ტეგები

,


სამხრეთ ოსეთი ავტონომიურ ოლქში ვითარება  სერიოზულად იყო დაძაბული.  შემდგომი გამწვავების თავიდან აცილება ჩვენთვის  უმთავრესი ამოცანა უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმ დროს ზოგიერთმა მიზანშეწონილად ჩათვალა წამოეყენებინა ავტონომიური ოლქის ტეროტირიაზე უძველესი ქართული ძეგლების აღდგენის თუ ცხინვალში მოქმედ რუსულ სკოლებში ქართული ჯგუფების გახსნის მოთხოვნები. 1990 წლის თებერვალში გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” დაიბეჭდა ქემერტელი ნიკოლოზ ოთინაშვილის მიმართვა ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების მიმართ. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გთავაზობთ ამონარიდს ამ მიმართვიდან.

“ჩვენს მხარეში, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რომ ეწოდება, ქართველობა ძალზედ დიდ დისკრიმინაციას განიცდის. დავიწყოთ ცხინვალის რაიონიდან. დიდი ლიახვის ხეობაში სოფელი თამარაშენი ერთ-ერთი უძველესია. მისი აღორძინება თამარ მეფეს უკავშირდება. საუკუნეების მანძილზე ამ სოფელში ცხოვრობდნენ თავადი მაჩაბლები, რომლებიც მთელ ლიახვის ხეობას ფლობდნენ ყელის ტბამდე და ნარამდე. მათ ბევრი რამ შესძინეს სამშობლოს, ააგეს ციხე-დარბაზები და ეკლესია-მონასტრები, დღესაც რომ გვაოცებენ თავისი გრანდიოზულობით. ესენია აბოწმინდის მეშვიდე საუკუნის ბაზილიკა, ამავე საუკუნის სოფელ აჩაბეთის „სასახლე და ციხე მეფეთა“, მეცხრე საუკუნის სოფელ ხეითის საბაწმინდის ტაძარი, მეცამეტე საუკუნის თირის მონასტერი და სხვა მრავალი.

თირი(ვახუშტის მიხედვით „თამარაშენს ზეით ერთვის თირის მონასტრის ხევი. ამის დასავლეთით არს, მთაში, თირის მონასტერი, უგუმბათო, არამედ ფრიად კეთილშენი, კეთილს ადგილს. ზის წინამძღვარი“)

არცერთ ამ ძეგლს პატრონი არ ჰყავს, ისინი გაძარცვული და განადგურებულია. ძეგლთა დაცვის საოლქო ორგანიზაციის უფროსს, 90 წელს გადაცილებულ ხეიბარ პეტრე ფუხაევს, არც კი აინტერესებს ჩვენი ძეგლების ბედი. ის წლების მანძილზე ბიულეტენზეა და ხან სახლში, ხან კი საავადმყოფოში წევს, რის გამოც არ შეუძლია ძეგლების ბედზე ზრუნვა. არც პარტიის ცხინვალის რაიკომის ყოფილი პირველი მდივანი ფელიქს ჯიოევი დაგიდევთ ამ ძეგლების ბედს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ძეგლები უკვე ინგრევა, ის ძვირფასი ასომთავრული წარწერები ძირსაა ჩამოყრილი და საცოდავად გამოიყურება, რაკი რაიკომი ვახსენეთ, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ჯიოევმა ისეთი კადრები ( ოსები) დააწინაურა, რომლებმაც მთლიანად მოსპეს რაიონის ეკონომიკა და გარყვნეს ყოველივე. ქართული სოფლებიდან არავინაა დაწინაურებული, ცხინვალის რაიონის ძველ ქართულ სოფლებში თამარშენში, გუჯაბაურში, ქსუისში, არცევში და სხვაგან ჯიოევის დასტურით ჩასახლდა ოსური ოჯახები, მაშინ, როცა ქართველებს არავითარი საკარმიდამო ნაკვეთი არ ეძლეოდათ..”

მაჩაბლის სახლი
შემდეგ სტატიის ავტორი აყალიბებს მოთხოვნებს:

“მოვითხოვთ ცხინვალში დაარსდეს ალმანახი ქართულ ენაზე. ცხინვალის ქართულ დასს მიენიჭის მისი დამაარსებლის ზაალ მაჩაბლის სახელი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის გეგმებში შეტანილ იქნას სამეცნიერო თემები, რომლებშიც აისახება აქაურ ქართველთა ეთნოგრაფიის, ისტორიის, ენის, სიძველეების საკითხები.

უნდა აღდგეს ქსნის ხეობაში ლარგვისის წმინდა თევდორეს ეკლესია და გალავანი, ყანჩავეთის კაბენი, ჟამურის ალავერდის ციხე, ხოფის მონასტერი, ლეხაურას ხეობაში ვილდას ღვთისმშობელი, გვერდისძირაზე მეექვსე საუკუნის ჭარების ეკლესია, უნდა შემოიღობოს იკორთა. პატარა ლიახვის ხეობაში უნდა აღდგეს ბელოთის ციხე -დარბაზი და შიგ მოეწყოს მუზეუმი, ის უნდა გაიხსნას ფრონეს ხეობის თიღვის ტაძრის ეზოში. ძეგლებს უნდა გაუკეთდდეს სათანადო დაფები.

ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტებზე რუსლან ჯატიევი, იური გაგლოთი და სხვები კითხულობენ ე.წ. ოსეთის ისტორიას, თითქოს ოსები აქ, დღევანდელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. უძველესი დროიდან სახლობენ და ეს მიწა მათი ისტორიული საკუთრებაა. მოვითხოვთ შეწყდეს ასეთი „ლექციების“ წაკითხვა.

ცხინვალის რუსულ საშუალო სკოლებში, სადაც ქართულს ოსები „ასწავლიან“ , უნდა ასწავლონ მხოლოდ ქართველმა პოედაგოგებმა, ამასთანავე ყველა რუსულ სკოლაში უნდა გაიხსნას ქართული ჯგუფები.”

ნიკოლოზ ოთინაშვილი

სოფელი ქემერტი

1990