ტეგები

, ,


1990 წლის აპრილში ქართულ პრესაში გამოქვეყნდა ჯაბა ასათიანის პატარა წერილი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხისადმი უკრაინელების თანადგომას ეხებოდა. მასში მოყვანილი ფაქტები ბევრს  აღარც ახსოვს. როცა  თბილისში, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს სახალხო დეპუტატთა მეორე ყრილობა განიხილავდა, საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელისთვის  უკრაინელ დეპუტატებს გადაუციათ ბარათი, რომელშიც უკრაინელი დეპუტატები სოლიდარობას უცხადებდნენ ქართველ ხალხს. ბარათზე  20 -ზე მეტი მაშინდელი დეპუტატი აწერდა ხელს. წერილის ავტორი აღნიშნავდა, რომ ერთ-ერთ მათგანს თბილისიდან მადლობის წერილი მიწერა, მისგან კი საპასუხოდ  რამდენიმე ფოტო მიიღო. ფოტოებზე ასახული იყო 1989  9 აპრილის ტრაგედიიდან მეორმოცე  დღეს  კიევში, თბილისში მოკლულების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად და ქართველი ხალხისადმი  სოლიდარობის გამოსაცხადებლად ჩატარებული  მრავალათასიანი მიტინგი. ჯაბა ასათიანის პატარა წერილს ეს ისტორიული ფოტოები ერთვოდა. ისინი კიევში, ტარას შევჩენკოს ძეგლთან გამართულ სოლიდარობის აქციაზეა გადაღებული. 1989 -ში უკრაინელებმა ამ დიდი აქციით გვითხრეს: “ჩვენ თქვენთან ვართ!”

“დამოუკიდებლობის გაკვეთილები” გთავაზობთ 1990 წელს ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ პატარა წერილს და  ფოტოებს, რომლებიც ძველმა გაზეთმა შემოინახა.

kievi 1

(ფოტოებზე: 1989 წლის მაისში კიევში, ტარას შევჩენკოს ძეგლთან, 9 აპრილის გმირთა  ხსოვნისა და ქართველებისადმი სოლიდარობის აქცია)

“სახალხო დეპუტატთა მეორე ყრილობაზე 9 აპრილის ტრაგედიის საკითხის განხილვისას საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გივი გუმბარიძისთვის უკრაინელ დეპუტატებს გადაუციათ ბარათი: „ ძვირფასო ამხ. გუმბარიძე! უკრაინის დეპუტატთა კლუბი ყრილობის მუშაობის ამ დრამატულ მომენტში სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს. ჩვენ – თქვენთან ვართ!“ ბარათს ხელს აწერს 20-ზე მეტი დეპუტატი, მათ შორის – მწერლები: ვ. იავოროვსკი, დ.პაბლიჩკო, ო. გონჩარი, ი. შჩერბაკი, ვ.კოროტიჩი, რ.ბრატუნი. ისინი ჩვენი ძველი მეგობრები არიან, ბევრჯერ სწვევიან თბილისს, საქართველოს მრავალი კუთხე მოუვლიათ. ჩვენს გასაჭირს დაუმწუხრებიათ და დღესასწაულს გაუხარებიათ. ამის მკაფიო გამოხატულებაა ქართულ თემაზე შექმნილი მათი ლექსები, მოთხრობები, პუბლიცისტური წერილები. ზოგი ამ ნაწარმოებთაგანი ითარგმნა კიდეც ქართულად.

მკითხველი იოლად მიმიხვდება, რას ნიშნავდა უკრაინელთა თანადგომის ბარათი იმ კაცისთვის, ვინც 2 ათეული წელი შეალია უკრაინული ლიტერატურის თარგმნის საქმეს. ვოლოდიმირ იავოროვსკის ( მან დაწერა ბარათი და ხელმოსაწერად გადასცა დეპუტატებს) სამადლობელი წერილი გავუგზავნე და მისგან ეს  ფოტოები მივიღე.

kievi 9ფოტოებზე ის მრავალათასიანი მიტინგია ასახული, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის ორმოცი დღის თავზე, უდანაშაულოდ დაღუპულთა პატივსაცემად გამართულა კიევში, ტარას შევჩენკოს ძეგლთან, მისივე სახელობის პარკში. ეს მიტინგი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ თანადგომისა, რაც ოდითგან არსებობდა ქართველებსა და უკრაინელებს შორის.