ტეგები

,


“ყოველი დღე შიშითა და ზაფრით იწყება, გულისკანკალით ველოდებით მშობლები, დაგვიბრუნდება კი ცოცხალი დილით სახლიდან გასული შვილი – უვნებელი და საღსალამათი, თუ ვინმე, იმპერიული ბნელეთით გონებადაბნელებული, ერთი ღერი სიგარეტის გულისთვის დანას მოუღერებს.” – ეს ციტატა  1990 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებული მიმართვიდანაა, რომელიც  საქართველოს მწერალთა კავშირის სახალხო ფრონტის სახელით გამოქვეყნდა.

მკვლელობების ფაქტები უკვე  ძალიან იყო გახშირებული და  საქართველოს ახალგაზრდობისადმი, ყველა მოქალაქისადმი და ოჯახისდამი მიმართვის ავტორებს განგაშის ზარისთვის შემოუკრავთ. “ვისთვის გვინდა დამოუკიდებელი საქართველო? დანიანი ლაჩრებისთვის?” – კითხულობდნენ ისინი.

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” ამ მიმართვითაც გაგახსენებთ 1990 წელს. აქ ყველაზე საინტერესოა ის, თუ რაში ხედავდნენ ქართველი მწერლები გამოსავალს. წინასწარ გეტყვით,  ისინი გამოსავალს კანონის გამკაცრებაში არ ხედავდნენ.

ara “ვისთვის გვინდა დამოუკიდებელი საქარველო? დანიანი ლაჩრებისთვის? ხელსისხლიანებისთვის? სულწაწყმედილებისთვის? ავაზაკებისთვის? ურცხვთა და უპატიოსნათათვის? რჯულისა და ერის მოღალატეებისთვის? ნუთუ არ გვეყო რაც აქამდე ვეწამეთ და ვიტანჯეთ სატანის მოციქულთა ხელით? ნუთუ არ გვეყო იმპერიული რეჟიმის სისასტიკე და პიროვნების დათრგუნვა?!

ჩვენ გვესმის, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება, იმ სულიერ გამოცარიელებას – სისასტიკეს, იმ სიმკაცრეს, წინდაუხედაობას, ლაჩრულ გამბედაობას თავისი დიდი მიზეზი აქვს. ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, რომელსაც სამოცდაათი წელიწადი „მართავდა“ ეშმაკი, ეშმაკმა კი ეშმაკისეული ვნებები გააღვივა.

უპირველეს ყოვლისა უნდა ვაღიაროთ: საქართველოს მკვლელები შემოესიენ! დღეს, როდესაც თითოეული ახალგაზრდა კაცი ძალასა და ენერგიას სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას, სამშობლოს სასიკეთო გზაზე შემობრუნებას უნდა ახმარდეს, პირიქით ხდება – მის წინააღმდეგ იბრძვის, მის წინააღმდეგ აბრკოლებს.

აღარც კი ვიცით რა ვთქვათ და როგორ ვთქვათ. მოვითხოვოთ თოთეული კაცისმკვლელის გასამართლება სახალხოდ, საჯარო ტრიბუნალის საშუალებით? თითოეული მკვლელი შეირაცხოს ერის მოღალატედ? მოკვეთილ იქნას იმ სოფლიდან, იმ რაიონიდან, იმ ქალაქიდან, სადაც ის ცხოვრობს? მთელმა ოჯახმა პასუხი აგოს მკვლელის გაზრდისთვის?!

აქ გვახსენდება ამას წინათ პრესაში გამქვეყნებული ცნობა – 1988 წელს შვეციაში არცერთი განზრახ მკვლელობა არ მომხდარაო. დავიჯეროთ ამ მდგომარეობას შვედებმა კანონების სიმკაცრით და სისასტიკით მიაღწიეს? არა, რა თქმა უნდა, არა. იმათ სწორედ სიკეთით, სიყვარულით, ღვთისმოშიშობით, სათნოებით მიაღწიეს ამას. ჩვენც იმათ გზას უნდა გავყვეთ და მივაღწიოთ დამოუკიდებელ, ერთიან, ქრისტიანული სათნოებით განათებულ ცხოვრებას.

მანამდე?

მანამდე კი – ჩვენ, მწერლებს, ერთადერთი იარაღი გვაქვს, ეს იარაღი სიტყვაა – მწერლის სიტყვა და ჩვენ მოგმართავთ ამ სიტყვით: შეჩერდით, ძმებო და შვილებო, სულს მუ მიჰყიდით ეშმაკს, ლაჩრული „ვაჟკაცობით“ ნუ გამოიჩენთ თავს. ყველაფერს აიტანს ეს ჩვენი მადლიანი მიწა, მკვლელი ლაჩრის ტარება კი მას ძალიან უმძიმს და უჭირს.”

საქართველოს მწერალთა კავშირის სახალხო ფრონტი