ტეგები

,


გაგრა

მარიამ ლორთქიფანიძის  წერილიდან”აფხაზები და აფხაზეთი” (1990 წელი)

1810 წ. აფხაზეთის მთავრამ გიორგი (საფარ ბეგ) შერვაშიძემ რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო, ხოლო 1864 წ. აქ რუსული მმართველობა დამყარდა. რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ მეფის ხელისუფლება ცდილობდა საერთოდ ამოეძირკვა ხმარებიდან სახელწოდება «საქართველო». ასევე ცდილობდა ის სახელწოდება «აფხაზეთის» ამოძირკვასაც. აფხაზეთის სამთავროს სოხუმის სამხედრო განყოფილება ეწოდა (Сухумский военный отдел), ხოლო 1883 წლიდან სოხუმის ოკრუგი, რომელიც ქუთაისის გენარალ-გუბერნატორს დაუქვემდებარდა.

მართალია, აფხაზეთის საქართველოდან გამოცალკევების პროცესს აქტიურად წარმართავდა და მხარს უჭერდა რუსეთის ხელისუფლება, მაგრამის კარგად ხედავდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ბუნებრივი, მისი განუყოფელი ნაწილი იყო და ამიტომ იყო, რომ სოხუმის ოკრუგი მაინც ქუთაისის გუბერნიაში იყო შეყვანილი და ქუთაისის გუბერნატორს ემორჩილებოდა. მიუხედავად მეფის რუსეთის პოლიტიკისა, 1918 წელს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაარსდა, აფხაზეთი მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მაშინ აღსდგა სახელწოდება «აფხაზეთი», რომელიც ავტონომიის უფლებით შევიდა მასში და ეს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამაც სცნო 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში ქართველი ბოლშევიკები, რომელთაც რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლება უჭერდა მხარს, ყოველნაირად ცდილობდნენ დემოკრატიული რესპუბლიკის დასუსტებას. ამას ისახავდა მიზნად საქართველოს კომუნისტური პარტია, რომელმაც 1920 წლის 7 მაისს ხელშეკრულებით, რუსეთსა და საქართველოსშორის რომ დაიდო, ლეგალური პარტიის უფლებები მოიპოვა. ყველაზე აქტიურად დემოკრატიული საქართველოს მტრები განაპირა მხარეებში მოქმედებდნენ. ამ ძალების მოქმედების შედეგი იყო საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მიმართული გამოსვლები აფხაზეთში.

1921 წლის 25 თებერვალს რსფსრ მიერ საქართველოს ფაქტობრივი ანექსიის და აქ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები ვრცლადაა ასახული აფხაზი ბოლშევიკების ლიდერის ნესტორ ლაკობას გამოსვლებსა და წერილებში 87. 1921 წლის მარტში რევოლუციურმა კომიტეტმა გამოსცა დეკლარაცია აფხაზეთის შესახებ. 29 მარტს ამიერკავკასიის ხელმძღვანელი ამხანაგების თათბირზე გადაწყდა აფხაზეთის სსრ შექმნა. ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ აფხაზი ბოლშევიკები ნ. ლაკობა და ვ. ეშბა, მოითხოვდნენ რა დამოუკიდებლობას აფხაზეთის სახელით, მთლიანად უგულბელყოფდნენ აფხაზეთის ქართული მოსახლეობის ინტერესებს. საქართველოს კომპარტიის IV ყრილობაზე ლაკობამ აღნიშნა, რომ საკითხი აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის შესახებ მის და ე. ეშბას მიერ დაყენებულ იქნა ბათუმის თათბირზე 1921 წლის 29 მარტს. ამ თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ კავბიუროს წევრები: სერგო ორჯონიკიძე, სარკო ქავთარაძე, მალაქია ტოროშელიძე, შავლა ელიავა. ნესტორ ლაკობა და ეფრემ ეშბა თავიანთ მოთხოვნას ასაბუთებდნენ აფხაზეთში ეროვნებათაშორის შუღლის აღმოფხვრის და ნამდვილი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების აუცილებლობით. ამ დამოუკიდებლობას ისინი მოითხოვდნენ, «როგორც აბრას» (Как вывеску) და დროებით ღონისძიებად თვლიდნენ, რაზედაც ქართველმა ბოლშევიკებმა უპასუხეს, რომ «თუ ეს დამოუკიდებლობა აფხაზეთს ესაჭიროება ჭეშმარიტი საბჭოთა ხელისუფლების დამყარებსათვის, მაშინ მიღეთ ის არა მხოლოდ როგორც აბრა, არამედ როგორც ნამდვილი დამოუკიდებლობა»

1922 წლის 15 თებერვალს, აფხაზეთის საბჭოების პირველ ყრილობაზე ე. ეშბამ განაცხადა, რომ ხალხის, მშრომელთა ინტერესებისათვის, რათა დავეხმაროთ ნაციონალიზმისაგან განთავისუფლებაში, აუცილებელია გამოცხადდეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს უნდა გაკეთდეს მიუხადავად იმისა, რომ მსოფლიოში არსად ასეთი პატარა რესპუბლიკა არ არსებობს, და შემდეგ – «და მაშინ პასუხზისმგებელ მუშაკთა სხდომაზე აუცილებლად იქნა მიჩნეული დროებით მაინც გამოცხადებულიყო აფხაზეთის დამოუკიდებლობა» . როგორც ახედავთ, აფხაზი ბოლშევიკების ლიდერები, რომელთაც შესანიშნავად ესმოდათ თავიანთი მოთხოვნების უკანონობა, ამ მოთხოვნებს «განსაკუთრებული მდგომარეობით» ასაბუთებდნენ და დროებით ღონისძიებად თვლიდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ დათმობაზე, რომელმაც გააოცა აფხაზი ბოლშევიკები, ქართველი ბოლშევიკების ლიდერები შემთხვევით არ წასულან. მოლაპარაკება მიმდინარეობდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებისათვის ბრძოლის ვითარებაში. ქართელ ბოლშევიკებს ძალიან ესაჭიროებოდათ აფხაზი ამხანაგების მხარდაჭერა. მაგრამ ქართველი ბოლშევიკების ლიდერებს არ აინტერესებდათ და არც აწუხებდათ ის გარემოება რომ ამ დათმობით ისინი ხელყოფდნენ საქართველოს ერთიანობას, მის ისტორიულ საზღვრებს, რომლის დასაცავად ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე იბრძოდა. მათ არ აინტერესებდათ, ანგარიშს არ უწევდნენ ქართველი ხალხის კანონიერ უფლებებს, განსაკუთრებით ქართველი ხალხის იმ ნაწილსა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ცხოვრობდა რა საკუთარ მიწა-წყალზე და საკუთარ სამშობლოში, საქართველოში, ამიერიდან უნდა ეცხოვრა სხვა სახელმწიფოში. ისინი ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ იმ პირობებში და ახალ სახელმწიფოს აყალიბებდნენ იმ საზღვრებში, რომელიც ისტორიულად საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, სადაც, როგორც მანამდე, საუკუნეთა მანძილზე, ისე მაშინაც, აფხაზეთის სს რესპუბლიკის შექმნის დროსაც, მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. ამ ქართველების ინტერესები არ აინტერესებდათ და მათი ბედი არ აწუხებდათ არც აფხაზ ბოლშევიკებს და რაც ნიშანდობლივია, არც ქართველ ბოლშევიკებს, რომელთათვის მთავარი საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნება და განმტკიცება იყო.

რომ ეს ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის სსრ ხელოვნურად შექმნილი ერთეული იყო, რომლის საქართველოდან განცალკავებით არსებობა ეკონომიკურად, ისტორიულ-კულტურულად და იმდროინდელი ვითარებიდან გამომდინარეც სრულიად არაკანონზომიერი და გაუმართლებელი იყო, ეს მაშინვე გაცხადდა და, როგორც ცნობილია, ამავე აფხაზი ლიდერების თხოვნით და თაოსნობით მალვე გაუქმდა.
უნდა აღინიშნოს, რომ რევოლუციურ ვითარებაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 20-იან წლებში ადგილი ჰქონდა რიგი დამოუკიდებელი რესპუბლიკების გამოცხადებას, მაგ. სტავროპოლის, ყუბანის, შავიზღვისპირეთის და სხვათ, რომელნიც მალე რსფსრ-ის ოლქებად იქცნენ, მსგავს შემთხვევებს ამიერკავკასიაშიც ჰქონდა ადგილი.