ტეგები

,


“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” ვიხსენებთ იმასაც, თუ  რა მიზნებით იღებდნენ  მონაწილეობას უზენაესი საბჭოს  1990 წლის 25 მარტის არჩევნებში ცნობილი ქართველი მწერლები და პოეტები. ეს არჩევნები ეყრდნობოდა  ერთგვარად სახეცვლილ  საბჭოთა საარჩევნო სისტემას. საბჭოთა ხელისუფლება მაინც არ  გვთავაზობდა მრავალპარტიულ არჩევნებს. ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ჩართული ძალების დიდმა ნაწილმა ბოიკოტის გზა აირჩია, შედეგად არჩევნები ჩაიშალა. გთავაზობთ ტარიელ ჭანტურიას, ნოდარ წულეისკირის და თამაზ ჭილაძის საარჩევნო დაპირებებს 1990 წლის მარტის არჩევნებისთვის.

ტარიელ ჭანტურია

“ჩვენ – დეპუტატობის კანდიდატები ვართ, საქართველო – თავისუფლების კანდიდატია!”
და ჩვენ დეპუტატობის კანდიდატებს – შეიძლება გვქონდეს მხოლოდ ერთი პროგრამა: თავისუფლების კანდიდატს მივცეთ ჩვენი ხმაც, თავისუფლებაც და, თუ საჭირო შეიქმნა – სისხლიც.

taroსაერთოდ, როცა საქმე წინასაარჩევნო პროგრამას ეხება, მწერლისა და საზოგადო კაცის მდგომარეობა მომგებიანად გამოიყურება – მას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება, რადგან ყველაფერი – რაც აწუხებს, რაც აფიქრებს, ვინ უყვარს, ვინ სძულს, რა მიზანი ამოძრავებს, რას ემსახურება – მის წიგნში წერია. გამონაკლისი ამ თვალსაზრისით არც მე ვარ! – თუ ჩემს ამომრჩეველს ჩემი ერთი წიგნისთვის მაინც გადაუვლია თვალი, დარწმუნდება, რომ ჩემი პროგრამა – მინიმუმიცა და მაქსიმუმიც – საქართველოა, მისი სრული სუვერენიტეტია, დამოუკიდებელი და ბედნიერი სამშობლოა! აღარ ვამბობ მშობელი კუთხის სამსახურზე, რაც ყოველ ღირსეულ მოქალაქეს – დეპუტატსაც და მის ამომრჩეველსაც – ერთნაირaდ ევალება.

ლანჩხუთი ან ყვარელი რომ განთავისუფლდეს, ჯერ უნდა საქართველო განთავისუფლდეს! თელავი ან ოზურგეთი რომ აშენდეს, ჯერ უნდა საქართველო აშენდეს! ამიტომ პირველი თავისუფალი პარლამენტის ამოცანა გლობალური ეროვნული პრობლემების გადაწყვეტაა, და არა მოდიდებული ღელის მიერ მიტაცებული ხიდის რესტავრაცია ( ვიმეორებ: ეს არ ნიშნავს, რომ დეპუტატმა მის ამომრჩეველზე და კუთხეზე არ იფიქროს და იზრუნოს)

ჩემი ნდობით აღჭურვილ პირად ვთვლი უკლებლივ ყველა ამომრჩევლს, მიუხედავად იმისა, მომცემს თუ არა რომელიმე მათგანი ხმას, და გულწრფელად მადლობას მოვახსენებ სუფსის საავადმყოფოს კოლექტივს და “ღვთის შვილთა ასოციაციას!” – სწორედ მათ წამოაყენეს ჩემი კანდიდატურა.

„დეპუტატი ხალხის მსახურია!“ – მახსოვს ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი ყალბი ფრაზა!
თუ ამირჩიეს, მე ვიქნები ჩემი კუთხის და ხალხის მსახური, საქართველოს მსახური.
თუ არ ამირჩიეს, მე ვიქნები ის, ვინც ვარ – ჩემი კუთხის და ხალხის მსახური, საქართველოს მსახური ! – საქართველოსი, რომელიც თავისუფლების კანდიდატია.”

ნოდარ წულეისკირი

ნოდო“ჩემი პროგრამა არ განსხვავდება სახალხო ფრონტის წინასაარჩევნო დეკლარაციისგან, რომლის დედააზრია ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის პარლამენტური გზით. ყოველი კანონი, რომელსაც ამიერიდან მიიღებს ახალი უზენაესი საბჭო უნდა იყოს ნაბიჯი ამ მიზნისკენ. ამიტომ მომავალ უზენაეს საბჭოში უმრავლესობა უნდა მოიპოვოს სამშობლოსთვის ჭეშმარიტად თავდადებულმა, ზნეობრივად სრულყოფილმა, სათანადო ცოდნისა და გამოცდილების ადამიანებმა.

მედროვეებისგან, კონფორმისტებისგან, ფუნქციონრებისგან პირდაპირ ვთქვათ – მექრთამეებისა და ქურდებისგან უნდა გაიწმინდოს უზენაესი საბჭო.

nodariდეპუტატი უნდა იყოს საქართველოს თავისუფლებისთვის უდრეკი მებრძოლი, მაგრამ ამომრჩეველიც ასეთი უნდა იყოს. ეს დროის მოთხოვნაა.

ქართველი ხალხი დგას დიდი გამოცდილების წინაშე, თუ აირჩევენ ჭეშმარიტ სახალხო დეპუტატს, ჭეშმარიტ მამულიშვილსა და მოქალაქეს, ჭეშმარიტი უზენაესი საბჭო ეყოლება. თუ აირჩევენ ფუნქციონერს და მექრთამეს, სკამებს ჩაბღაუჭებულ მედროვს, კვლავ ის ცრუ უმაღლესი საბჭო ეყოლება, რომელმაც 70 წელია გააჩანაგა ქვეყანა და დაღუპვის პირას მიიყვანა.”

თამაზ ჭილაძე

“ჩემი სიცოცხლის მიზნად და გამართლებად მიმაჩნია ქართველი ერის სამსახური. ვემსხაურები რა ქართულ მწერლობას, ქართულ კულტურას, ჩემი ღრმა რწმენით, ვემსახურები ქართველ ერს.

tazუდიდეს როლს ვანიჭებ პიროვნების როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მხოლოდ პიროვნებას შეუძლია ჰქონდეს საკუთარი აზრი, ჰქონდეს საკუთარი პოზიცია, ხალხი, ბრბოსგან განსხვავებით სხვა არაფერია თუ არა პიროვნებათა ერთობა. მხოლოდ ხალხია თავისუფლების ღირსი – ბრბო არ შეიძლება თავისუფალი იყოს. ამიტომ უკლებლივ ყველა, თითოეული ჩვენგანი სულიერად უნდა განიწმინდოს თავისუფლებასთან შესახვედრად. სულით მონების თავისუფლება დანაშაულია კაცობრიობის წინაშე. სულიერად განწმენდაში ვგულისხმობ. თუნდაც „ყაზარმული სოციალიზმის“ რეციდივების აღმოფხვრას ჩვენი შეგნებიდან. ანდა ისეთი დანაშაულის გამოსწორებას, როგორიც იყო გლეხებისთვის მიწის წართმევა, რომელსაც ჩვენთვის გაცილებით დიდი უბედურება მოჰყვა, ვიდრე, თავისთავად სოციალური უსამართლობაა. მიწა უნდა ეკუთვნოდეს თავის ნამდვილ პატრობს – გლეხს, ისევე, როგორც საქართველოს ისტორიული ტერიტორია უნდა ეკუთვნოდეს მის ნამდვილ პატრონს – ქართველ ერს.

სამშობლოს ღალატის მერე, ყველზე დიდ დანაშაულად მიმაჩნია სხვა ხალხთა სიძულვილი, დამცირება და ხალხებს შორის მტრობის ჩამოგდება. საქართველო უნდა გახდეს სრულუფლებიანი, ღირსეული წევრი თანამედროვე კულტურული სამყაროსი.

მიმაჩნია პარლამენტის საშუალებით დღეს ბევრი ჩვენთვის სასიცოცხლო საკითხის გადაჭრა შეიძლება. ამისთვის კი, უპირველესად, საჭიროა ჩვენი უზენაესი საბჭო ნამდვილ პარლამენტს დაემსგავსოს – იყოს მრავალპარტიული, პოლიტიკურად განათლებული, კულტურული და პრინციპული.

ვაღიარებ რა მრავალპარტიულეობას ეს ჩემთვის, ბუნებრივად იმის აღიარებასაც ნიშნავს, რომ ვუარყოფ რომელიმე, ნებისიერი პარტიის დიქტატს. ჩვენი მთავარი ამოცანა ჭეშმარიტი დემოკრატიის დამკვირდება უნდა იყოს.”