ტეგები

,


“დამოუკიდებლოების გაკვეთილებში” უკვე გავიხსენეთ მწერალ გურამ პეტრიაშვილის წერილების სერია სათაურით “ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ..” 1990 წლის დასაწყისში ამ წერილების გარშემო  ძალიან მწვავე დისკუსია გაიშალა. გურამ პეტრიაშვილის მაშინდელ მოწოდებებს და შენიშვნებს ერთმანეთის მიყოლებით გამოეხმაურნენ “შემოქმედებითი ინტელიგენციის” წარმომადგენლები, მათ შორის კოტე მახარაძეც.  კოტეწერილების სერიას – “ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ” – ცნობილი მსახიობი ისე გაუღიზიანებია, საპასუხოდ  ორი ვრცელი წერილი გამოუქვეყნებია სათაურით “გააჩერეთ!.. გააჩერეთ!..” ვიხსენებთ რა  დიდ ვნებათაღელვას “რუსეთუმეობის” ბრალდებების გარშემო, შემოგთავაზებთ რამდენიმე საყურადღებო მომენტს კოტე მახარაძის წერილებიდან “გააჩერეთ!.. გააჩერეთ!..” კოტე მახარაძემ უპასუხა  გურამ პეტრიაშვილის მოწოდებას  “შემოქმედებითი ინტელიგენციის” მიმართ – ქართულად ილაპარაკეთო, ასევე  უპასუხა გავრცელებულ შეკითხვას: იმ დიდ საქმეში რატომ არ იდგა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის გვერდით ინტელიგენცია? (აქაც  “შემოქმედებითი ინტელიგენცია” იგულისხმებოდა)  “გააჩერეთ!.. გააჩერეთ!..”- ის ავტორმა აღნიშნა, რომ არავიზე  ნაკლები  ინტელიგენტი არ იყო ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გიორგი ჭანტურია.. იქვე იკითხა: ან იქნებ, ჭავჭავაძის, წერეთლის და სუმბათაშვილის გვარები ბადებენ ეჭვს მათ წარმოშობასა და სოციალურ მდგომარეობაზეო?  და ასე თქვა, რომ ერს უწინაც ინტელიგენცია მიუძღოდა წინ და მაშინაც ინტელიგენცია იყო დიდი ბრძოლის  სათავეში. მოკლედ, მაშინდელი “შემოქმედებითი ინტელიგენციის” თვალსაჩინო წარმომადგენლის საინტერესო შეფასებებია.

“ჩემთვის ნათელია თქვენი გააფთრებისა და გაბოროტების მიზეზი, რადგანაც ვიცი, რომ ეს მიზეზი უცოდინრობაა, ამიტომაც, ჩემო ძვირფასო ოპონენტებო, ჩემი ჯიშისა და ჯილაგის ხალხო, ლანძღვა – გინებაში კი არ აგყვებით, არამედ მშვიდად წაგიკითხვათ თქვენსავე წერილებს და შევეცდები დაგისაბუთოთ, რომ რუსეთუმეობა ცუდია.” გურამ პეტრიაშვილი. 1990 წელი.

gaa

ქართულ თეატრს „რუსეთუმეობის ბუდეს“ უწოდებს!

„არ ვიცი, ვინ როგორ, მე კი თავს უხერხულად ვგრძნობ იმის გამო, რომ დიდ კოტე მარჯანიშვილს ჩემი დაცვა დასჭირდა. ვაი, საცოდავო მარჯანიშვილო! ვხედავ, ამაო გარჯაა. 100 გურამ პეტრიაშვილი რომ შეიკრიბოს და ამდენივე წელი იმტვრიონ თავები, მერწმუნეთ, ოდნავადაც ვერ შეარყევენ მის უდიდეს ავტორიტეტს, მოპოვებულს კონკრეტული საქმითა და უდიდესი ნიჭიერებით.

ქართულ თეატრს თქვენი „გაკაპარჩხანებული“ ავტორი „რუსეთუმეობის ბუდეს“ უწოდებს, აგერ 67 წელია, რომ აყალიბებს თურმე ამ უახლესი მიმდინარეობის ესთეტიკას.
თეატრიახლა რა ვქნათ 1000 -ზე მეტმა ქართველმა რეჟისორმა და მსახიობმა, ზოგმა გარდაცვლილმა, მათ შორის ს. ზაქარიაძემ და ზოგმაც ცოცხალმა? შერჩეს? შერჩეს, რომ ჩვენს თეატრს რუსულ-ქართულ თეატრს უწოდებს? „ ეს ჩვენი ქართული რუსული თეატრი, რაიმე არსებად რომ წარმოვიდგინოთ, ალბათ მასზე ბეჩავი არავინ და არაფერი იქნება ამ ქვეყანაზე”- ო, ხედავთ, ისეთი ბეჩავები და, ალბათ, ბედშავებიც ვყოფილვართ, რომ ამ ქვეყნად ჩვენზე უბედური არაფერია და ჰოი, საშინელებავ, გურამ პეტრიაშვილს ვეცოდებით. სარკე არა გაქვს, პეტრიაშვილო? შენს მწყაზარ სახეს რომ შეყურებ დილაადრიან, იქ რომ კაცი ჩანს, ნუთუ იმაზე ბეჩავია მთელი ქართული თეატრი?…

ისე უნდა მოგექცეს კაცი, როგორც შენ ექცევი ხოლმე შენს ოპონენტებს. აი,კინემატოგრაფისტთა კონფერენციაზე რომ გაგაკრიტიკეს და შესვენების დრო, კრიტიკოსს სილა სტკიცე, იმაზე მოგახსენებ…

ახლა როცა 800 წლიანი მონობის შემდეგ, ერი შეინძრა, შეტორტმანდა, თავი აწია, წინ გაიხედა, აი, ასეთ დროს, გარეშე მტერზე უფრო საშიში ბოღმიანშურიანი, ავყია და ყიამყრალი ადამიანები არიან. მათ უნდათ, ერთმანეთს დაგვაჯახონ, ერთმანეთს გადაგვკიდონ, დაამსხვრიონ ჩვენი სალოცავები, აამტუტონ ყველაფერი, აამღვრიონ წყალი, რათა ავი და კარგი ვერავინ გაარჩიოს.”

ან რუს კაცთან დაწოლა რატომ უნდა მივუტევოთ Нина Грибоедова – ს? სიაში, სიაში ეგეც!

“დიდი საბაც უზომოდ ბევრს ბორიალობდა უცხოეთში. რა ენაზე ლაპარაკობდა იქ? ქართულს ხომ ვერავინ შეისმენდა? თავსაც იმცირებდა ვიღაც-ვიღაცეების წინაშე. მორჩა, ამას ზუსტი მათემატიკური ანალიზიც არ სჭირდება. სიაში ეგეც!

აი, დავით გურამიშვილი კი პირწავარნილი „რუსეთუმეა.“ ეგ რომ ნაღდი ქართველი ყოფილიყო, რუსეთის იმპერიისთვის ბრძოლას გადაყვებოდა და რუსი პორუჩიკის ფირმით დალევდა სულს? საქართველოსთვის ებრძოლა დალოცვილს და არა მისი დამპყრობლის მხარზე. ეგეც სიაში? გურამს აცადე, გურამიშვილო და მაგასაც მოესწრები.

ახლა ალექსანდრე ჭავჭავაძე! ეგ ჭივჭავივით ორენოვანი, გალოკილი ღენერალი „რუსეთუმეზე რუსეთუმეა!” რუსთა იმპერატორს რომ შეუძვრა და ჩვენს ძმას, კორსიკელ ნაპოლეონს პარიზამდე სდია, ჩინ – მედლებით და ჟინჟილებით ვერ გაძღა და ჩვენი ტურფა ნინო, ჩვენი მშვენება და სიამაყე, გაცნობიდან ორიოდე საათის შემდეგ, ვიღაც მოსკოველ რუს ჩინოვნიკს ღრიბოედოვს შეუწვინა ლოგინში. შევაჩვენოთ! მაგასაც „შავ სიაში“ ვუკრათ თავი!

ან ეს ჩვენი ლოპიანა, ეს ჩვენი შეუდრეკელი სარდალი და ლაზღანდარა პოეტი გრიგოლ ორბელიანი: ღუნიბში რუსებს რომ სარდლობდა, შამილი რომ დაატყვევა და რუსის მთავრობას მიჰგვარა გაბაწრული, ლაქუცითა და კუდის ქნევითა. იფ, ვენაცვალე ნინო ჭავჭავაძის ქალობას, ღრიბოედოვს სიკვდილმადე რომ არ უღალატა და გრიგოლის სიყვარულს ცივი უარი შეაგება..“ რუსეთუმეს“ მაინც ნაღდი რუსი სჯობდაო.
ისე კი, თუ ლიანა ისაკაძეს რეპეტიციაზე წამოცდენილ ორ-სამ რუსულ სიტყავს არ აპატიებთ, რუს კაცთან დაწოლა რატომ უნდა მივუტევოთ Нина Грибоедова – ს? სიაში, სიაში ეგეც!“

ნუ უშლით ხელს, ბატონებო, ჭეშმარიტ პოლიტიკოსებს!

“სამწუხაროდ, ეროვნული თვითშგნების გამოღვიძების ჟამს ყველამ ერთბაშად მოინდომა პოლიტიკოსობა, მარტივი მიზეზით, სხვაგან ვერსად გამოიჩინა თავი და, იქნებ, ვივარგოო.

ნუ უშლით ხელს, ბატონებო, ჭეშმარიტ პოლიტიკოსებს, ამათ დაიწყეს ეს დიდებული საქმე და მიაყვანინეთ ბოლომდე. ნუ ბინდავთ ნათელ აზრს, პირად გამორჩენას ნუ ანაცვალებთ სამშობლოს ბედნიერებას.

ჩვენს რესპუბლიკაში ამჟამად მილიონნახევარზე მეტი არაქართველი ცხოვრობს, თავისუფალ საქართველოში რა ადგილს მიუჩენთ მათ? რას ვთავაზობთ? აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მომხდარი ამბები გვარწმუნებს, რომ ეს იოლად მოსავლელი საქმე არ არის. ისინი გაზეთებს კითხულობენ და გეკითხებით: გურამ პეტრიაშვილის სერიალს რომ წაიკითხავენ, არ იტყვიან ქართველებმა ქართველებს წაუყენეს „რუსეთუმეობის“ ბრალდება და ჩვენ, არაქართველებს, რა დღეს დაგვაყრიანო. იქნება, არ იტყვიან? ან იქნებ ამას არ გამოიყენებენ?”

“როდემდე უნდა ინავარდოს ვიღაცის მიერ დემაგოგიურად წამოსროლილმა ფრაზამ, ამ დიდ საქმეში ინტელიგენცია ჩვენს გევრდით არ იდგაო. ერთმა ყმაწვილმა გაზეთშიც კი გამოაქვეყნა სია რამდენიმე ინტელიგენტისა, რომელიც იმ მძიმე დღეებში მათ გევრდით მდგარან და ამ სიაში გურამ პეტრიაშვილიც მოუხსენია. არ ვიცი, რა ნიშნით არიგებს ეს ჭაბუკი ინტელიგენტობას, მაგრამ მინდა შევახსენო მას, და ყველა სხვასაც, ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობა, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში, ისე ჩვენს დროში, ინტელიგენციამ დაიწყო და ინტელიგენცია წარუძღვა წინ შემდეგაც.

არ მახსოვს იმ ყმაწვილის გვარი, მაგრამ მინდა შევეკითხო: შენს მიერ ჩამოთვლილ რომელ ინტელიგენტზე ნაკლები ინტელიგენტია კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში აღზრდილი მათი ვაჟიშვილი ან მისი ერთგული თანამებრძოლი დახვეწილი მუსიკათმცოდნე და თხემით ტერფამდე ქართველი მერაბ კოსტავა, იაკობ გოგებაშვილის გვერდით რომ მიაბარა ქართველობამ საუკუნო განსასვენებლს. მათ ან იქნებ, ჭავჭავაძის, წერეთლის და სუმბათაშვილის გვარები ბადებენ ეჭვს მათ წარმოშობას და სოციალურ მდგომარეობაზე? შეიძლება გ. ჭანტურიას თვლით ეროვნულ მოძრაობაში სხვა რომელიმე წრიდან მოსულ კაცად? ან იქნებ აკადემიკოს რევაზ ნათაძის ვაჟიშვილი, პროფესორი ნოდარ ნათაძეა „ლუმპენპროლეტარი“..ან სამი ირაკლი – შენგელაია, ბათიაშვილი, კაკაბაძე? ამ დიდი მოძრაობის ყველა ლიდერი ინტე-ლი-გენ-ტია! შეისმინეთ ეს და შეეშვით იაფაფსიან, საკუთარი გამორჩევისთვის წამოწყებულ დემაგოგიიურ თამაშს.” კოტე მახარაძე. 1990 წელი.

რას წერდა  გურამ პეტრიაშვილი  თავის წერილებში –  “ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ”  – შეგიძლიათ ნახოთ აქ  https://lessonsgeo.wordpress.com/2015/02/14/%E1%83%9D%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99/