ტეგები


“დამოუკიდებლობის გაკვეთილების” კალენდარში 1990 წელია. ამ საკმაოდ საინტერესო წლის აღწერაში  საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპოსტოლესაც ვრთავთ, რადგან მასში პატრიარქი პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურებოდა და თან  ისტორიასთან, მის უმძიმეს ნაწილთან თავის ასეთ დამოკიდებულებას გვიყალიბებდა: „დადგა დრო უფროსი თაობის ჯერ არნახული დაუნდობელი ლანძღვისა იმ საბაბით, თითქოს მათ დაღუპეს საქართველო. ის კი გვავიწყდება, რომ მეცხრამეტე – მეოცე საუკუნეებში ჩვენი ერის ცხოვრებაში მომხდარი ფაქტები შედეგი იყო სწორედ ქართველთა სულმოკლეობისა, ურთიერთმტრობისა და წინაპართა ეს ნაკლი ჩვენშიცაა, ჩვენც მონანი ვართ იმ სიმდაბლისა, თავი კი უცოდველი გვგონია, საკითხავი ისიცაა, მათ ადგილას განა ჩვენ უკეთესი ვიქნებოდით? გავუძლებდით კი იმ წლების სიმძიმეს?“

——————————————————————————————————

“სააღდგომო ეპისტოლეში მინდა შევეხო ჩვენი დღევანდელობის ზოგიერთ მტკივნეულ საკითხს.

პატრიარქისამწუხაროდ, წარსულმა წლებმა ჩვენს აზროვნებას ფსიქოლოგიური რღვევის მექანიზმის დაღი დაასვა, მისი მიზანი იყო ადამიანის არსიდან ღვთის განდევნა და მისი ადგილის დაკავება. ამიტომ ყველაფერი, რაც აღნიშნულ პრინციპს არ ემორჩილებოდა, იდეოლოგიისთვის მიუღებელი იყო. არ სჭირდებოდა მას დემოკრატია, სიყვარული, თავისუფლება, ჭეშმარიტება…

რწმენისა და ინტელექტის უარყოფამ განაპირობა მსოფლმხედველობისა და ზოგადადამიანური მრწამსის რღვევა, სინათლის ადგილას გამეფდა სიბნელე. სიყვარულის ადგილას – სიძულვილი, ცოდნის მაგივრად – უმეცრება, ღვთის ნაცვლად – ურწმუნოება. ზნეობა და სულიერობა ისე დაინთქა მკვდრად ნაშობი იდეოლოგიის სქემაში, ისე გაილია და გაფერმკრთალდა, ვერც კი ვიგრძენით, როდის დავკარგეთ იგი. ადამიანი იქცა მომავლისთვის მეტად საშიშ მანქანად, ავტომატად.

ჩვენი დაბალი სულიერების მანიშნებელი ბევრი მაგალითია, ბევრი ფაქტია.
რით შეიძლება ავხსნათ თუ არა ამით, ქართველის მიმართ ქართველი ადამიანისვე დაუნდობელი სისასტიკე? ჩვენი შვილები ჩვენს თვალწინ ერთმანეთს ხოცავენ ისეთი ღვარძლით, ისეთი გამეტებით, რომლითაც ქრისტიანი კაცი სამშობლოს მტერსაც კი არ გაწირავდა…

ჩვენი ერის წინაშე დიდი პრობლემები დგას. მდგომარეობა რთულდება და უარესდება იმითაც, რომ ქართველთა შორის არ არის თანხმობა, მეტიც, ხშირად მტრობაა, რაც განსაკუთრებულად გამოვლინდა თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების ფონზე.

მრავალპარტიულობა შესანიშნავი და ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წყობაა, მაგრამ მას ხომ უნდა კეთილად გამოყენება, ისეთ სახელმწიფოებში, სადაც დემოკრატია და პარტიების სიმრავლე უკვე საუკუნეობით არსებობს, გამომუშავებულია კამათის ეთიკა. ჩვენთან კი ეს არც იყო და არც არის. ჩვენი სულიერი და კულტურული დონე იმდენად დაბალია, რომ კამათის დროს გადავდივართ ერთმანეთის შეურაცხყოფაზე, მუქარაზე, არ ვერიდებით არც ცოცხალს, არც მკვდარს. ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: მიცვალებულზე ან კარგი უნდა თქვა ან არაფერიო. ჩვენ კი წარმართების დონემდეც ვერ ავმაღლებულვართ. ცუდის თქმას არ ვჯერდებით, მკვდრებს საფლავებშიც აღარ ვაყენებთ.

დადგა დრო უფროსი თაობის ჯერ არნახული დაუნდობელი ლანძღვისა იმ საბაბით, თითქოს მან დაღუპა საქართველო. ის კი გვავიწყდება, რომ მეცხრამეტე – მეოცე საუკუნეებში ჩვენი ერის ცხოვრებაში მომხდარი ფაქტები შედეგი იყო სწორედ ქართველთა სულმოკლეობისა, ურთიერთმტრობისა და წინაპართა ეს ნაკლი ჩვენშიცაა, ჩვენც მონანი ვართ იმ სიმდაბლისა, თავი კი უცოდველი გვგონია, საკითხავი ისიცაა, მათ ადგილას განა ჩვენ უკეთესი ვიქნებოდით? გავუძლებდით კი იმ წლების სიმძიმეს?

1990 წელი.  სრულიად საქართველოს კათოლიკოს  პატრიარქი ილია მეორე.