ტეგები

, ,


გუმბარიძე1990 წლის პირველ დღეებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მომხდარ ტრაგედიას, სოფელ ფრისში 9 თვის ბავშვის მკვლელობის ფაქტს და ავტონომიური ოლქის ქართველობის აღშფოთებას – მომხდარისა და ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ბანდიტების თარეშის გამო, მაშინდელი ხელისუფლების პირველი პირი თავის სატელევიზიო გამოსვლაში გამოეხმაურა. ეს გამოსვლა 1990 წლის იანვრის ქართული პრესის ფურცლებს შემორჩა.

“შიდა ქართლში, თბილისსა და ზოგიერთ სხვა რაიონში საზოგადოებრივ – პოლიტიკური ვითარების ახალ გართულებასთან დაკავშირებით, 5 იანვარს საქართველოს ტელევიზიით გამოვიდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გივი გუმბარიძე.

„სამწუხაროდ, ახალი წლის პირველივე დღიდანვე კვლავ უკიდურესად დაიძაბა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება, რასაც ბიძგი მისცა ცხინვალის რაიონში მომხდარმა ახალმა დრამატულმა მოვლენამ.

მოსახლეობასთან, დაღუპული ბავშვის ახლო ნათესავებთან შეხვედრებმა, შიდა ქართლში, გორის რაიონში, შემდგ კი თბილისში გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე გამოსვლებმა, ცხინვალიდან, ზნაურიდან, გორიდან ჩამოსულებთან შეხვედრებმა კიდევ უფრო დაგვარწმუნა იმაში, რომ სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებიც არაფერს ერიდებიან, ხელიდან არ უშვებენ არც ერთ შემთხვევას, რათა დაარღვიონ სიმშვიდე ქართულ მიწა – წყალზე. გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, შექმნან კრიზისული, კატასტროფული ვითარება, დაუპირისპირონ ერთმანეთს ხალხები და დაღვარონ სისხლი.

იმან ვინც ნებსით თუ უნებლიედ ხელი აღმართა თოთო ბავშვბზე, სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა მისი მშობლები – ქართველი მამა და ოსი დედა, არავითარი შენდობა არ ექნება. მიმდინარეობს სპეციალური გამოძიება, რომელიც უახლოეს ხანში დაადგენს ჭეშმარიტებას,
რაც შეეხება დღევანდელ რეალობას, რეგიონში სრული სიმშვიდის დასამყარებლად ხორციელდება საგანგებო ღინისძიებები, სრულდება წესრიგის დაცვისა და პატრულირების ახალი სქემა, ამოქმედებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალები, განსაზღვრულია მათი დისლოკაცია, ხორციელდება საგანგებო ღონისძიებები იარაღის ამოსაღებად.”

გამოსვლაში განსაკუთრებით გაესვა ხაზი იმ აზრს, რომ, როცა რეგიონში ხორციელდება საჭირო კონკრეტული ღონისძიებები, როცა მუშაობს საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიის მიერ შექმნილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია, როცა უაღრესად დაძაბული ვითარებაა ამიერკავკასიის რეგიონში, სადაც მოშლილია ასობით კილომეტრი სასაზღვრო ზოლი ირანთან, რასაც ყველანი ჩვენ სერიოზულად უნდა ჩავუფიქრდეთ, ასეთ პირობებში, საეჭვოა, სწორი იყოს აქცენტი ძალისმიერ მეთოდებზე და უკიდურესად რადიკალურ მოქმედებებზე, მოეწყოს გაფიცევბი, ეროვნული კუთვნილების მიხედვით გაითიშოს შრომითი კოლექტივები. გ. გუმბარიძემ  გამოთქვა რწმენა, რომ მოსახლეობა არ აჰყვება იმგვარ პროვოკაციებს, რომლებსაც მხოლოდ ანარქიამდე, უმართავ პროცესებამდე მივყავართ და წყალს ასხავს სხვის წისქვილზე.”