ტეგები

, ,


წარსულის კარგად გასააზრებლად  ფაქტებთან ერთად საინტერესოა ისიც, ამა თუ იმ ეტაპზე  რას ფიქრობდნენ, რას წერდნენ, როგორ აფასებდნენ, რაზე ოცნებობდნენ, რისი სჯეროდათ იმათ, ვის გამოსვლებსაც  ყურს უგდებდნენ, ვის ნააზრევსაც კითხულობდნენ.  “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში”  საქართველოს უახლეს ისტორიაში დარჩენილ ფაქტებთან ერთად ნაშინდელ  ნაფიქრ – ნააზრევსაც ვიხსენებთ.  ამჯერად, შემოგთავაზებთ ამონარიდს 1990 წლის აპრილში, ჟურნალ “ცისკრაში” გამოქვეყნებული ვრცელი სტატიიდან, რომელსაც “აპრილიდან აპრილამდე” ერქვა. წერილს არ ერთვოდა ავტორის სახელი და გვარი, როგორც ჩანს ის სარედაქციო  სტატია იყო.

“აპრილიდან აპრილამდე” გვთავაზობდა  საქართველოს მიერ 1989 წლის 9 აპრილიდან 1990 წლის 9 აპრილამდე განვლილი გზის შეჯამებას და ანალიზს.

foto“9 აპრილის დრამატული მოვლენების მნიშვნელობა მარტო საქართველოს მასშტაბით არ განიზომება, როგორც ერთ თავის გამოსვლაში აღნიშნა აწ განსვენებულმა აკადემიკოსმა ანდრეი სახაროვმა, თბილისის ამბებმა და მათმა მსოფლიო რეზონანსმა შეაჩერა რეაქციის შემოტევა და სამხედრო ძალის გამოყენება სხვა ხალხების ( შესაძლოა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების) განმანთავისუფლებელ მოძრაობათა ჩასახშობად. იმპერიულმა ძალებმა, ხალხთა საყოველთაო მღელვარების მიუხედავად, თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვეღარ გაბედა არმიის გამოყენება, სანამ უკიდურესად არ გამწვავდა ვითარება აზერბაიჯანში. ძალის გამოყენება აქაც ერთაშორისი კონფლიქტის საბაბით განხორციელდა, რამაც ერთგვარად შეცდომაში შეიყვანა მსოფლიო საზოგადოება. რახან სიტყვა მსოფლიო საზოგადოებრიობაზე ჩამოვარდა, აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ გასულ ერთ წელიწადში აშკარად გამოიკვეთა საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფალთა პოზიცია საბჭოთა კავშირში მიმდინარე ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობებისდამი. მათ არ სურთ რაიმე არსებითი ნაბიჯის გადადგმა ამ მოძრაობათა მხარდასაჭერად, არ აპირებენ კონფრონტაციის გზას დაადგნენ საბჭოთა მთავრობასთან, სჯერათ რომ გარდაქმნა შეასუსტებს საბჭოთა სამხედრო აგრესიის საფრთხეს, აქედან გამომდინარე, კოლონიური რეჟიმის დასამხობად ხალხთა მოძრაობას განიხილავენ როგორც გარდაქმნის საწინააღმდეგო მოქმედებას და საბჭოთა კავშირის შინაურ საქმეს. აშშ – ს ერთ- ერთი მაღალი თანამდებობის პირმა ამას წინათ სომხეთ -აზებაიჯანის ბრძოლას თემთაშორისი კონფლიქტიც კი უწოდა. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ეროვნულმა მოძრაობებმა საზღვარგარეთის მთავრობების მხრიდან რაიმე სერიოზული მხარდაჭერის იმედი არ უნდა იქონიონ.

ერთგვარი პოლიტიკური სპექტაკლის სახე მიიღო 9 აპრილის მოვლენების გამოკვლევამ. ახლა უკვე ცხადია, რომ მთელი ეს სპექტაკლი მიზნად ისახავდა არა კონკრეტულ დამნაშავეთა დასჯას, არამედ „გარდაქმნის“ ტერმინოლოგიას ამოფარებულ იმპერიის ხელისუფალთათვის სისხლიანი ლაქების ჩამორეცხვას. სხვა მხრივ, ამაო გამოდგა ობივატელთა წრეებში მოარული მითი „დიდი გამარჯვებისა“ და „სამართლიანობის ზეიმის“ შესახებ.9 აპრილის ხოცვა – ჟლეტის ორგანიზატორები ისევ მყუდრო კაბინეტებში ბინადრობენ და სამხედრო უწყებაც ისევ მუშტებს უღერებს ქართველ ხალხს.

სხვაგვარად არც იყო მოსალოდნელი და ყოველიევ ეს ტრაგედიად არ უნდა ვაქციოთ. მთავარია, რომ ამ ერთი წლის მანძილზე საქართველოს ეროვნულ – განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ უზარმაზარი ნახტომი გააკეთა. სრულიად საქართველო, ქართველი ხალხი, მისი ყოველი სოციალური ფენა თავისუფლების სულისკვეთებამ მოიცვა. თავისუფლების იდეა დღეს ქართველი ხალხისათვის საყოველთაო ნიშანსვეტია და თავისუფლების ჟამიც, თუ განგებამ ინება და ეროვნული ერთიანობა იქნა, მალე უნდა დადგეს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი! ”

ჟურნალ “ცისკარში” გამოქვეყნებული სარედაქციო სტატიიდან “აპრილიდან აპრილამდე,”  1990 წელი.