ტეგები

,


გავიდა ერთი წელი და  1989 წლის 9 აპრილს თბილისში მოკლული  მშვიდობიანი დემონსტრანტები სამგლოვიარო მინტინგზე გაიხსენეს. გავა კიდევ ერთი წელი და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებაც  9 აპრილს გამოაცხადებენ. აქ შემოგთავაზებთ ამონარიდს 1990 წლის 9 აპრილის სამგლოვიარო მიტინგზე თამაზ კვაჭანტირაძის გამოსვლიდან.

თამაზა“ქრისტეს შობა თავისუფლების დაბადებაც იყო – სწორედ მაცხოვარმა გაათავისუფლა ადამის მოდგმა პირველქმნილი ცოდვისაგან. თავისუფლებაც კაცივით იბადება და მის მოვლინებასაც ახლავს ხოლმე გაუსაძლისი სამშობიარო ტკივილები. ასეთი ტკივილებით შვა საქართველომ თავისუფლება1989 წლის 9 აპრილს.

იცოდნენ ახალი დროის ჰეროდეებმა ჩანასახში რომ უფრო ადვილია მოშთობა ჩვილისა, ამიტომ გალეწეს სისხლის კალო ამ ადგილას. ცხრა აპრილის მარტვილები ამ ახლად მოვლენილი ყრმის – თავისუფლების მახარებლები არიან. სწორედ მათ გაიღეს თავისუფლებისთვის ყველაზე დიდი გამოსაღები.. სისხლს კი გაფრთხილება უნდა; რუსთაველი ბრძანებს: „სისხლი კაცისა უბრალო კაცმანცა ვით იტვირთაო.“

ვაი რომ დაიღვარა სისხლი, უბრალოთა სისხლი.. უბრალოთა არა იმ აზრით, რომ დაღუპულთ მანამდე რაიმე განსაკუთრებული როლი არ უთამაშიათ ეროვნულ მოძრაობაში. უბრალო აქ ბრალის არ მქონეს ნიშნავს. ისინი, ისევე როგორც მათ გვერდით ჩაჩოქილი ათასები, განსაცდელს არ გაჰრიდებიან; სანთლები აინთეს და სამსხვერპლოდ განიმზადეს თავი.კაცი რომ მზადაა სიცოცხლე დათმოს, იმ სიცოცხლეს უნდა განსაკუთრებით გაფრთხილება. ვერ გავუფრხილდით..

მაგრამ დღეს ჩვენ აქ არც ვინმეს დასამუნათებლად და არც განსაკითხად არ შევკრებილვართ, არ დამდგარა საამისო დრო – ჟამი საქართველოში. საერთოდაც, შურისძიება სისუსტის ნიშანი უფრო მგონია, ვიდრე ძალისა. არცა ვართ, ღვთის მადლით ქართველობა შურისმაძიებელი ხალხი. დრო – ეს შეუმცდარი მსაჯული – მართალი სამართლით განსჯის; ცხრა აპრილის ყველა მონაწილეს თავისი მიეწყვის, ყველას თავისი ადგილი მიეჩინება: კრავებს – უფლის მარჯვნივ, თიკანთ – მარცხნივ. ერთი მსჯავრი კი არანაირ დროის გამოცდას არ დაექვემდებარება: ქართველმა ერმა ცხრა აპრილს დაღუპულები მოწამეებად მიიჩნია. წმინდანთა დასში ეგულებოდა ისინი მერაბ კოსტავას, ეროვნული მოძრაობის ამ თეთრ გიორგის, მუდმივად მზადმყოფს ურმის თვალს გადასცემოდა საქართველოსთვის.. და როგორც ისინი ვიდოდნენ მერაბის კვალზე ამ სოფელში, ისე გაჰყვა იგი მათ კვალს იმ სოფლად…

ტანკსაც და რაკეტასაც მხოლოდ სული დასძლევს, სული ცხოველი, შემოქმედებითი, მაშენებელი. ვიცი, ეს სული ზოგ რამეს დაანგრევს კიდეც, დასანგრევი დე დავანგრიოთ, ჩვენც აქა ვართ.. ესაა მხოლოდ – ნანგრევებში არ უნდა ჩავიმარხოთ: საქართველო არ უნდა დაიტანოს იმპერიის ნანგრევებმა. თანაც მხოლოდ უარყოფა, მხოლოდ ნგრევა, მხოლოდ პროტესტი ვერ გვაპოვნინებს სულიერ საქართველოს – სანუკვარ სამშობლოს ჩვენსას, თავისუფალსა და ღირსეულს. ასეთ საქართველოს შენება უნდა, შენებას კი ცოდნა, შრომა, შინაგანი წესრიგი და ჰარმონია სჭირდება; სჭირდება, უპირველეს ყოვლისა, ერთ პირზე დგომა გაერთინება, შეკვრა.. ხოლო ჭეშმარიტად მაშინ შევიკვრებით, როცა შევძლებთ ერთმანეთის განსხვავებულობის ატანას..” თბილისი. 1990 წლის 9 აპრილი.

გამოყენებული ფოტო  ეროვნული ბიბლიოთეკის  ფოტომატიანედანაა.