ტეგები

, ,


ეროვნულ – განმანთავისუფლებელ მოძრაობაში უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი  მაჰმადიანი მესხების საკითხიც იყო. ფერღანაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ  საქართველოდან დეპორტირებულები უკან  დაბრუნებას მოითხოვდნენ, მეოცე საუკუნის მიწურულს ეროვნულ -განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ჩაბმულს ძალებს შორის ზოგი მხარს უჭერდა იძულებით გადასახლებულების ნაწილის დაბრუნებას, ზოგი კი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გაგაცნობთ განსხვავებულ  მოსაზრებებს დეპორტირებულების მოთხოვნასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ამონარიდს ზურაბ ჭავჭავაძის ( ილია ჭავჭავაძის საზოგადოება) 1989 წლის ინტერვიუდან და საქართველოს ჰელსინკის კავშირის, წმინდა ილია მართლის საზოგადოებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის 1990 წლის მიმართვას ქართველი ერისადმი.

————————————————————

1. ამონარიდი 1989 წლის ინტერვიუდან:

” – როგორ უდგება თქვენი საზოგადოება ეგერთ წოდებულ თურქი-მესხების საკითხს?

ზურაბ ჭავჭავაძე: ასეთი ეთნიკური ჯგუფი ბუნებაში არ არსებობს. ტერმინი „თურქი -მესხი“ გამოგონილია ობივატელის დასაბნევად. 1944 წლის 15 ნოემბერს ერთ ღამეში სამცხე – ჯავახეთიდან გაასახლეს ასი ათასზე მეტი მცხოვრები. მათ შორის იყვნენ მესხებიც – mitუძველესი ქართული ტომის ხალხი და თურქებიც. მესხების ნაწილმა დაკარგა ეროვნული თვითშეგნება, თავს თურქად თვლის, მოითხოვს მშობლიურ მხარეში დაბრუნებას და იქ თურქული ავტონომიის შექმნას. ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ, ვინაიდან ეს გამოიწვევს ეროვნებათშორის შეტაკებებს. მესხების მეორე ნაწილმა კი, მიუხედავად არაადამიანური მრავალწლიანი ტანჯვა – წვალებისა, რომელიც შეიძლება შევადაროთ მხოლოდ დიდი ებრაელი ხალხის დევნას, შეინარჩუნა ქართული თვითშეგნება და საქართველოს სიყვარული. მიგვაჩნია, რომ ხელი უნდა შევუწყოთ მათ დაბრუნებას სამშობლოში. ამავე პოზიციაზე დგანან სრპ, სეგო, ედპ და სხვა არაფორმალები. ბევრს აკეთებს ამ პრობლემის გადასაწყვეტად მერაბ კოსტავა. მოწინააღმდეგეები არიან ოფიციალური ხელისუფლება, რუსთაველის საზოგადოება და ზოგიერთი არაფორმალური ორგანიზაცია, მათ შორის საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, რაც საერთოდ, პარადოქსად მიმაჩნია.”

—————————————————–

2. ამონარიდი მიმართვიდან, რომელიც წაიკითხეს 1990 წლის 25 თებერვლის მიტინგზე –  საქართველოს ჰელსინკის კავშირის, წმინდა ილია მართლის საზოგადოებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის სახელით.

დეპო” 1944 წელს მესხეთიდან დეპორტირებული თურქული და გათურქებული მოსახლეობის მიერ წამოყენებული პრეტენზიები სამხრეთ საქართველოს ანუ მესხეთის დღევანდელ ტერიტორიაზე სავსებით უკანონოა და ეწინააღმდეგება ქართველი ერისა და საქართველოს ინტერესებს, ვინაიდან ამ მოსახლეობის ისტორიული სამშობლო თურქეთია და არა საქართველო.

ჩვენ ვგმობთ აბსურდულ ტერმინებს „თურქი მეხი“ და „საბჭოთა თურქი,“ მიგვაჩნია ისინი რუსული საბჭოთა იმპერიის მიერ შექმნილად და ანტიქართული შინაარსის მატარებლად. „თუქრი მესხი“ არ არსებობს, ისევე, როგორც „ჩინელი ბურგუნდიელები.“ მესხეთი საქართველოს კუთხეა და არა თურქეთისა, მესხი შეიძლება იყოს მხოლოდ ქართველი და არა სხვა ეროვნების წარმომადგენელი. ამიტომ ის თურქები, რომელნიც თავიანთ თავს მესხებად აცხადებენ თვითმარქვიები არიან, ამოძრავებთ უკეთური მიზნები სხვისი მიწაწყლის მიტაცებისა, ხოლო იმათ ვინც, უმეცრების შედეგად ვერ ასხვავებს რელიგიას ეროვნებისგან, უნდა განემარტოთ, რომ მუსულმანობა არ ნიშნავს აუცილებლად თურქობას და რომ არსებობს ცნება მუსლუმანი ქართველისა.

1. დღეიდან ქართველი არ დაუშვებს არცერთი ეთნიკური თურქისა და თურქული ეროვნული ცნობიერების მქონე მოქალაქის გადმოსახლებას საქართველოში, იგი იბრძოლებს აგრეთვე ასეთთა რეპატრიაციისთვის თურქეთში.

2. დეპორტირებულთა მასაში არიან ცალკეული მოქალაქეები, რომელნიც ნამდვილად ქართული წარმოშობისა არიან, იციან თავიანთი წარმომავლობა, აქვთ ქართული ეროვნული ცნობიერება, იციან ქართული ენა, ხოლო ნაწილს აღდგენილი აქვს პასპორტში ეროვნება და გვარები. როდესაც აღსდგება საქართველოს დამოუკიდებლობა და შემოღებული იქნება საქართველოს მოქალაქეობის სტატუსი, ასეთები მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობას გარკვეული ვადისა დ პროცედურის გავლის შემდეგ. მანამდის კი, ვიდრე არ გაგვაჩნია დამოუკიდებელი სახელმწიფო, არ გაგვაჩნია საქართველოს მოქალაქის სტატუსი, ვიდრე ჩვენში არის უმწვავესი დემოგრაფიული სიტუაცია, ვიდრე ესოდენ მწვავედ დგას უსახლკაროდ დარჩენილი ქართული მოსახლეობის: სვანების და აჭარლების დასახლების პრობლემა, ვიდრე არ დაგვიკმაყოფილებია საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეში გაბნეული ქართველების მოთხოვნა საქართველოში დაბრუნების შესახებ, შეუძლებლად მიგვაჩნია საქართველოში გადმოსახლება თუნდაც ქართული ორიენტაციის მესხებისა ( მით უმეტეს რომ უკევ მოხდა დაკმაყოფილება რამდენიმე ასეული ასეთი ოჯახის, რომელნიც დასახლდნენ საქართველოში 1977 წლიდან დღემდე, თუმცა უმრავლესობა სინამდვილეში არ ავლენს ქართულ ორიენტაციას.)

3. ფერღანის ტრაგედიამ შეძრა საქართველო, ისევე როგორც მთელი ცივილიზებული კაცობრიობა. ფერღანის ტრაგედია ინსპირირებულია საქართველოს უბოროტესი მტრების მიერ, რათა გამწვავდეს საქართველოს ისედავ მწვავე დემოგრაფიული სიტუაცია და საქართველოში ისევ დაიღვაროს სისხლი და კვლავ შემოღებულ იქნას საგანგებო მდგომარეობა. ფერღანის ხოცვა – ჟლეტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საქართველომ უნდა აღმოუჩინოს ჰუმანიტარული დახმარება, მორალური თანადგომა და ყურადღება, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი და მიიღოს სასწრაფო ზომები ყოველივე ამის განხორციელებისთვის, მაგრამ არცერთი დაზარალებულების ჩამოსახლება არ მოხდება საქართველოში, ვინაიდან ამას მოჰყვება მთელი მასის შემოსვლა.”

ფერგანა

ბორის იუსუპოვის ფოტო  –  1989.

საბჭოთა კავშირის უკანასკნელ წლებში, მის ტერიტორიაზე ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებებმა იფეთქა. 1989 წლის ზაფხულში უზბეკეთში – ფერღანის ველზე – მოხდა ის, რაც ისტორიაში “ფერღანის ტრაგედიის” სახელით შევიდა. 100- ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 700 მეტი საცხოვრებელი სახლი გადაიწვა. ტრაგედია 1944 წელს, საქართველოდან დეპორტირებული მესხებით დასახლებულ ტერიტორიაზე დატრიალდა. აქ მოხდა ჩასახლებულების დარბევა. მესხების ქონება განადგურდა, პროცესები ეთნიკურ წმენდაში გადაიზარდა. საბჭოთა ხელისუფლებამ 17000 მესხი უზბეკეთიდან ცენტრალურ რუსეთში იძულებით გადაიყვანა.