ტეგები

,


1990 წლის 4 თებერვალი მნიშვნელოვანი თარიღია სსრ კავშირის და რუსეთის ისტორიაში. ამ დღეს 300 000 -მდე მოსკოველმა დაუჭირა მხარი დემოკრატიულ ცვლილებებს. საბჭოთა კავშირის დედაქალაქში შედგა გრანდიოზული  საპროტესტო მარში, რომელზეც გამოტანილი ჰქონდათ ლოზუნგები: “არა კომუნისტურ პარტიას!” ” გაუმარჯოს თავისუფლებას!”

moskva 3

1990 წლის თებერვლის რუსული პრესა წერდა: ” სახელდახელო ტრიბუნა,სადაც მიკროფონები და ხმის გამაძლიერებლები იყო დამონტაჟებული, სასტუმრო „მოსკოვის“ კიბეებთან მოაწყვეს. აქედან კარგად მოსჩანდა კრემლი და სამხედრო სატვირთო მანქანებით გადაკეტილი „წითელი მოედანი.“  მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, მათ შორის: ბ. ელცინი, ი. აფანასიევი, ე. ევტუშენკო. გ. სტაროვოიტოვა, და სხვები, აგრეთვე, მღვდელი გ. იაკუნინი.

moskva 1საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატმა, ჟურნალ „ოგონიოკის“ მთავარმა რედაქტორმა ვიტალი კოროტიშმა ასეთი სიტყვა წარმოთქვა: „ ჩვენ გვტოვებს შიში, რომელზედაც იდგა სისტემა. ჩვენ ვეღარ ვიცხოვრებთ ისე, როგორც აქამდე ვცხოვრობდით. გაუმარჯოს თავისუფლებას!“

საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატი ნიკოლაი ტრავკინი ამავე მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ამბობდა: „კომპარტიის პლენუმმა უნდა განიხილოს კომუნისტების საკავშირო გაერთიანების „დემოკრატიული პლატფორმა.“ მან უნდა გადადგას ნაბიჯი კონსტიტუციის მეექვსე მუხლის გასაუქმებლად და მრავალპარტიული დემოკრატიული საარჩევნო სისტემის შესაქმნელად.“

1990 წლის 7 თებერვალს სსრკ-ს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა უარი თქვა კომპარტიის ხელმძღვანელ როლზე და აღიარა საბჭოთა კავშირში მრავალპარტიული სისტემის შემოღება. მალევე უარი ითქვა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მექვსე მუხლზე, რომელიც ამბობდა: „ხელმძღვანელი და წარმმართველი ძალა საბჭოთა საზოგადოებისა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა არის კომუნისტური პარტია. საბჭოთა კომუნისტური პარტია არის ხალხისთვის და ემსახურება მას.“