყრდნობოდა და აცხადებდა – თუ თვითგამორკვევა სურთ ეს ჩრდილოეთ კავკასიაში გააკეთონო.

urძალიან მალევე, 1989 წლის მარტში, იგივე  თბილისში გამართულ მიტინგზეც ითქვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აფხაზებმა ლიხნის შეკრებაზე აფხაზეთისთვის საკავშირო რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს, მაგრამ დავუბრინდეთ გიორგი ანჩაბაძის წერილს, სადაც 1990 წლის ერთ საინტერესო ეპიზოდზეა ლაპარაკი:

“ეროვნული მოძრაობა ამ დროისთვის ორ ნაწილად გაიხლიჩა. პოლიტიკური ორგანიზაციების ერთი ნაწილი „მრგვალ მაგიდაში“ ზვიად გამსახურდიასთან ერთად გაერთიანდა, გამსახურდიას მოწინააღმდეგეებმა კი შექმნეს ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის საკოორდინაციო ცენტრი, სწორედ აქ გაერთიანდა  ჯავახიშვილის საზოგადოებაც. 1990 წლის მარტში გამსახურდიამ თბილისში კონსულტაციებზე მოიწვია აფხაზების სახალხო მოძრაობის წარმომადგებლები. მათთან მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართა. გამსახურდია უფრთხოდა სხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებთან აფხაზების შეხვედრებს,  აფხაზების სამკაციან დელეგაციაში კი სურდათ წარმოდგენა შექმნოდათ მთელს ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე. ერთ-ერთი მათგანი იურისტი ზურაბ აჩბა დამიკავშირდა და მთხოვა დავხმარებოდი სხვა პოლიტიკური ძალების გაცნობაში. 2 დღის მანძიზე გავმართეთ რამდენიმე შეხვედრა, მათ მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში ჩაიარეს, სამწუხაროდ რეზულტატის გარეშე, ისევე როგორც გამსახურდიასთან გამართულმა შეხვედრებმა.”

1990 წლის  23 -25 მაისს თბილისში, სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა ეროვნული ყრილობა. ეს სწორედ ის ყრილობა იყო, რომელზეც უზენაესი საბჭოს არჩევნების ბოიკოტის და “ოპოზიციური ხელისუფლების” ფორმირების მომხრეებმა ეროვნული კონგრესის არჩევის გადაწყვეტილება მიიღეს. აქ შეკრებილებსა და ზვიად გამსახურდიას შორის დაპირისპირება უკვე გაცხადებული იყო. ძალიან საინტერესო ფაქტი იყო ეროვნული ყრილობის zurმუშაობაში აფხაზთა სეპარატისტული მოძრაობის წარმომადგენლების მონაწილეობა. სოხუმიდან თბილისში ჩამოსულ დელეგაციაში  ზურაბ აჩბაც ყოფილა.  სპორტის სასახლეში შეკრებილებისთვისაც სიტყვით სწორედ მას მიუმართავს და ეს სიტყვა გაზეთმა”დროებამ” შემოგვინახა. ზურაბ აჩბა 1995 წლის 15 აგვისტოს მოკლეს სოხუმში. მას კიდევ შევხდებით “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში,” ახლა კი 1990 წლის 25 მაისის სიტყვა თბილისში, სპორტის სასახლეში:

“აფხაზეთის ეროვნული ფორუმის აიდგილარას დელეგაცია მოგესალმებათ სრულიად საქართველოს ყრილობის დელეგატებს. ჩამოსვლისთანავე თავაზიანად შემოგვთავაზეს თქვენს წინაშე გამოსვლა, ჩვენ გადავწყვიტეთ გადაგვედო გამოსვლა იმისათვის, რომ გავრკვეულიყავით თუ რა ხდება აქ, როგორ მიდის საკითხების გადაწყვეტა კონგრესის შექმნასთან დაკავშირებით და აი, დღეს მოგახსენებთ ჩვენს აზრს, მაგრამ მანამ, სანამ ვიტყვი თუ რა შთაბეჭდილებები გაგვაჩნია მიმდინარე ყრილობაზე, მსურს შევეხო ერთ ძალიან არასასიამოვნო და სამწუხარო ეპიზოდს, რომელიც  გუშინ საღამოს შევიტყვეთ: werჩვენთან ნომერში მოვიდნენ საქართველოს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები და მაცნობეს იმის შესახებ, რომ ლიძავაში მოხდა, როგორც იტყვიან, პროვოკაციული აქცია. მე არ ვიცი რა შეიძლება ვუწოდო ამას, დაწვეს კონსტანტინე გამსახურდიას სახლი. იცით, ჩვენ ამან ძალიან შეგვაწუხა, რადგან აფხაზ ხალხს კონსტანტინე გამსახურდიასადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, მისი შესანიშნავი რომანი „მთვარის მოტაცება“ წარმოადგენს აფხაზების ეროვნულ სიამაყეს. ჩვენ მაშინვე დავრეკეთ სოხუმში, პირადად აფხაზეთის ფორუმის თავმჯდომარესთან შამბასთან და დავინტერესდით იმით, თუ რა მოხდა. მან შეგვატყობინა, რომ პირადად თვითონ და ფორუმის ბიჭვინთის წარმომადგენლებმა მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრს თხოვნით, ჩაატაროს გულდასმით გამოძიება და გამოავლინოს პირები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ამ პროვოკაციაში. ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც პროვოკაციას, რომელიც მიმართულია ამ ყრილობის წინააღმდეგ და შესაძლებელია იმ ტენდენციის წინააღმდეგ, რომელიც შეინიშნება ჩვენი პოზიციების და ჩვენი ხალხების დაახლოებისას. რაც შეეხება ჩვენს აქ ყოფნას და მცირე რაოდენობით და დამკვირვებლის როლში დასწრებას, საქმე იმაშია, რომ მოწვევა მივიღეთ 21 რიცხვში, ყრილობის დაწყების წინ და პრაქტიკულად არ გვქონდა გამგეობის შეკრების შესაძლებლობა, რათა განგვეხილა ეს საკითხი და შეგვერჩია დელეგატები. ამიტომ ავიღეთ ჩვენზე პასუხისმგებლობა ( მხედველობაში მყავს თავმჯდომარე, მე თავმჯდომარის მოადგილე ვარ) დელეგაცია წამოსულიყო დამკვირვებლის სტატუსით. ამასთან ჩვენამდე არ მოსულა კონკრეტული საკითხები, რომლებსაც განიხილავდა ყრილობა. რაც შეეხება თვითონ კონგრესის შექმნის იდეა, რომელსაც ჩვენ აქ ვეცნობით, მიმაჩნია ძალზედ ნაყოფიერად ერის საუკეთესო შვილებით დაკოლმპლექტებული ორგანოს შექმნა, რომელიც განიხილავს საქართველოს ხალხების წინაშე მდგომ საკითხებს. რაც შეეხება ე.წ. აფხაზურ საკითხს, იგი ძალზედ მტკივნელია როგორც თქვენთვის, ისე ჩვენთვის. ტრაგიკული მოვლენები, რომელბსაც ადგილი ჰქონდათ, ძალზედ მძიმედ დააჩნდა ჩვენი ხალხების სულებს, მაგრამ მე ვთვლი, რომ შექმნილი კონგრესი უნდა დაუბრუნდეს ამ საკითხს, გაანალიზოს რაც მოხდა რომელმა წყალქვეშა დინებებმა განაპირობა მომხდარი.”

სამწუხაროდ ესაა მხოლოდ ნაწილი ზურაბ აჩბას სიტყვისა, რომელიც ტექსტის სახით  სრულად გაზეთმა “დროებამ”  –  1990 წლის ივნისში გამოაქვეყნა.