ტეგები

,


ლექსი

1990 წელს მუხრან მაჭავარიანს 60 წელი შეუსრულდა. ქართველი პოეტის იუბილე გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” ფურცლებზეც აღინიშნა.გამოქვეყნდა მისი ლექსები, მათ შორის ზემოთ მოყვანილი პატარა ლექსიც. მუხრან მაჭავარიანს ამ გაზეთიდან  უთხრა თავისი სათქმელი ტარიელ ჭანტურიამაც. “ათი წლის წინათ, ათი წლის შემდეგ” – ასე ერქვა პოეტისა და მეგობრისადმი  პოეტის და მეგობრის მიმართვას. “დამოუკიდებლობის გაკვეთილები” უცვლელად გთავაზობთ მას.

“დღეს – გასაგებია… მაგრამ მე თვითონ მაინტერესებს, რა აზრის ვიყავი მუხრან მაჭავარიანზე ათი წლის წინათ.

ათი წლის წინათ, ჟურნალ „ცისკრის“ აპრილის წიგნის ფურცლებიდან მუხრან მაჭავარიანს – მაშინ უჩინოს, მაგრამ არა უჩინოს – ასე მივსალმებივარ: „ომის დროს, მეგობრებო, ორდენებისა და მედლების გვერდით, იკეთებდნენ ნიშნებს, თუ ვინ რამდენჯერ იყო დაჭრილი, რამდენი ჭრილობა ჰქონდა მიღებული. მახსოვს, ჯილდოებზე უფრო ხალხი ჭრილობებს აფასებდა – შეიძლებოდა ცხრა ორდენი გქონოდა, მაგრამ ცხრა ჭრილობის ნიშანი ვისაც ეკეთა მკერდზე იმას მეტი რიდით ეპყრობოდნენ. პოეტებსაც, ჯილდოებზე უფრო, ჭრილობებით აფასებს ხალხი, და ეს ბუნებრივია, რადგან პოეტებიც ომში არიან.“

დღეს მუხრან მაჭავარიანის ჭრილობებს ვესალმებით! მისი ბოლო წიგნი, როგორ ჭრილობების ნიშანი, ისე აქვს მკერდზე აფარებული ყველა იმ ბედნიერ მკითხველს, ვინც ეს წიგნი იშოვა! ამაზე დიდი სიხარული პოეტისთვის არ არსებობს! სიტყვა უკვდავებას რატომღაც მხოლოდ მკვდრებისთვის ვიმეტებთ, თუ ამ ტრადიციას დავარღვევთ, მაშინ უფლება მომეცემა, თამამად გითხრათ, რომ მუხრანის წიგნში, ისევე, როგორც ჩემი ზოგიერთი სხვა მეგობრის წიგნშიაც, ბევრი უკვდავი ლექსი და სიტყვა მეგულება! ვიცი, ამაზე ზოგს გულში გაეღიმება, ბევრიც მეზობელს მუჯლუგუნს წაჰკრავს და გადაულაპარაკებს, რომ ეს ჰიპერბოლაა, რომ „ასეც არ შეიძლება, ბოლოს და ბოლოს,“ მაგრამ ამას ჭეშმარიტებისთვის, ეტყობა, მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ერთი ჭკვიანი კაცი წერდა, ჩემ რწმენას ვერ შეარყევს ადმიანის უჩვეულოდ მდაბალი მდგომარეობა, რადგან ჩემი რწმენა ემყარება არა იმას, თუ რას ფიქრობს ადამიანზე ადამიანი, არამედ იმას, თუ რას ფიქრობს ადამიანზე ღმერთიო. პოეტებშიც, ჩემი ფიქრით, ასეა საქმე.  მთავარი ის კი არაა, თუ რას ფიქრობს ამ პოეტზე ის პოეტი, არამედ ის, თუ რას ფიქრობს ამ პოეტებზე ღმერთი ( ღმერთი, სხვათა შორის, და არა კრიტიკოსი!)

ტარიელიცდება და ცდება ვისაც გონია, რომ დღეს საქართველოს ან არ ჰყავს ასეთი ღვთით კურთხეული პოეტები, ან, თუ ჰყავს, ჰყავს ნაკლები, ვიდრე ოდესმე ჰყოლია. მუხრან მაჭავარიანი თავდადებულთა ამ რაზმის ერთი სასიქადულო მეწინავეა, დღეს მისი დღეა და მე ისევე ვამაყობ მისი 50 მძიმე ჭრილობით, როგორც ამ ოცდათხუთმეტი წლის წინათ ვამაყობდი ნაომარი და ორდენების გარეშე დარჩენილი მამის ჭრილობებით!

ძმაო მუხრან! შენი საძმო შენს დაბადების დღეს ტრადიციულად წითელ ხიდთან იხდის, იქ, სადაც საქართველო თავდება! და მე თითქოს ახლაც ყურში ჩამესმის შენი სუფრის უცვლელი თამადის მჭევრი სიტყვა და ძმაკაცების ტკბილი წამოკრული:
მრავალჟამიერ,
მრავალჟამიერ,
მრავალჟამიერ,
შენი სოცოცხლე!

დღეს საქართველოს სასიქადულო პოეტი 60 წლისაა – ეტყობა, ჩემმა ლოცვამაც გაჭრა!
რა ვთქვა! – ახლაც ისე მიყვარს, მომწონს, მეამაყება მასთან მეგობრობა, როგორც 10 წლის წინ! ასე იქნება ათი წლის მერეც..

დღეს სხვა დროა, საქართველო სხვა განსაცდელის წინაშე, სხვა გზაჯვარედინეზე დგას. ახლოვდება მუხრანის ცხოვრებისა და ლექსის მთავარი აზრის, იდეაფიქსად ქცეული ოცნების აღსრულების ჟამი და ეჭვი არ მეპარება – მისი ჭრილობები კიდევ უფრო მოიმატებს და გაღრმავდება! რას იზამ, ასეთია პოეტისა და მამულიშვილის ბედი, და ბედნიერებაც – ნამდვილი პოეტისა და ნამდვილი მამულიშვილისა – ალბათ ამაშია!

მუხრანიათასი რამის გახსენება შეიძლება, მაგრამ ყველაზე მძაფრად მე ახლა შარშანდელი 4 აპრილი მაგონდება! – უნივერსიტეტში გამართული დიდი საპროტესტო მიტინგის მონაწილეებმა მუხრან მაჭავარიანს ეროვნული დღოშა გადასცეს და გაძღოლა თხოვეს! მუხრანმა უდიდესი მოწიწებით გადაიხადა მადლობა ნდობისთვის, და მერე ათასები მისი წინამძღოლობით გავემართეთ საბედისწერო ადგილისკენ.. იმ დროშის დახრა არ შეიძლება! ” ტარიელ ჭანტურია. 1990 წელი.

გამოყენებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანეში დაცული ფოტოები. პირველ ფოტოზე მუხრან მაჭავარიანი და ტარიელ ჭანტურია. მეორე ფოტოზე – მუხრან მაჭავარიანი საპროტესტო აქციაზე.