ტეგები

, ,


1990 წლის მარტში საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ მართლაც რომ  საინტერესო სვლები გააკეთა: დაგმო და ანექსია უწოდა 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებას, ბათილად გამოაცხადა მას შემდეგ მიღებული დოკუმენტები, დაადასტურა სპეციალური კომისიის დასკვნა საქართველოსა და რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების თაობაზე, აღიარა, რომ 1920 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა ჯარების შემოსვლა, შემდეგ კი მათ მიერ ქვეყნის ტერიტორიის დაკავება, სამართლებრივი თვალსაზრისით იყო სამხედრო ჩარევა ( ინტერვენცია) და ოკუპაცია არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით. საქართველოს უზენაესმა საბჭომ უკანონოდ და ბათილად გამოაცხადა საქართველოსა  და რუსეთის  შორის 1922 წლის 12 მარტს გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულებაც.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს 9 მარტის დადგენილება. 1990 წელი

“ადასტურებს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს კომისიის დასკვნას და აღიარებს, რომ 1921 წელს თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება, სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით _ ფაქტობრივ ანექსიას;

გმობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს და ესწრაფვის საქართველოსთვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებასა და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღიარებული საქართველოს უფლებების აღდგენას.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს უკანონოდ და ბათილად:

1924 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხურ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის;

1922 წლის 12 მარტის სამოკავშირეო ხელშეკრულებას ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა ფედერალური კავშირის შექმნის შესახებ“.

რას ნიშნავდა ყოველივე ეს?

ეგლი

1990 წლის 20 მარტს კომუნისტური ხელისუფლება იძულებული გახდა 25 მარტისთვის დანიშნული უზენაესი საბჭოს არჩევნები ოქტომებრში გადაეტანა. ეროვნულ -განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ჩართული ძალები ბოიკოტს უცხადებდნენ კომუნისტური ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებს, რომელიც ამაცე დროს არ ცნობდა მრავალპარიულობის სისტემას. საბოლოოდ, გუმბარიძის ხელისუფლების დადგენილებაში ჩაიწერა: “1. დაევალოს საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა საბჭოების დეპუტატების არჩევნების შესახებ საქართველოს სსრ კანონის პროექტების შემმუშავებელ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის კომისიას პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და მასობრივ მოძრაობებთან ერთად, ერთი თვის ვადაში, მოამზადოს განსახილველად და მისაღებად საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის პროექტი.”

2. საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების კანონის პროექტს საფუძვლად დაედოს მრავალპარტიული არჩევნები მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით.”

მოვიყვანთ  აკაკი ბაქრაძის მოსაზრებას 1990 წლის მარტში, საქართველოს კომუნისტური ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე  მოსკოვის უცნაურად მშვიდი დამოკიდებილების შესახებ. “უახლოეს ხანებში მოსკოვი დათანხმდება ლიტვის ( მთელი ბალტიისპირეთის) დამოუკიდებლობას… მაგრამ ასეთი დამოკიდებულება არა აქვს მოსკოვს საერთოდ ამიერკავკასიის მიმართ და, კერძოდ, საქართველოსადმი.”

აკაკი ბაქრაძე – 1990 წლის 27 ივლისი –  “ლიტერატურული საქართველო” “საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, რომ 1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა საქართველოს დაპყრობა-ანექსია, რასაც მოსკოვის მხრიდან არავითარი რეაქცია არ მოჰყვა. აუქმებს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო 1922 წლის შემდეგ დადებულ ხელშეკრულებებს და მოსკოვი დუმს. აცხადებს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო საქართველოს სსრ კანონების უზენაესობას სსრკ – ის კანონებთან შედარებით, მოსკოვს ეს არ აწუხებს, არავითარ კონტრღონისძიებას არ მიმართავს.

ნახეთ, როგორ მშვიდად დაიშალა საქართველოს კომკავშირი. მოსკოვიდან თხოვნაც კი არ მოსულა, ამ საქმეს ნუ იზამთ, ფორმალურად მაინც იარსებოსო. ამავე დროს მოსკოვი ლიტვის ყოველ ნაბიჯს ებრძვის, გმობს, უცხადებს ბლოკადას, უჭერს ყელში თოკს, აიძულებს გამოაცხადოს ლიტვის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების მორატორიუმი.

რატომ არის ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება? ჩემი ფიქრით, ეს შედეგია იმისა, რომ მოსკოვი უკვე დიდი ხანია დათანხმდა ლიტვის ( საერთოდ ბალტიისპირეთის დამოუკიდებლობას, მის საბოლოო გასვლას სსრკ-დან) გორბაჩოვის ნაირ – ნაირი განკარგულებები ნიღაბია იმისა, თითქოს მოსკოვი იბრძვის ბალტიისპირეთის შესანაჩუნებლად. ეს აუცილებელია იმ ფანატიკოსი კომუნისტების დასამშვიდებლად, რომელთაც სიზმარშიც კი ვერ წარმოუდგენიათ ლიტვის ან ლატვია-ესტონეთის დამოუკიდებლობა – თავისუფლება. უნდა გათამაშდეს მოსკოვ – ბალტიისპირეთის „ბრძოლა.“ ამ მოჩვენებითი ბრძოლის პროცესს თანდათან შეეჩვევა სსრკ-ის რღვევის მოწინააღმდეგეები. შეჩვეულები კი იოლად შეეგუებიან ლიტვის დამოუკიდებლობას, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება. ასეთ თამაშს გორბაჩოვი ხშირად მიმართავს. ყველაზე მკაფიო მაგალითია პრობლემა, რომელ სამხედრო ბლოკში უნდა იყოს ერთიანი გერმანია. საბჭოთა მმართველობა თითქოს აქტიური წინააღმდეგი იყო ერთიანი გერმანიის ნატოში შესვლისა, ეს არაერთგზის განაცხადეს გორბაჩოვმაც და შევარდნაძემაც, მაგრამ ახლა მოულოდნელად ( რა თქმა უნდა გულუბრყვილო მასისთვის) დათანხმდნენ ერთიანი გერმანიის ნატოში ყოფნას.

ასე, რომ უახლოეს ხანებში მოსკოვი დათანხმდება ლიტვის ( მთელი ბალტიისპირეთის) დამოუკიდებლობას და ყველასთვის ნათელი გახდება თამაშის შინაარსი. მაგრამ ასეთი დამოკიდებულება არა აქვს მოსკოვს საერთოდ ამიერკავკასიის მიმართ და, კერძოდ, საქართველოსადმი. იგი ბოლომდე იბრძოლებს საქართველოს შესანარჩუნებლად სსრკ-ის ფარგლებში. მოსკოვისთვის არავითარი მნიშვნელობ არა აქვს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო. ისინი ფარატინა ქაღალდი იქნება მანამ, სანამ მოსკოვი არ დათანხმდება საქართველოს გათავისუფლებას. ყველა ნიშნით ჩანს, რომ იგი ჯერჯერობით ამას არ აპირებს. ამიტომაც მშვიდად არის.”