ტეგები

, ,


1990 წლის მარტში  საზოგადოების ნაწილს მხარი დაუჭერია “საქართველოს მხედრიონის ” წინადადებისთვის ”  – 19 მარტს  სიონის ტაძართან შემდგარიყო “ეროვნული დაფიცების” აქცია. “გავხდეთ შემწყნარებელნი, მიმტევებელნი, დაე გრძნობდეს მტერი ჩვენს ნამდვილ ერთიანობას,” – მოუწოდებდა მოსახლეობას “საქართველოს მხედრიონი” და სხვა პარტიული თუ საზოგადოებრივი გაერთიანებები. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გაგაცნობთ 1990 წლის  მარტში გავრცელებულ ამ მიმართვას.

——————————————

“გთხოვთ ყურად იღოთ საქართველოს მხედრიონის კეთილშობილური წინადადება – ეროვნული ერთიანობისა და ურთიერთმიტევების დღის შესახებ. ყველა კარგად გრძნობს საქართველოში დღევანდელი დღის სირთულეებს. კარგად ვიცით, რომ დეკლარაციებითა და მოწოდებებით ასეთი ერთიანობა არ მიიღწევა, მაგრამ ვერც ერთი მოქალაქე, ვერც ერთი ქართველი, ვისაც გული შესტკივა თავის ქვეყნის ბედზე, გულგრილი ვერ დარჩება საერთო საზოგადოებრივი საწუხარის მიმართ. ამჯერად, ყველა ქართველი ვალებულია ერის წინაშე – ერთიანობისთვის ბრძოლა დავიწყოთ ჩვენი თავიდან. ქრისტიანული წესით ეს მიიღწევა მონანიება -მიტევების გზით.

ყველა ვინაც კი პირჯვრის გადაწერა იცის, იცის, რომ უცოდველი კაცი ქვეყანაზე არ დადის, ყველას მეტ-ნაკლები ცოდვა მიგვიძღვის ღმერთისა და ერის წინაშე, აბსოლუტურად უცოდველი მხოლოდ ზეციურ დასს ეკუთვნის. მოვინანიოთ ჩვენი წინაპრების ცოდვა, რაზედაც ჰგოდება დავით გურამიშვილი; მოვინანიოთ ჩვენივე გულფიცხობა, ამბიციურობა, ერთმანეთის განკითხვით გატაცება, ღრმად აღვიბეჭდოთ გულში მაცხოვრის სიტყვები: „ნუ განიკითხვათ, რათა არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯით, რაითა არა დაისაჯოთ, მიუტევეთ, რაითა მოგეტევნენ.“

ჩვენი თხოვნაა, მოწოდებაა ამა წლის 19 მარტს, 12 საათზე მივიდეთ სიონის საკათედრო ტაძართან, ცხადია, ეს არ არის საეკლესიო რიუტუალი, ეს არის ეროვნული დაფიცების დღე, გავხდეთ შემწყნარებელნი, მიმტევებელნი, დაე გრძნობდეს მტერი ჩვენს ნამდვილ ერთიანობას. თუ მღვდელმთავრობა ინებებს და გვიკურთხებს ამ ეროვნული ერთიანობის ტკივილსა და ოცნებას, კიდევ ერთხელ მადლს შევწირავთ ღმერთს. ეს კიდევ ერთხელ უფრო შეამზადებს მრევლს – განიმსჭვალოს მართლმადიდებელი ეკლესიის წეს – აღმსარებლობისადმი ჭეშმარიტი მორწმუნის სულით.

დღეს ვის შეუძლია უდავო ჭეშმარიტების პოვნა? არც ეს დეკლარაცია იქნება უდავო, მაგრამ, მოდით, ნუ ვიდავებთ, რათა ვძლიოთ სატანას, მოვინდომოთ ყველამ, დავუთმოთ ერთმანეთს, რათა საქართველო არ იყოს დაქსაქსული ეგოისტურ ერთეულებად, დაპირისპირებულ სოციალურ ფენებად.

ჩვენი უზენაესი საფიცარი ღემრთი და საქართველოა.” mxedrioni