ტეგები

, ,


1990 წლის თებერვალში ტაჯიკეთში 25 ადამიანი შეეწირა სახელისუფლებო ძალებსა და ოპოზიციის მხარდამჭერ დემონსტრანტებს შორის შეტაკებას. სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის იაზოვის ბრძანებით დუშამბეში საბჭოთა საჯარისო ნაწილი შეიყვანეს.

მძიმე დაპირისპირებისთვის ბოლო ნაპერწკალი მოსახლეობაში გავრცელებული ჭორი აღმოჩდა იმის შესახებ, რომ ტაჯიკეთის ხელისუფლება საცხოვრებელ ბინებს ურიგებდა აზებაიჯანიდან დევნილ სომხებს. ამ დროს, აზერბაიჯანიდან ტაჯიკეთში ჩასულები ცოტანი იყვნენ. ბევრს მიაჩნია, რომ ხმები არეულობის პროვოცირებისთვის გაავრცელეს. ტაჯიკეთის 25 წლის წინანდელი ოპოზიციური მოძრაობის წარმომადგენლები დღემდე ფიქრობენ, რომ დუშამბეს თებერვლის მოვლენები სსრკ კგბ-ს და ტაჯიკეთის კომუნისტური ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული, რადგან ამ უკანასკნელს ძალიან აშინებდა დემოკრატიული, სახალხო, ოპოზიციური მოძრაობა.

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გაგახსენებთ 1990 წლის თებერვალში რას წერდა ქართული ოფიციალური პრესა დუშამბეს ტრაგიკულ მოვლენებზე.

დუშამბე
“სასტუმროს აივანზე ტყვიით მოკლეს „ლენტელეფულმის“ გადამღები ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე ნ. მატროსოვი. ტელე -დოკუმენტალისტები აქ მოვლენების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე ჩამოვიდნენ, რათა გადაეღოთ ფილმი და აი..

მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აამოქმედეს მილიციის 5000 – მდე თანამშრომელი, სსრკ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა და არმიის სამხედრო მოსამსახურე.

ტაჯიკეთის სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა რესპუბლიკის დედაქალაქში ტრაგიკულ ამბებთან დაკავშირებით 15, 16, 17 თებერვალი გლოვის დღეებად გამოაცხადა.შუადღისას ქალაქის ცენტრში გამართულ მიტინგზე გაისმა მოწოდება საკადრისი პასუხი გასცენ ექსტრემისტებს. მიახლოვებითი მონაცემებით, მიტინგს ესწრებოდა დაახლოებით 1500 კაცი, ამასთან ერთად გაისმოდა მოთხოვნები მთავრობის გადადგომის შესახებ.გაიხსნა რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ტაჯიკეთის კომპარტიის დუშამბეს საქალაქო კომიტეტის რიგგარეშე გაერთიანებული პლენუმი.

ჭორებთან საბრძოლველად იყენებენ ფურცლებს, ტელე და რადიო გადაცემებს. გამოვიდა გაზეთი „ვეჩერნი დუშამებს“ სპეციალური გამოშვება, რომელიც ქალაქში შექმნილ მდგომარეობას მიეძღვნა. გაზეთში დაიბეჭდა ნდობის ტელეფონის ნომერი, რომელზეც ნებისმიერ დროს შეიძლება დარეკვა და პასუხის მიღება კითხვებზე, აზრის გაზიარება, ვითარების ნორმალიზაციისთვის წინადადებების წამოყენება.

სამწუხაროდ, კავშირგაბმულობის მთელი რიგი განყოფილებები და პრაქტიკულად არც ერთი გაზეთის კიოსკი არ მუშაობს, რაც ინფორმაციის დეფიციტს ქმნის. გაზეთები ძირითადად ვრცელდება საწარმოებში, დღემდე დუმს რადიო.
სასიხარული ფაქტი: გამოძახებებზე უკვე მიდის სასწრაფო დახმარება. მუშაობენ სასურსათო მაღაზიები.” 1990 წლის თებერვალი, თბილისი, გაზეთი კომუნისტი”.