ტეგები

,


1990 წლის 10 მაისს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს წინაშე  სიტყვა წარმოქვა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა. მისი ამ გამოსვლის ტექსტი „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქციისთვის მიუწოდებია საქართველოს მეგობარს, ჩეხ მეცნიერსა და მთარგმნელს, ქართული ენისა და ლიტერატურის  მცოდნეს ვაცლავ ჩერნის. აი, ასე მოხვდა ქართულ პრესაში ვაცლავ ჰაველის ისტორიული სიტყვა. „დროის უეცარი აჩქარება“ – ასეთი სათაური წაუმძღვარეს მას და განმარტება: „ ესაა სიტყვა, რომელშიც თანამედროვე მსოფლიოს მრავალი საჭირბოროტო პრობლემაა წამოწეული. ეს სიტყვა, ვფიქრობთ, ქართველი მკითხველისთვის საყურადღებო იქნება.“

„დამოუკიდებლობის გაკვეთილებში“ გთავაზობთ ერთ საინტერესო ნაწილს, ევროპის საბჭოში, ვაცლავ ჰაველის 1990 წლის 10 მაისის გამოსვლიდან.

                                              დროის უეცარი აჩქარება

haveli 2

“თორმეტი ვარსკვლავი ევროპის საბჭოს გერბში სიმბოლოა დღეში თორმეტ საათად და წელიწადში თორმეტ თვედ დანაწევრებული დროის დინებისა. გერბი ინსტიტუტისა, რომლის წინაშე გამოსვლის პატივიც მერგო, განმიმტკიცებს რწმენას, რომ ველაპარაკები ადამიანებს, რომლებიც მგრძნობიარედ ადევნებენ თვალ-ყურს ევროპის დროის უეცარ აჩქარებას, რისი მოწმენიც დღესა ვართ. ესე იგი, ველაპარაკები ადამიანებს, რომლებსაც ჩემი ესმით, კაცისა, რომელსაც არა მხოლოდ სურს, არამედ, მოვალეცაა, ეს აჩქარება პოლიტიკური საქმიანობით გამოხატოს.

თუ ნებას დამრთავთ, დღეს შევეცდები, კვლავ ამ ამოცანაზე ვიფიქრო ხმამაღლა, ვიფიქრო მასზე და თან იმ ნიადაგს დავეყრდნო, რომელიც ასეთი ფიქრისთვის, ალბათ, ყველაზე ხელსაყრელია. მინდა, ჩემი მოსაზრებების გადმოცემა ერთი პირადი მაგალითის აღწერით დავიწყო:

მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ვიდრე დღევანდელ დღემდე, როგორც კი დავუფიქრდებოდი ხოლმე საზოგადო საქმეებს, ყოველთვის მხვდებოდა გონიერი ადამიანი, რომელიც გონიერების სახელით მიხსნიდა, რომ მეც გონს უნდა მოვგებულიყავი, თავი დამენებებინა უცნაური ფიქრებისთვის, ბოლოს და ბოლოს შემეგნო, რომ შეუძლებელია რაიმეს შეცვლა უკეთესობისკენ, რადგან მსოფლიო ერთხელ და სამუდამოდ გაყოფილია ორად, ეს ხელს აძლევს ორივე ნახევარს და არც ერთი მათგანი არ აპირებს რაიმეს შეცვლას; რომ სინდისთან თანხმობით ცხოვრებას ფასი არ აქვს, რადგან არავის ძალუძს რაიმეს შეცვლა და ყველა, ვისაც ომი არა სურს, ჩუმად უნდა იყოს.

ეს საეჭვო ხმა განსაკუთრებით ხშირად მესმოდა ჩეხოსლოვაკიაზე ბრეჟნევის თავდასხმის შემდეგ, როცა ე.წ. გონიერი ადამიანები განსაკუთრებით გამოცოცხლდნენ, რადგან მათ გულგრილობის იდეას არგუმენტი გაუჩნდა – შეეძლოთ ეთქვათ: „აი, ხომ ხედავ, ასეა, ყველამ ჩამოგვწერა, არავის ვაინტერესებთ, ვერაფერს შევცლით, ამაოა ყველაფერი, გამოიტანე გაკვეთილი, ან კიდევ ციხე გირჩევნია?“

მე ერთადერთი არ ვიყავი, რა თქმა უნდა, ვინც ამ ბრძნულ აზრებს ყურს არ უგდებდა და მაინც იმას აკეთებდა, რაც თავად მიაჩნდა სწორად. ასეთნი ჩვენში საკმაოდ იყვნენ, არ გვეშინოდა ვყოფილიყავით შერეკილები! კვლავ განვაგრძობდით ფიქრს იმაზე, თუ რა გზით გამხდარიყო სამყარო უკეთესი და ჩვენს აზრებს არ ვფარავდით. ჩვენი მისწრაფებები ბოლოს ერთ დინებაში გავაერთიანეთ და მას “ქარტია 77” ვუწოდეთ.

მთელი ქარტია და თითოეული ჩვენგანი თავისუფლად ვფიქრობდით თავისუფლებასა და უსამართლობაზე, ადამიანთა უუფლებობაზე, დემოკრატიასა და პოლიტიკურ პლურალიზმე, საბაზრო ეკონომიკასა და სხვა მრავალზე. ვფქირობდით და, მაშასადამე, ვოცნებობდით კიდეც. ვოცნებობდით ციხეში თუ ციხის გარეთ, რაღა თქმა უნდა, უმავთულხლართო, უკედლო ევროპაზეც, ევროპაზე, რომელშიც ხელოვნურად გაყოფილი ერები და იარაღის გიგანტური არსენალები არ იქნებოდა. ვოცნებობდით ბლოკების სქემებისგან გამოხსნილ ევროპაზე, ადამიანისა და მისი უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებულ ევროპულ პოლიტიკაზე, რომელიც არ დაექვემდებარებოდა დროებითსა და პარტიკულარულ ინტერესებს. დიახ, ჩვენ ვოცნებობდით ევროპაზე, როგორც დამოუკიდებელი ერებისა და დემოკრატიული სახელმწიფოების მეგობრულ საზოგადოებაზე.

როცა ამის საშუალება გვქონდა, მე და ჩემი მეგობარი ირჟი დინტსბირი ( დღეს იგი ჩეხოსლოვაკიის მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრია) სამუშაო ცვლის დამთავრების შემდეგ, ყოველდღე, 15 წუთის განმავლობაში ვახერხებდით, პერჟმანის ციხეში, ხმამაღლა, ერთად გვეოცნება ამ ამბებზეც.

ირჟიმოგვიანებით ირჟი დინსტბირმა – ის უკვე ცეცხლფარეშად მუშაობდა – დაწერა წიგნი „ ოცნებები ევროპაზე.“ „რა აზრის აქვს ცეცხლფარეშის უტოპიური წარმოდგენებით სავსე წიგნს მომავლის შესახებ, როცა მას იოტისოდენა გავლენაც არა აქვს მომავალზე და როცა ამით კვლავაც დევნას გამოიწვევს?“ კითხულობდნენ გონიერების მომხრენი და გაუგებრად აქნევდნენ ბრძნულ თავებს.

და შემდეგ მოხდა უცნაური რამ: დრო უცებ აჩქრადა, რასაც ადრე წელიწადი სჭირდებოდა, უკვე ერთ საათში ხდებოდა, ყევლაფერმა საკვირველი სისწრაფით დაიწყო ცვლა, შეუძლებელი შესაძლებლად იქცა, ხოლო ოცნება – სინამდვილედ. ცეცხლიფარეშის ოცნებები საგარეო საქმეთა მინისტრის ყოველდღიურ სამუშაოდ გადაიქცა, გონიერების მიმდევრები კი სამ ჯგუფად დაიყვნენ. პირველნი ჩუმად უცდიან რამენაირ ცუდ ამბებს, როგორც ახლა არგუმენტს, რომელიც თავიანთ ნიჰილისტური იდეოლოგიის გასამაგრებლად გამოადგებათ, მეორენი ფიქრობენ, თუ როგორ ჩამოაშორონ სახელმწიფო საქმეს მეოცნებენი და როგორ დასვან მათ ადგილას კვლავ „გონიერი“ პრაგმატიკოსები, მესამენი კი გაჰყვირიან, რომ ბოლოს და ბოლოს მოხდა ის, რის შესახებაც ყოველთვის იცოდნენ, რომ მოხდებოდა.

haveli 1ამ გამოცდილებას გიზიარებთ არა იმისთვის, რომ სწორედ აქ დავცინო ჩემს თითქოსდა გონიერ თანამოქალაქეებს, არამედ სრულიად სხვა მიზნით: მინდა ნათელვყო, რომ არასდროს არაა ზედმეტი იფიქრო ალტერნატივაზე, რომელიც მოცემულ მომენტში დაუჯერებლად, შეუძლებლად და სიგიჟედაც კი გეჩვენება.

დღევანდელ  ჩეხოსლოვაკიაში ახალი ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდში ვცხოვრობთ, რადგან უამრავ უზარმაზარ პრობლემბეში ვიხრჩობით, რომლებიც წლების განმავლობაში, შეუმჩნევლად მატულობდა და მათი სიღრმე და დახლართულობა მხოლოდ მოპოვებულმა თავისუფლებამ გამოიტანა დღის სინათლეზე. წარსული რეჟიმისგან მემკვიდრეოაბდ მივიღეთ დაზიანებული ქვეყანა, დანგრეული ეკონომიკა და უპირველას ყოვლისა, გამრუდებული ზნეობრივი ცნობიერება.

ტოტალიტარული ძალის დამხობა, მართალია, სერიოზული ნაბიჯი გახლდათ, რადგან იგი პირველი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია გზისა, რომელზეც მრავალი შემდგონი, შეუდარებლად ძნელი ნაბიჯი უნდა გადავდგათ სწრაფად.

აღმოვაჩინეთ რომ თითქმის არაფერი ვიცით წესიერად და ბევრი რამ ახლაღა უნდა ვისწავლოთ. უნდა ვისწავლოთ პოლიტიკური კულტურა, დამოუკიდებელი აზროვნება, ღირსეული მოქალაქეობრივი თავდაჭერა.ეს კარგად ვიცით, შესაძლოა, მათზე კარგად, ვინც თანაგრძნობით გვადევნებს შორიდან თვალს და ჩვენი უხეირობის გამო სასოწარკვეთილებაში ვარდება.

აქ ამ ამბებზე ვლაპარაკობ არა იმიტომ, რომ თქვენგან დაუმსახურებელი მოგება ან თანაგრძნობა მაინც მოვითხოვო, არამედ იმიტომ, რომ მიჩვეული ვარ სიმართლის თქმას და ისეთ სიტუაციაშიც კი, როცა ჩემთვის და ჩემი თანამოქალაქეებისთვის უფრო მომგებიანი ტყუილის თქმა ან, სულაც მცირე, გაჩუმება მაინც იქნებოდა, მიმაჩნია რომ სუფთა  სინდისს ვერაფერი დაჩრდილავს.”

1990 წელი, სტრასბურგი, ევროპის საბჭო.