ტეგები


რატომ გამოაცხადა 1990 წლის მარტის ბოლოს შიმშილობა თსუ -ს სოხუმის ფილიალის რექტორმა ფელიქს ტყებუჩავამ? რას აპროტესტებდა ის და, მასთან ერთად, რას აპროტესტებდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები?

SOX

“ქართულმა უმაღლესმა სასწავლებელმა, რომლის გასრესაც მოინდომეს მისი გაჩენისთანავე, რომლის სტუდენტების სისხლითაც იყო შეღებილი სოხუმის პირველი საშუალო სკოლის კედლები, ვერ მოიპოვა არსებობის პირობები.” –  ეს არის ამონარიდი ფელიქს ტყებუჩავას მიმართვიდან, რომელიც 1990 წლის მარტის ბოლოს გაზეთ “მამულში” გამოქვეყნდა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის რექტორმა უვადო შიმშილობა 26 მარტს დაიწყო. ის მოითხოვდა უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის შევიწროვება – შეურაცხყოფის შეწყვეტას და სტუდენტებისთვის ნორმალური სასწავლო პირობების შექმნას.

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” ვაქვეყნებთ ფელიქს ტყებუჩავას 25 წლის წინანდელ მიმართვას.

“ძვირფასო თანამემამულენო, საქართველოში ბევრს დაავიწყდა, რომ სოხუმში არსებობს ახალი ქართული უნივერსიტეტი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ფილიალს არა აქვს საკუთარი შენობა, სტუდენტებს არა აქვთ ნორმალური აუდიტორიები, სასწავლო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა. პროფესორ-მასწავლებლებს არა აქვთ სამუშაო ოთახები. სოხუმში ვერ ნახავთ წარწერას: „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი,“რადგან ქალაქში  ვერ გამოინახა კედელი, რომელზეც შეიძლებოდა გაკეთდეს წარწერა.

ქართულმა უმაღლესმა სასწავლებელმა, რომლის გასრესაც მოინდომეს მისი გაჩენისთანავე, რომლის სტუდენტების სისხლითაც იყო შეღებილი პირველი საშუალო სკოლის კედლები, ვერ მოიპოვა არსებობის პირობები.

დაუფიქრდით, სხვა რომ არაფერი, რამდენად დამამცირებელია ასეთი მდგომარეობა, რა მძიმე ასატანია ეს მორალურად. ფილიალმა ბევრჯერ ამოიღო ხმა, მისმა სტუდენტებმა მრავალჯერ გადაწყვიტეს მოეწყოთ საპროტესტო მიტინგები, დემონსტრაციები და გაფიცვები, მაგრამ მე დავუშალე, რადგან სოხუმში საგანგებო სამხედრო რეჟიმია. მეშინოდა, არაფერი შემთხვეოდათ, პროვოკაციისთვის საბაბი არ მიეცათ ბნელი ძალებისთვის. მათ სჯეროდათ ჩემი, მენდობოდნენ, საგანგებო უფლებებიც მომცეს ( ისეთი, როგორიც არა აქვს არც ერთ რექტორს), რომ ყველა საშუალებით დამეცვა ფილიალის ინტერესები, მაგრამ დღეს უნდა ვაღიარო, რომ ვერ ვამართლებ იმედებს. თუმცა ვიხმარე ყველა საშუალება, გამოვიყენე ყველა არგუმენტი, ფილიალის გაუქმების მცდელობა კვლავ ძალაში დარჩა.

26 მარტიდან გამოვაცხადე შიმშილობა და ვიშიმშილებ უვადოდ, სანამ არ დამთავრდება ფილიალის შევიწროვება  და შეურაცხყოფა, სანამ ფილიალი არ მიიღებს შესაფერის შენობას და სტუდენტებს არ მიეცემათ სწავლის ნორმალური პირობები. ეს ჩემი კანონიერი უფლებაა და არ მინდა დამასწრონ ჩემმა სტუდენტებმა, რადგანაც მიმაჩნია ყოველი რექტორისთვის სირცხვილია, როცა მისი სტუდენტები მიმართავენ პროტესტის ისეთ საშუალებას, რომელიც თვითონ რექტორს არა აქვს გამოცდილი.

მე ვთხოვ სტუდენტებს და თანამშრომლებს, დაიცვან სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და ამით გამიწიონ თანადგომა.”

სოხუმი. 1990 წელი.