ტეგები

,


1990 წლის გაზაფხულზე ერთ სასულიერო პირს ქადაგებაში “ვეფხისტყაოსანი” დაუგმია. ამ ფაქტს ქართული საზოგადოება აღუშფოთებია. მის წარმომადგენლებს, ” იბერია ღვთისმშობლის სრულიად საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოების” სახელით, საქართველოს პატრიარქისთვის უთხოვიათ შეეფასებინა სასულიერო პირის  ქადაგება და ქართულ ეკლესიაში გამოკვეთილი ტენდენციები: “უკვე აღარ შეიძლება თვალის დახუჭვა არც იმაზედ, რომ დღეს, მსოფლიო რელიგიური შემწყნარებლობისა და მშვიდობისთვის ბრძოლის ესოდენ დაძაბულ ვითარებაში, საქართველოს ეკლესიაში ზოგიერთი მაღალჩინოსანი მოძღვრის გზით ფეხს იკიდებს მძვინვარე უარყოფა მსოფლიოს ტოლერანტული მოძრაობისა, რაც ერთიანობისა და მოყვასის სიყვარულის ღვთაებრივ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს სამყაროში.” ( 1990 წელი)

საინტერესოა, რომ “ეკლესიის  ზოგიერთი მაღალჩინოსნის გზით” ეკლესიაში ფეხმოკიდებული სიბნელით აღშფოთებულ  “ვეფხისტყაოსნის” დამცველებს პატრიარქისთვის შოთა რუსთაველის წმინდანად შერაცხვაც უთხოვიათ. მიმართვაზე ხელმომწერებს შორის კი სხვებთან ერთად ყოფილან: გურამ ფანჯიკიძე, აკაკი ბაქრაძე, ტარიელ ჭანტურია, პარმენ მარგველაშვილი, თამაზ გამყრელიძე, ირაკლი კაკაბაძე  და ა.შ.

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გთავაზობთ  გაზეთ “მამულში” 1990 წელს  გამოქვეყნებულ მიმართვას:

_____________________________________

თქვენო უწმინდესობავ!
იბერია ღვთისმშობლის სრულიად საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოება თავის ძირითად მისიაში გულისხმობს ქართველი ხალხის სულიერ ქველმოქმედებით სამსახურს და ევალება გამოქომაგება არა მხოლოდ პიროვნებათა და საზოგადოებრივ მოვლენათა, არამედ იდეათა, – საკრალურ იდეათა, რომელნიც საჭიროებენ საზოგადოებისგან გაფრთხილებას და მოწიწებას.

პასუხისმგებლობა ქართველი ერის წინაშე აუცილებლობით გვავალებს გამოვთქვათ ჩვენი vefxisგულისწყრომა და შეშფოთება იმის გამო, რომ თბილისში ერთ -ერთი საეკლესიო კათედრიდან იქადაგეს ქართველი ერის დიდი სულიერი მოძღვრის – შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ უფასურობა. ამ რამდენიმე ხნის წინ, სამწუხაროდ, პრესაშიც გამოითქვა ეკლესიის იმავე წარმომადგენლის უარყოფითი პოზიცია ხელოვნების, მუსიკის, თეატრის, სპორტის მიმართ, რაც უკვე იკითხება როგორც დღევანდელი საქართველოს ეკლესიურ სამყაროში საკმაოდ მომძლავრებული ტენდენცია, ტენდენცია – ყოველივე ამქვეყნიურის უარყოფის დევიზით უარვყოთ და ეშმაკეულად გამოვაცხადოთ კაცობრიობისა და ქართველი ერის მთელი კულტურული მონაპოვარი, რასაც ლოგიკურად მოყვება უარყოფა ეროვნული საუნჯისა და, მაშასადამე, ქართული კულტურის უძვირფასესი განძისაც – „ ვეფხისტყაოსნის,“ აქედან კი ერთი ნაბიჯიღა დარჩა საერთოდ მთელი ეროვნული რაობის უარყოფამდე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამგვარი თვალსაზრისი არ არის არც საღმრთო თვალსაზრისი და არც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა უფლისა, არამედ არის მსოფლმხედველობრივი დაბნეულობა ღვთისმსახურად ქართველი ერის მოძღვრად კურთხეულისა, რომელსაც საკმაოდ დიდი თავისუფლება და კომპეტენტურობა აქვს მინიჭებული ამგვარი შეხედულებების გავრცელებისთვის. უკვე აღარ შეიძლება თვალის დახუჭვა არც იმაზედ, რომ დღეს, მსოფლიო რელიგიური შემწყნარებლობისა და მშვიდობისთვის ბრძოლის ესოდენ დაძაბულ ვითარებაში, საქართველოს ეკლესიაში ზოგიერთი მაღალჩინოსანი მოძღვრის გზით ფეხს იკიდებს მძვინვარე უარყოფა მსოფლიოს ტოლერანტული მოძრაობისა, რაც ერთიანობისა და მოყვასის სიყვარულის ღვთაებრივ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს სამყაროში. მართლმადიდებლობას შეფარებული ამპარტავნული იმპულსები მოძღვართა პიროვნული თვისებებისა შეუძლებელია, რომ თანამედროვე ქართული ეკლესიის ეროვნული პოზიციის სახეს იღებდეს. ეს ხომ ნიშნავს ქართველი ერის მოწყვეტას სარწმუნოებრივი ინსტიტუტის გზით მთელი მსოფლიოს კეთილი ნების ერთიანობიდან, რაც, სხვა არა იყოს რა, გაუცნობიერებლად, ანდა სრულიად შეგნებულად, უდიდეს ზიანს უმზადებს ქართული ეკლესიის ავტორიტეტს.

კაცობრიობას ახსოვს უამრავი უსამართლობა, ჩადენილი სამართლიანობის სახელით და უამრავი უღმერთობა – ჩადენილი ღმერთის სახელით. ევროპის ორთოდოქსული ეკლესია, როგორც მოძღვარი აღსარებისა და სინანულის, დღეს თავადაც მიემართება აღსარებისა და სინანულის გზით.

ქართული ეკლესია მუდამ ერთიანი და განუყოფელი იყო ქართველ ერთან, და ქართველ ერს ერთიანად და განუყოფლად ეჭირა მუდამ თავისი ეკლესიური და ეროვნული დროშა ყოველ განსაცდელში.

vefxis 2ჩვენ ვაცხადებთ იმას, რაც არაერთგზის განუცხადებია ქართველ ერს: „ ვეფხისტყაოსანი“ არის დედა – თხზულება ქართველი ხალხისა, დედა – მოძღვრება ქართული ზნეობისა, – მისი ზნეობრივი იდეალებისა, და გაუფასურება, შეგინება და გმობა „ვეფხისტყაოსნისა“ უნდა მიჩნეულ იქნეს გმობად და შეურაცხყოფად მთელი ქართველი ერის ეროვნული მეობისა, ქართველი ერის სინდისისა, მიჩნეულ იქნეს გმობად ქართველი ერის სულიწმინდით ბოძებული დიდი მადლისა.

იბერთა ღვისმშობლის საქველმოქმედო საზოგადოების ეროვნული საქომაგო საბჭო და ქართველი საზოგადოებრიობა თქვენის ლოცვა – კურთხევის დიდი იმედით და თქვენდამი დიდი მოკრძალების გრძნობით გთხოვთ, სათანადო შეფასება მიეცეს ზემოთდასახელებულ ეროვნული კულტურის გამაუფასურებელ ქადაგებას და ტენდენციებს.

როგორც ცნობილია, ქართული ორთოდოქსალური ეკლესია შოთა რუსთაველს სცნობს როგორც მხოლოდ მომხატავს იერუსალიმის ჯვრის მონასტისა ( სადაც ქართული წმინდა შოთაგადმოცემებით ბერად აღიკვეცა და აღესრულა სამშობლოდან გადახვეწილი მგოსანი) და არა როგორც ავტორს „ვეფხისტყაოსნისას.“ ასე რომ, ეკლესიურად დაკარგული გვყავს ის უდიდესი სულიერი მსახური ერისა, რომელმაც ესოდენ დიდი ამაგი დასდო ქართველი ერის მორალური დახვეწისა და ზნეობრივი ჩამოყალიბების საქმეს: პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ხომ მეორე „ბიბლიად“ იქნა აღიარებული ქართველი ერისა, ხოლო ავტორი მისი – მთავარ ეროვნულ მოძღვრად. დაკარგული გვაქვს ეკლესიური შეფასება ჭეშმარიტების ქადაგებისა რუსთველური სიყვარულის გზით, რაც ფაქტიურად არის დაკარგვა უდიდესი ეროვნული საგალობლისა, ქების უდიდესი შესაწირავის მსხვერპლისა უფლისადმი.”

1990 წელს გაზეთ “მამულში” გამოქვეყნებული მიმართვა საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქისადმი სრულდება შემდეგი სიტყვებით:

“ეკლესიამ აღასრულოს კანონიზაცია შოთა რუსთაველის ხსენებისა არა მხოლოდ როგორც ჯვრის მონასტრის მომხატავისა, არამედ როგორ დიდი სულიერი მოწამისა და დევნილის, როგორც წმინდანისა, და ქართველი ერის სათაყვანებელი წმინდა წიგნის “ვეფხისტყაოსნის“ შემქმნელის.

საქართველოს ეკლესია, მიგვაჩნია რა ქართული სულიერი ღირებულებების საზომად და ქართველი ერის სულიერი მოძღვრის წმინდათწმინდა მისიის შემსრულებლად, გვწამს, რომ ქართველი ერის ამ უმაღლეს ქრისტიანულ ღირებულებას სათანადო ღირსებითა და ლიტურგიით აღიარებს, კვალდაკვალ დიდი ილია მართლის აღიარებისა, რამეთუ კანონიზაცია ილია მართლისა ქართველი ხალხისთვის უკვე ნიშნავს ილიას მიერვე ერის დიად მოძღვრად თაყვანმიგებულ შოთა რუსთაველის აღიარებასაც.

ჩვენ გვჭირდება დღეს ერისა და ეკლესიის მაერთიანებელი ეკლესია, მაერთიანებელი ერისა და მრევლისა, რადგანაც ღმერთი ეკლესიისაც და ღმერთი „ ვეფხისტყაოსნისაც“ – „რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა“ – „სიყვარული არს.“

ქართველი ერის დიდი მგოსანი, სიყვარულისა და სწორუპოვარი მადიდებელი უფლისა, ღირსია ქართული ეკლესიის და ქართველი ერის მიერ ერთიანი აღიარებისა, ხსენებისა და თაყვანისცემისა.”

aloo